აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილტაციის პროგრამებში არაერთ სასიკეთო ცვლილებას გეგმავს
მარი მიდასელი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველ წელს ახორციელებს სხვადასხვა სამედიცინო და სოციალურ პროგრამას. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, აქ კვლავ გრძელდება მოსახლეობისთვის საყურადღებო და სასურველი პროგრამები. მათ შორისაა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს, მოცემული პერიოდისათვის, 2036 ბენეფიციარს სხვადსხვა სერვისით მოემსახურნენ.
სწორედ ამ პროგრამაზე – ბავშვთა სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციაზე იყო საუბარი სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილე ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ინდირა ნაკაიძესთან ერთად გამართა სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და 2022 წელს განსახორციელებელი ცვლილებები.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები და სერვისები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ეფექტური და პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებს. პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად ყოველ წელს სიღრმისეულად ვაანალიზებთ, თუ რა ახალი საჭიროებები გამოიკვეთა სერვისების მიწოდების პროცესში, რათა მომდევნო წლის პროგრამის დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს ასახული. ვინაიდან ისინი პირდაპირ კომუნიკაციაში არიან სერვისით მოსარგებლეებთან, ამიტომ პროგრამების შედგენისას მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
აღნიშნული სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა სამედიცინო და სოციალურ პროგრამებში არის არაერთი სასიკეთო ცვლილება, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლით. როგორც უწყებაში გვითხრეს, მომართვიანობის ზრდის გამო 2022 წელს დაგეგმილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების გაზრდა – ნაცვლად 714 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 900 ბენეფიციარი, გამოიყოფა 2 376 00 ლარი.
2022 წელს, ასევე, გაიზრდება „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი. 300 ბენეფიციარის ნაცვლად სერვისით სარგებლობას შეძლებს 500 ბენეფიციარი, რისთვისაც დაიხარჯება 912 000 ლარი. აღნიშნული პროგრამის მიზანია, განვითარების დარღვევის ან რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
გაიზრდება „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” პროგრამის ბიუჯეტიც ,იგი მიაღწევს 176 000 ლარს.
სერვისებისა და ბენეფიციართა რაოდენობა შეიცვლება აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაშიც. პროგრამის მიზანია, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ბენეფიციართა მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების გაფართოების საჭიროება. კერძოდ, გარდა ქცევითი თერაპიისა, ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარებს ესაჭიროებათ სხვა ტიპის მომსახურება. ამიტომ 2022 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, ერთი კურსი, ნაცვლად 15 სეანსისა, განისაზღვრა 20 სეანსით.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის “ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, 2022 წელს „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა, ასევე, პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები და მისი ბიუჯეტი გახდება 169 800 ლარი.
ასევე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, 2022 წელს იგეგმება ცვლილება მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებთან მიმართებაში. კერძოდ, პირველი – ნაცვლად 720 ლარისა დაფინანსდება 760 ლარით, ხოლო მეორე – ნაცვლად 3 850 ლარისა 5053 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პროგრამას ემატება პედიატრიული სავარძელ-ეტლები, რომელთა ღირებულება განსაზღვრება 2650 ლარით. პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილია – 201 730 ლარით.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს „შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებების კვლევას, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას სადღეღამისო ცენტრში. 2022 წელს ამ მიზნით გამოიყოფა 27 000 ლარი.
უცვლელად გაგრძელდება სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. 2022 წელს „სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი გახდება 62 000 ლარი.
ჯამში 2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად გეგმავს 3 251 400 ლარის გამოყოფას.

