სახელმწიფოს პრიორიტეტი – ადამიანური კაპიტალის ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური გაძლიერება
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ციფრული გადატვირთვა, პანდემია, ბრძოლა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის – დღევანდელი მსოფლიოს დამახასიათებელი ეს ნიშნები არსებითად ცვლის სახელმწიფოების, ხალხების ცხოვრებას, არსებობის წესებსა და სოციალურ -ეკონომიკურ ფაქტორებს. სტაბილური ის ქვეყნებია, სადაც ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნებს პასუხობს. ამ ფონზე რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და რა გზას უნდა დავადგეთ, რომ მხარი ავუბათ თანამედროვეობას, ცივილურ სამყაროს და დავწინაურდეთ? ამ საკითხზე დღეს ანალიტიკოსი, ეკონიმისტი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრანტი ელგუჯა ხაბაძე.გვესაუბრება.
– ჩვენი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ ვითარებაზე რისი თქმა შეიძლება?
– ჩემი აზრით, წარმატებულია სახელმწიფო, სადაც ადამიანებს თავისუფლების უმაღლესი ხარისხი და ამ თავისუფალების განხორციელებისა და მიღწევებისთვის შესაბამისი შესაძლებლობები და პლატფორმა აქვთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ერთია – გვქონდეს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროდუქტებზე წვდომა და მეორე – თუ რამდენად გვაძლევს ფინანსურად, მორალურად და პოლიტიკურად სახელმწიფო ამ შესაძლებლობას, სწორედ ამ ორი თვისობრივი ფუნდამენტური ფაქტორის საფუძველზეა შესაძლებელი წარმატებული სახელმწიფოს ფორმირება.
–პრემიერ–მინისტრმა, ამასწინათ, განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების (ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით) მიმართ უსაფუძვლოა და ქვეყნაში სამუშაო ადგილები იქნებაო, რას ფიქრობთ?
– საერთოდ, ნებისმიერი ტიპის მოცემულობის გადამოწმებისთვის, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე ეხება ეკონომიკას, ერთადერთი უალტერნატივო და ყველაზე აუთენტიკური საშუალებაა, ჩავხედოთ სტატისტიკას, რას გვეუბნება ციფრები: მოცემულობა იქნება ძალიან ნათელი. სამწუხაროდ, ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, როგორი იყო საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდე, უშუალოდ პანდემიის პირობებში და რა პროგნოზი კეთდება პოსტპანდემიური პერიოდისთვის? გასაგებია, რომ ზოგადად, არსებული კრიზისის შედეგად მთელი მსოფლიოს ეკონომიკურმა კონდიციამ დაიკლო, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც არ იყვნენ კრიზისისთვის მზად. ძლიერი ეკონომიკა, გარდა იმისა ამისა, რომ სწრაფ პროგრესს განიცდის, ასევე არის სტაბილური და მდგრადი, შესაბამისად, ნებისმიერ კრიზისს (მაქსიმალური შესაძლებელობიდან გამომდინარე) მცირედი დანაკარგით უმკლავდება, ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, დაშენებული იყო ვიწრო სფეროებზე. სხვათა შორის, წინასაარჩევნო განცხადებებშიც ცალსახად შეინიშნებოდა, თუ როგორ ცდილობენ, ძირითადად, პოლიტიკური სუბიექტები, ეკონომიკური პროცესის გლობალურად ლოკალიზებას და ცალკეულ დარგებამდე დაყვანას.
– რას გულისხმობთ?
– თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ტურიზმი არის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული, ამ სფეროთი ცდილობენ ეკონომიკური სასწაულების მოხდენას, სტიმულირებას. ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როდესაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია (ეკონომიკურ ნაწილში) ტურიზმზე დაგყავს, ეს, სულ მცირე, არაადეკვატურობის მაჩვენებელია. როგორც აღვნიშნე, ეკონომიკური პროცესები გლობალური მოვლენაა და მასთან დაკავშირებით, ცხადია, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ დარგებზე, მათ შორის ტურიზმზეც, მაგრამ ამავდროულად, ეკონომიკის მთავარი მაჩვენებელია ძლიერი საგანმანათლებლო გარემოც, რადგან განათლებული ხალხი უფრო მრავალფეროვან და განვითარებულ გარემოს ქმნის. . . ასევე მნიშვნელოვანია სამართლებრივი და დემოკრატიულ გარემო, რადგანარცერთ ქვეყანაში არცერთ ნორმალურ ინვესტორს არ სურს ავტორიტარულ გარემოში ინვესტიციების განხორციელება, ეს ყველაფერი კომპლექსურად წარმოადგენს ეკონომიკას და შესაბამისად, ამაზე უნდა გაკეთდეს ორიენტირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იქნება ბუტაფორიული.
– ექსპერტები ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე ნაბიჯს სთავაზობენ: მთავრობის შემცირება, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, ინვესტორებისთვის იდეალური გარემოს შექმნა, თქვენი აზრი ამის თაობაზე?
-ცხადია, სამივე ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკისთვის, მაგრამ ამ ფაქტორებს სჭირდება დეტალური განხილვა. აი, პირობითად – მცირე მთავრობა არის ნამდვილად ეფექტური იარაღი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონცეფცია. ცხადია, მცირე მთავრობა ნიშნავს – ბიუროკრატიის შემცირებას, ანუ ნაკლებ ხარჯს, ასევე, მნიშვნელოვანია, რას უნდა მოაკლდეს ეს ბიუროკრატიული ხარჯები. თუ ისინი შემცირდება ისეთი პროექტების ხარჯზე, რომლებსაც ექსენციური მნიშვნელობის დატვირთვა არ გააჩნია, მაშინ ცხადია, ამ პათოსს ვიზიარებ და დავუჭერ მხარს მცირე მთავრობის კონცეფციას, მაგრამ თუ მცირე მთავრობის ფორმირება ისეთი კონცეფციით მოხდება, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება, ვთქვათ, სოციალური პროექტების, საგანმანათლებლო პროდუქტების და უსაფრთხოების ხარჯზე, მაშინ ასეთი მცირე მთავრობის მოდელს ვერ დავუჭერ მხარს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო წარმატებული არის მაშინ, თუ მასში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს პოზიტიური ცვლილებები მოაქვს ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის და არა ცალკეული სეგმენტისთვის. ამ შემთხვევაში ფინანსური სარგებლის ეფექტური ადმინისტრირება არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ობიექტური და ჯანსაღი სასამართლო გარემო უალტერნატივოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროცესისთვის და ზოგადად, სახელმწიფოსთვის, რადგან თუ ეკონომიკური აქტივობის მქონე სუბიექტისთვის არ იქნება განსაზღვრული ლეგიტიმაციის ჩარჩო, და ეს ლეგიტიმაციის ჩარჩო არ იქნება შესაბამისი ინსტიტუტებით დაცული, მაშინ სტაბილურობის სქემა არსებითად შეირყევა და არცერთ ინვესტორს არ გაუჩნდება ასეთ სახელმწიფოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი. ცხადია, მესამე ფაქტორი არის ჰაერივით მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ელემენტი სწორედ უცხოური ინვესტიციებია. ამ მხრივ, ინვესტიციები რომ განხორციელდეს და გაიზარდოს, საჭიროა ქვეყანაში დახვდეს დემოკრატიული სივრცე, ჯანსაღი და ობიექტური სასამართლო გარემო, ასევე ადეკვატური საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა როცა ვსაუბრობთ ინვესტორებისთვის იდეალური გარემოს შექმნაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს ქვეყანაში დასაქმებული სეგმენტი, ხელისუფლებამ მათთვისაც უნდა შექმნას იდეალური გარემო, ანუ მათ ძლიერი საგანმანათლებლო პროქტები მიაწოდოს, რათა უფრო ეფექტურად წარუძღვნენ კონკრეტულ შრომით პროცესს. ნებისმიერი ეკონომიკური მოდელის განხილვისას, მთავარია სწორედ დასაქმებულთა სეგმენტი და შესაბამისად, მათი სიჯანსაღე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლია.
