2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
საარჩევნო ვნებათაღელვა არ ცხრება, ქვეყნის ოც მუნიციპალიტეტში მეორე ტურები გაიმართება, რაც საქართველოს არჩევნებში აქამდე არ მომხდარა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვებაზე საუბრობენ – მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ დათქმული 43 პროცენტი გადალახა, და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ოპოზიცია კი იმით ამაყობს, რომ ქვეყნის უმთავრეს ქალაქებში მეორე ტური გაიმართება, სადაც მისი კანდიდატები გაუწევენ მეტოქეობას მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და ამავდროულად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც, მათი თქმით, სწორედ მმართველი გუნდის ფიასკოს მაჩვენებელია, და მაინც, რა დასკვნების საფუძველს იძლევა არჩევნები, სააკაშვილის დაპატიმრება მოახდენს თუ არა არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე, ამ წლებში რას უნდა ველოდოთ მმართველი პარტიისგან? ამ საკითხებზე დღეს საჯარო მმართველობის დოქტორს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ გიგა ფარტენაძეს ვესაუბრებით.
–ბატონო გიგა, როგორ შეაფასებდით ადგილობრივ არჩევნებს ?
– პირველ რიგში, რიგში სრულიად საქართველოს ვულოცავ მუნიციპალური არჩევნების მშვიდობიანად დასრულებას. ფაქტია, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარე კმაყოფილია შედეგებით, რადგან არცერთი მათგანი არ ითხოვს შედეგების გაბათილებას, პირიქით, ემზადებიან მეორე ტურისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. და მაინც, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამომრჩეველზე გარკვეული სახის მანიპულაციები ხდებოდა, რაც საბოლოო შედეგებზეც პროპორციულად აისახა.
– რა ცხადყო ამ არჩევნებმა?
– არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ქართველი ამომრჩეველი მზად არის კოალიციური მმართველობისთვის, რომელიც სწორედ მუნიციპალური დონიდან დაიწყება.
– რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით სააკაშვილის თემას, რა როლი ითამაშა მან მისი მომხრეების და მოწინააღმდეგეების არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით?
– მოდით, დავარქვათ ამას ე.წ სააკაშვილის ეფექტი, რაც გამოიხატება შემდგომში – ფაქტია, რომ ექსპრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების მიზეზი, ამავე დროს, მისმა ჩამოსვლამ დარაზმა პერსონალურად მის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი ციხეში ნაღმია ამ ხელისუფლებისთვის, ამაზე რას ფიქრობთ?
– ვიყოთ თანმიმდევრულები – სააკაშვილს გასული არჩევნების შედეგებზე რადიკალურად განსხვავებული რეაქცია და შემდგომი მოქმედების ტაქტიკა და გეგმა ჰქონდა. მაგალითად, თუ 2020 წელს არჩევნების შედეგებს ენმ-მ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უნდობლობა გამოუცხადა, მეორე ტურებს კი ბოიკოტი, დღეს ისინი კმაყოფილნი არიან შედეგებით, უფრო მეტიც, სრული მობილიზებაა გამოცხადებული მეორე ტურებისთვის, რომელიც 30 ოქტომბერსაა დანიშნული. გარდა ამისა, განსხვავებული დღის წესრიგის არსებობაზე მიუთითებს საპატიმროში გამოცხადებული შიმშილობაც და მოწოდებაც მხარდამჭერებისადმი, რომ თავი მაქსიმალურად შეიკავონ რადიკალური პროტესტისგან. აქამდე ვხედავდით პროტესტის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ქუჩის უწყვეტი აქციები, კარვები სხვადასხვა ქალაქებში, პიკეტირებები, პერფორმანსები და ა.შ რაც იძლეოდა პროგნოზირების საშუალებას, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა გვაჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურ მოძრაობამ“ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა და ის ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას „სააკაშვილის ეფექტის “ გამოყენებით.
– ხელისუფლება თვლის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ იყო გაყალბება, მოსყიდვა, თქვენი აზრი ამის შესახებ?
– პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები საარჩევნო პროცესთან და არჩევნების დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იქნება სუბიექტური, ჩვენ, საზოგადოებამ კი სწორი დასკვნების გამოსატანად, ისეთი ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებითა და ანგარიშებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, ესენია – „საია“, „ისფედ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ხოლო საერთაშორისო არენაზე – ეუთო/ოდირი. ეუთო/ოდირის პირველადი შეფასების მიხედვით არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად გამოყენების ფაქტებზე. მოცემულ შეფასებას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება, რასაც ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში შემოგვთავაზებს.
