პარასკევი, მარტი 24, 2023
სიახლე:
  • ,,რწმენა ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია”
  • მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა
  • ვინ მიიღებს მონაწილეობას 9 აპრილს ,,ენმ” – ის დაანონსებულ აქციაში?
  • სადაც საქმეა, იქ სათქმელიც მეტია
  • ბათუმი წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სტუმარი

ლია ფუტკარაძე: მჯერა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებს „საორსა“ ბევრი სასიკეთო ცვლილების დანერგვას

ოქტომბერი 7, 2021ოქტომბერი 10, 2021

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ ერთ-ერთი წარმატებული და აქტიური ორგანიზაციაა აჭარაში. როგორც ამ ორგანიზაციაზე ადრეც ვწერდით, “საორსა” პროფესიულ კონსულტაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, მათ შორის ქალებს – პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების მიმართულებით, დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა პიროვნულ სრულყოფაზე ზრუნვა და პროფესიულ განვითარებაში თანამონაწილეობა.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ლია ფუტკარაძე ამბობს, „საორსას“ გეგმები მუდამ სასიკეთო ცვლილებების გზაზე გადის. ამიტომაცაა, რომ ორგანიზაცია ყოველთვის ახალ პროექტებსა და პროგრამებს გვთავაზობს.

რა სიახლეები განახორციელა ამ წელს და რომელი პროექტების განხორციელებას გეგმავს ეს ორგანიზაცია მომავალში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ლია ფუტკარაძე გვესაუბრება.

-ქალბატონო ლია, რა სიაახლეებით დაიწყეთ 2021 წელი?

-ბევრს ნიშნავს, თუ ადამიანმა ზუსტად იცის რას, რატომ და როგორ აკეთებს, იგივე შემიძლია ვთქვა ორგანიზაციაზეც. ამგვარი მიდგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ღირებული საქმის კეთება გაცილებით სასიამოვნო პროცესია. 2021 წელი დასაწყისიდან დღემდე სავსეა უამრავი გამოწვევითა და შესაძლებლობით – სიახლეები მუდმივად თან გვდევს. მერწმუნეთ, ამის გარეშე განვითარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. პროექტი „ქალები დემოკრატიული ჩართულობისთვის“ მიმდინარე წელს განვახორციელეთ. მან მოგვცა ახალი შესაძლებლობები. პირველად აჭარის რეგიონში, „ქალთა პროფესიული რეგიონული ჰაბი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. ის არის საერთო შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამოქალაქო ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობით საზოგადოებრივი გაერთიანება. ჰაბი, ფაქტობრივად, ქალთა დემოკრატიული ჩართულობის გამოხატულებაა, როგორც პროექტის მონაწილეებისა, ასევე, იმ ქალებისა, რომლებსაც სურთ პოზიტიური ცვლილების დანერგვა და საკუთარი თუ გარშემომყოფთა შესაძლებლობების განვითარება. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილმა ქალთა საინიციატივო გუნდებმა შეიმუშავეს საბიუჯეტო პროგრამები, რომლებიც წარუდგინეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. სიახლეა ისიც, რომ ჩვენ დავაფუძნეთ (საერთაშორისო გუნდთან ერთად) „საორსა“ევროპაში, კერძოდ – პოლონეთში. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ „საორსა“ უკვე ოფიციალურად შუახევსა და წალენჯიხაშია. ჩვენ გვჯერა, რომ სასიკეთო ცვლილების დანერგვა შეიძლება ყველგან და ყოველთვის, „საორსა“ კი მუდამ მზად არის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ორგანიზაციისთვის ღირებულია აღმასრულებელი საბჭოს წევრების შემომატება. მათი პროფესიული თუ პიროვნული მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება ძალზე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ისინი არიან ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ „საორსას“ განვითარებასა და გაძლიერებაში. საბჭოს წევრები მოღვაწეობენ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე, არიან კომპეტენტურნი თავიანთ პროფესიულ სფეროში და წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორს. მჯერა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სიახლეების კვალდაკვალ ივლის „საორსა“ და შეძლებს ბევრი სასიკეთო ცვლილების დანერგვას.

-ამ ეტაპზე, ძირითადად, რა ტიპის პროექტები და პროგრამები ხორციელდება ორგანიზაციაში ?

-ამ ეტაპზე ორგანიზაცია, ისევ და ისევ, სიახლეების სამყაროშია. „საორსამ“ ჩაატარა კვლევა დემოგრაფიული ვითარების შესასწავლად, რასაც გამოვიყენებთ სამომავლო პროექტების დაგეგმვისთვის. ძალიან საინტერესო შეთავაზება გვქონდა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უშუალოდ, კვლევაში მონაწილეობდნენ. ყოველ მე-7, 27-ე, 47-ე, 67-ე, 87-ე და 107-ე მონაწილეს, ვინც კითხვარს შეავსებდა, ჩვენი ორგანიზაცია კარიერული განვითარების საკითხში უფასო კონსულტაციას გაუწევდა. გამარჯვებულები გამოვავლინეთ და ახლა მონაწილეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია მალე მოქალაქეებს შესთავაზებს ფასიან პროგრამებს და მათ მისცემს პროფესიული სტაჟირების შესაძლებლობას. გარდა ამისა, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენი პროექტების მონაწილეებთან. აქტიურად მიმდინარეობს ადვოკატირების პროცესი. მჯერა, კოლექტიური ძალისხმევითა და ჯანსაღი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგებს.

– უფრო კონკრეტულად გვიამბეთ „ქალთა პროფესიული რეგიონული ჰაბის“ საქმიანობაზე.