– რაკიღა ინვესტორები ვახსენეთ, მინდა გკითხოთ, რამდენად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას ნამახვანის პროექტის დაბლოკვა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?
– ეს საკითხი გლობალურ თემად მიმაჩნია და მსგავსი მნიშვნელობის საკითხებს არასოდეს განვიხილავ ერთი ჰესის მაგალითზე. უბრალოდ, უნდა აღვნიშნო, რომ მე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომხრე ვარ – უცხოელი და ადგილობრივი ინვესტერობისთვისაც უნდაშეიქმნას ადეკვატური, კომფორტული, სამართლებრივი და უსაფრთხო გარემო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, ინტერესი. . . ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეძლოს ინტერესთა კონსოლიდაცია და მსგავსი „ფატალური“ შემთხვევების პრევენცია – გადადგას ადეკვატური ნაბიჯები. მით უმეტეს, რომ ვიცით, როგორი სენსიტიურია ჰესების საკითხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილისთვის.
–ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ანტიჰესური დისკურსის უკან რუსული ინტერესები იკვეთებოდეს, რამდენად საფუძველიანია მათი ეჭვი?
-ზოგადად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მიყვარს კონსპირაციული თეორიების მიმდევრობა. შესაძლოა, ნამახვანის თაობაზე გამოსულ დემონსტრანტთა ნაწილს ჰქონდეს პრორუსული ინტერესები, მაგრამ პირადად მე იქ მყოფი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შევიტან. . .
–ვიდრე ჩვენთან ანტიჰესური ისტერიაა, რუსეთი და სომხეთი გააფორმებენ ხელისუფლებას სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო კარგავს მიზიდულობას რეგიონში?
-მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონი სპეციფიკურია. ერთადერთი, რის გამოც შესაძლებელია, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაკარგოს მიმზიდველობა, დემოკრატიის გზიდან გადახვევაა, რადგან ჩვენი მთავარი ღირებულება დასავლეთისთვის ამ რეგიონში სწორედ ისაა, რომ სხვებთან შედარებით ჯერ კიდევ მყარად ვდგავართ დემოკრატიის რელსებზე, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვის ნიშნების გაჩენა, ლაფსუსების პოვნა. რაც შეეხება რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ამ ჩრდილოელ მეზობელთან ნებისმიერი ტიპის აპელირების აქტს არ აღვიქვამ მიმზიდველობის ხარისხის ზრდად, რადგან რუსეთი არის რეგრესული პოლიტიკის მატარებელი სახელმწიფო.
– საშინაო პოლიტიკას დავუბრუნდეთ, როგორც ცნობილია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს სარეზერვო ფონდი, რომლითაც აუცილებლობის დროს ფინანსდება ეკონომიკა, ჩვენს ქვეყანაში თუ არსებობს ამგვარი მიდგომა?
– ნამდვილად, მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში სარეზერვო ფონდს მძლავრი ფუნქციური დატვირთვა აქვს, მაგრამ საქართველოში სარეზერვო ფონდი, როგორც ბერკეტი, ნაკლებად ეფექტურია.
–დღეს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური რეალობაა – სამუშაო ადგილების უმრავლესობას ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს, რა გველოდება?
– ტექნოლოგიური განვითარების უდიდესი მხარდამჭერი ვარ, რადგან ტექნოლოგიური განვითარება, უდავოდ, პოზიტიური მოვლენაა მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ეკონომიკური პროცესებისათვის, მათ შორის დამსაქმებელ-დასაქმებულისთვისაც, რადგან ამ შემთხვევაში, შრომით პროცესში ჩართული ადამიანები ირგებენ უფრო ადმინისტრატორის, მენეჯმენტის ფუნქციებს, ვიდრე დაბალი საფეხურის საქმიანობას. ტექნოლოგიურ ეპოქაში იზრდება ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომაც იზრდება ინტელექტუალური განვითარების საჭიროება. ნაკლები აქცენტი კეთდება ფიზიკურ სიძლიერეზე, რაც, უდავოდ, პოზიტიური მოვლენაა, რადგან ფიზიკურ ძალაზე გაცილებით ღირებულია ინტელექტუალური მრავალფეროვნება, სწორედ ძლიერ ინტელექტუალურ ბაზას მოაქვს რეალური პროგრესი, ამას განვლილი ეპოქა მოწმობს.