– ეს არჩევნები იმითაც იყო საინტერესო, რომ ოც მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება, შეძლებს ოპოზიცია რამდენიმე ქალაქში გამარჯვებას და რამდენად ერთიანი იქნება იგი?
– ამ მუნიციპალიტეტების ნაწილში სახელისუფლებო კანდიდატები გამოკვეთილად ლიდერობენ, რასაც მეორე ტურში გამარჯვებით გაიფორმებენ, თუმცა ისეთ სტრატეგიულ ქალაქებში, როგორებიცაა, მაგალითად, ზუგდიდი და ქუთაისი, მნიშვნელოვანი უპირატესობით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები სარგებლობენ, რაც შეეხება ბათუმს, რუსთავს და თელავს, აქ საინტერესო ორთაბრძოლა გველის, რადგან პირველ ტურში კანდიდატებს, ფაქტობრივად, თანაბრად გადაუნაწილდათ ხმები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მართალია, პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატები ვერ გადავიდნენ მეორე ტურში, მაგრამ მათი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება მოასპარეზეებისთვის.
– ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად,ზუგდიდსა და ბათუმში ახალი საკრებულოების დეპუტატთა უმრავლესობა ოპოზიციურია, ეს სურათი რამდენად დააზარალებს ხელისუფლების მდგომარეობას სამომავლოდ?
– განვმეორდები – საზოგადოების დაკვეთაა, რომ მუნიციპალური საფეხურიდან დაიწყოს კოალიციური მმართველობა, რაც რომელიმე პარტიას მოსწონს თუ არ მოსწონს, უკვე მეორეხარისხოვანია. კოალიციური საკრებულოები უფრო მეტად გაზრდის ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას და პასუხისმგებლობას, რომელიც მორგებული იქნება საზოგადოების ინტერესებსა და მისი წევრების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
– მოსახლეობამ არჩევანი კვლავ ორ ძალას შორის გააკეთა, სხვა ოპოზიციური პარტიების ფიასკო რამ განაპირობა, თუნდაც ,,სტრატეგია აღმაშენებელის“, “ლელო საქართველოსთვის “?
– ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, პირველ რიგში, განპირობებულია მათ მიმართ ნდობით, შემდეგ – მათი თანმიმდევრული, სწორი და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმით. პირველის არარსებობის გარეშე პარტიებს გაუჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, რაც საბოლოო შედეგებზე აისახება.
– არსებობს თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შანსი, რათა კონკურ,ენცია გაუწიოს ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ გუნდებს?
– მუნიციპალურმა არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს მასშტაბით, რიგით მესამე პოლიტიკური ძალა არის პარტია „საქართველოსთვის“, თუმცა ნაადრევია იმაზე საუბარი, გახდება თუ არა ეს პარტია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.
– არაერთი ექსპერტი აცხადებს, რომ არჩევნებში მოსახლეობის არცთუ ისე დიდი აქტივობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ ოპოზიციამ რომ მოსახლეობის აქტიურობა გაიზარდოს?
– სამწუხაროდ, აბსენტეიზმი (მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრებისადმი) კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლების და ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს მაქსმალურად ბევრი ამომრჩევლის მიიყვანა საარჩევნო ყუთთან, რაც მათ ლეგიტიმურობას უფრო დამაჯერებელს გახდის, ეს კი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
–საგარეო საკითხსაც შევეხოთ, რადგან დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს გაუჭირდება სუვერენიტეტის შენარჩუნება, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ამოვარდნილია დასავლეთის რადარებიდან და ამ მიმართულებით არც ხელისუფლება აქტიურობს, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რას ფიქრობთ?
– აშშ-ისთვის საქართველო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასაყრდენი რეგიონში, ხელისუფლებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ამ ურთიერთობის პროგრესირებისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ურთიერთობას ევროპასთან, დასავლეთთან თუ ჩრდილოეთთან, უნდა ჰქონდეს მთავარი მიზანი – საქართველოს დასავლური კურსის შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება.
– და ბოლოს, რას ელოდებით ამ სამი წლის განმავლობაში (ვიდრე ახალი არჩევნები გაიმართება) მმართველი პარტიისგან ასევე ოპოზიციისგან საშინაო პოლიტიკაში?
– მოლოდინებზე საუბარი უპრიანი იქნება მეორე ტურების დასრულების შემდეგ, თუმცა ცხადია, რომ ქვეყანა 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.