-“ქალთა პროფესიული რეგიონული ჰაბის” საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ქალთა პროფესიული რეგიონული ჰაბის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული უფლებების, ინტერესებისა და გარანტიების დაცვა; სისტემატური და თანმიმდევრული ზრუნვა წევრთა ცხოვრების დონის ამაღლების, შრომის სამართლიანი, ღირსეული ანაზღაურების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მისაღწევად, უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შესაქმნელად; დამსაქმებელთან/დამსაქმებლებთან სოციალური პარტნიორობით წევრთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, გარანტიების და შეღავათების გაფართოება; სოლიდარობის განმტკიცება; ადგილობრივ და საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან, ცენტრებთან და საზღვარგარეთის მონათესავე პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობა. ჰაბის თავმჯდომარე და წევრები თავად პროექტის მონაწილეები არიან. ეს არის ქალთა გაერთიანება, რომელსაც მჯერა, ბევრი პოზიტიური ცვლილების დანერგვა შეუძლია.

-საინტერესო იყო ის პროეტქები, რომლებიც მონაწილეებმა პროექტის „ქალები დემოკრატიული ჩართულობის“ ფარგლებში წარმოადგინეს.

-ჩვენი პროექტის ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა შეიმუშავეს მიზნობრივი საბიუჯეტო პროგრამები და შემდგომში მოხდა მათი ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობაში. პროექტის ფარგლებში შემუშავებული საბიუჯეტო პროგრამები ნაწილდება სამ მუნიციპალიტეტზე. ქედის მუნიციპალიტეტი – ტრანსპორტირების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის დონეზე; ქალი მეწარმეების ერთიანი ბაზის შემქნა და მათთვის ბიზნეს სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფა; შუახევის მუნიციპალიტეტი – არსებული საბიუჯეტო პროგრამის „ქალების ეკონომიკური დაძლიერება“ დახვეწა და გაუმჯობესება; რეპროდუქციული უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისათვის; ხულოს მუნიციპალიტეტი – ფსიქოლოგის სერვისის დანერგვა და მიწოდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის; ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და პრევენციული პროგრამების დანერგვა მუნიციპალიტეტის დონეზე.

– როგორია პანდემიის გავლენა თქვენზე და ამ რეალობაში, რამდენად მაღალია ჩართულობა პროგრამებსა და პროექტებში ?

-არის მომენტები, როცა რეალობას უნდა შევეგუოთ, თუმცა შეგვიძლია მისი გათავისება და შესაძლებლობად აღქმა. ჩვენმა ორგანიზაციამ პანდემია, ნაცვლად ბარიერისა, შესაძლებლობად აღიქვა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ამ რეალობაში შეუძლებელი იყო პროექტის განხორციელება, ამიტომ ონლაინ ფორმატში წარვმართეთ. ამით გამოიკვეთა ქალთა მზარდი მოთხოვნა პროექტში მონაწილეობისა, მისი მსვლელობისას კი დავრწმუნდით, რომ მონაწილეების სწრებადობა და ჩართულობა მართლაც მაღალი იყო. ფაქტობრივად, პანდემია მოგვევლინა დამატებით შესაძლებლობად და მოგვეცა შანსი, მეტად გვეზრუნა გარშემომყოფებზე. სისტემური ხედვა, მზაობა დახმარებისთვის, საქმის განსხვავებულად კეთების უნარი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება – ეს ის ელემენტებია, რომლებიც „საორსას“ არსებობის და მიზნების შესრულების გარანტია. პანდემიამ ეს გაგვიორმაგა და შთაგვაგონა, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა საჭიროებს მუდმივ მოქმედებას.

-როგორია „საორსას“ გეგმები და რომელია უახლოესი აქტივობა, რომელსაც „საორსა“ განახორციელებს ?

-„საორსას“ გეგმები მუდამ სასიკეთო ცვლილებების გზაზე გადის. სულ მალე ახალ შესაძლებლობას პროექტის სახით გაგიზიარებთ – მოგვეცემა კიდევ ერთი დიდი საქმის კეთების შესაძლებლობა, ახალი სახეები, ახალი ისტორიებითა და ნოვაციური ხედვებით შეძლებენ საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრების ცვლილებას პოზიტიური მეთოდებით. ვიწყებთ სოციალურ-საგანამანათლებლო პროექტს „მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო, ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში. “საორსასთვის” ძალიან დიდი პატივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო, ამ პროგრამის ფარგლებში, გვეხმარება ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაში. პროექტის განხორციელების არეალი იქნება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. მასში მონაწილეობა შეეძლებათ ხსენებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 22-45 წლის ქალებს, რომლებსაც პროფესეული ან აკადემიური განათლება აქვთ მიღებული. ადამიანების გაძლიერებასა და საზოგადოების განვითარებაზე როცა ვსაუბრობ, ამის უტყუარ წინაპირობად მიმაჩნია აქტიური ჩართულობა საზოგადობრივ ცხოვრებასა და სოციუმის განვითარების პროცესებში. ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის – სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს მივცეთ თავიანთი წვლილის შეტანის შესაძლებლობა თემის განვითარების პროცესებში. პროექტი საკმაოდ მრავალფეროვანი და სასიკეთო იქნება, უფრო მეტ დეტალს ძალიან მალე ჩვენი ორგანიზაციის გვერდზე გაგიზიარებთ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
423
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← “სააკაშვილი კი არ დაიჭირეს, თავად ჩაბარდა“…
  • მეწყერმა სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"