სკოლას კურსდამთავრებულის სახელი მიენიჭა
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14-
შუბნის საჯარო სკოლა 1956 წლიდან საშუალო სკოლის სტატუსით მუშაობს. მის კედლებში თაობები აღიზარდნენ. აქ აღზრდილი სხვადასხვა პროფესიის სახელოვანი წარმომადგენლები მთელ ქვეყანაში მიმოფანტულან. მათ შორის იყო ცნობილი ქართველოლოგი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა, 60 წლის, ასაკში გარდაიცვალა და მისი ნეშტი მახათას მთას მიაბარეს. მიმდინარე წლის იანვრიდანვე დაიწყო მუშაობა ამ აღიარებული მეცნიერის ღვაწლის დასაფასებლად. შუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, სახელოვანმა მეცნიერებმა, დარგობრივი აკადემიების აკადემიკოსებმა ალიკო ბაკურიძემ, ზაურ ფუტკარაძემ, პროფესორმა თამაზ ფუტკარაძემ და სხვებმა ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს, კომპეტენტურ ორგანოებს თხოვნით მიმართეს, რომ ტარიელ ფუტკარაძის სახელი მის მშობლიურ სკოლას მინიჭებოდა.
წამოწყებას მხარი აუბეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და შუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებმა. ინიციატორების ძალისხმევა არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელობას დაუტოვებია რეაგირების გარეშე. სექტემბრის ბოლო დღეებში, კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, შუბნის საჯარო სკოლას ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა.
შუახევის მუნიციპალიტეტში ტომაშეთის, მახალაკიძეების, ნიგაზეულის, ფურტიოს, ბარათაულისა და ბუთურაულის საჯარო სკოლები ავთანდილ ფუტკარაძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლევან ბერიძის, ფრიდონ მახარაძის, ამირან მამალაძის, იაგო მიქელაძის სახელობისაა. ამიერიდან, შუბნის საჯარო სკოლა მეშვიდე სასწავლო დაწესებულება იქნება, რომელიც თავისი კურსდამთავრებულისა და ღირსეული პიროვნების სახელს ატარებს.
შუბნის საჯარო სკოლაზე ტარიელ ფუტკარაძის სახელის მინიჭება საზეიმოდ აღინიშნა. საზოგადოების წარმომადგენლებს, შუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, შუახეველთა მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში: ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, შუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჯუმუშაძე.
– ეს დღე ღირსსახსოვარ თარიღად დარჩება სოფლისა და სკოლის ისტორიაში. ტარიელ ფუტკარაძე ქვეყნისა და კუთხის პატრიოტი, ღირსეული მეცნიერი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, 23 ახალგაზრდა მეცნიერის დამკვალიანებელი, ქვეყნის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, არაერთი ჟურნალ-გაზეთის დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიების წევრი იყო. მისი ღვაწლი მომავალშიც დაფასდება, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
ტარიელ ფუტკარაძეს საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა ქუთაისის აკაკი წერეთლისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტებთან, რომელთა პროფესორ – მასწავლებლების, რექტორების, პოლიტიკოსების, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერების ინიციატივით, დაარსდა ტარიელ ფუტკარაძის საზოგადოება, გორის უნივერსიტეტში კი მისი სახელობის კაბინეტი გაიხსნა და სტიპენდიებიც დაწესდა.
-აჭარის მთავრობის შუამდგომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდი ქართველი მეცნიერის, სახელმწიფო მოღვაწის, ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მქონე დიდებული ადამიანის, ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა მის მშობლიურ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის სკოლას. დღეს საპატიო მისიით ვიმყოფებით ამ სოფელში. პირველ რიგში, ეს ფაქტი მინდა მივულოცო ოჯახის წევრებს, ასევე, მის თანასოფლელებსა და თითოეულ ქართველს, – განაცხადა საზეიმო შეხვედრის შემდეგ მაია ხაჯიშვილმა.