– დასაქმება მომავალში, ცხადია, ციფრული ტექნოლოგიების გათვალისწინებით მოხდება…
– და ამ შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება ეკონომიკური პროგრესის კომპლექსურობის ხარისხის გაზრდა, რაც ინტერვიუს დასაწყისში ავღნიშნე, ასე რომ, ეკონომიკა არ არის ერთი იზოლირებული დარგი, იგი არსებითად, ჩვენი ცხოვრებაა. ეკონომიკურ კონდიციაზე განსაკუთრებულად მოქმედებს განათლების დონე კონკრეტულ სივრცეში, შესაბამისად, პრიორიტეტი იქნება სწორედ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, რადგან ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ტრანსნაციონალურ კომპანიებს სწორედ კვალიფიციური სუბიექტები სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საგანმანათლებლო გარემოს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს მოქალაქეების ინტელექტუალური სრულყოფისთვის, რათა გლობალურ ბაზარზე იყვნენ ძალიან კონკურენტუნარიანები ტექნოლოგიების თვალსაზრისით.
– კოვიდეკონომიკა _ დამკვიდრდა ასეთი ტერმინი, რა ახასიათებს ამ პერიოდის ეკონომიკას?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდეკონომიკა იყო ნეგატიური მოვლენა, რამაც არსებითად შეცვალა სივრცე, დამოკიდებულება, პოზიტივის ხარისხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი მიმართულებით დაასტიმულირა ეკონომიკური პროცესები. აღინიშნება ტექნოლოგიური ხარისხის გაზრდა, გარკვეულწილად, ტექნოლოგიურ პროცესებთან ადაპტაცია და მისი აფიშირება. ასეთი მიდგომა სამომავლოდ გამოიღებს შედეგს, კერძოდ, გლობალურ ბაზარზე ჩვენი საგანმანათლებლო პროდუქტები, ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკური პროცესები იქნება საკმაოდ ღირებული. რაც უფრო მარტივად შევძლებთ გლობალურ ეკონომიკურ კონდიციაში გარკვევას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, მით უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი ეკონომიკა.
– რა ელის ქაღალდის ფულს?
– ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ეკონომიკურ სამყაროში პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ იმის ტენდენცია კი შეინიშნება, რომ ჩვენს ყოფაში ტექნოლოგიების როლის გაზრდასთან ერთად ციფრული ფულის აუცილებლობა უფრო და უფრო აქტიურად განიხილება , აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არც ისე შორეულ მომავალში ქაღალდის ფული ელექტრონულით არსებითად ჩანაცვლდეს.
– და ბოლოს, ეკონომიკური აღორძინების გზას რაში ხედავთ?
– ეკონომიკურ პროცესს, არსებითად, ორი გარემოება განსაზღვრავს – ადამიანური კაპიტალი და პლატფორმა, ანუ ინფრასტრუქტურა, რადგან არასახარბიელო მდგომარეობას სწრაფად დავაღწიოთ თავი, სწორედ ამ ადამიანური კაპიტალის ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური გაძლიერება უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი, მნიშვნელოვანია, გლობალური ტენდენციის ეკონომიკისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის და გარემოს მოწესრიგება, აღნიშნული ორი ფაქტორის გაძლიერებისა და გამოყენების შემთხვევაში, კრიზისის დაძლევა გახდება შესაძლებელი. ასევე, აუცილებელია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად შეუფერხებლად და სწრაფად უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი, რადგან ეს ერთიათად მოახდენს ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო სივრცე ინვესტორისთვისაც და დასაქმებულისთვისაც, რადგან ნებისმიერი ნორმალური ეკონომიკის ხერხემალი სწორედ დასაქმებულებია.