“სააკაშვილი კი არ დაიჭირეს, თავად ჩაბარდა“…
ხატია იაშვილი 27 48 94 –
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მალევე დააპატიმრეს. ცხადია, მესამე პრეზიდენტის ფარულმა ვიზიტმა საგონებელში ჩააგდო როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკუთარ ვერსიებზე საუბრობს და, მათ შორის, ამბობს, რომ შესაძლოა, მიზეზი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ყოფილიყო. იგი გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტი „შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი“.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა, მაქსიმუმ, 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. მას შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – წერს ღარიბაშვილი.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა თავისივე მითის მსხვერპლი და დაიჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილია. როგორც პრემიერი ამბობს, სინამდვილეში, „სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა“.
მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი ბათუმში გადაღებული რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. „ოცნების“ ლიდერები მთელი დღე აცხადებდნენ, რომ ეს ვიდეოები მონტაჟი იყო, დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა სააკაშვილის დაკავების შესახებ: „შეგახსენებთ, დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა ისტორიული გამარჯვების თარიღი, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა, “ – თქვა მან ბრიფინგზე.
სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, რომ ის 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. სააკაშვილის შეფარვის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია, ზურა და შალვა წოწორიები. სამივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.
რას ფიქრობენ ამ ფაქტის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რამდენად მართებულად მიაჩნიათ საკუთარი ლიდერის ქვეყანაში ჩამოსვლა და დაპატიმრება, აქვთ თუ არა მისი გათავისუფლების იმედი და რას აპირებენ არჩევნების მეორე ტურში, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, რომელმაც არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო და დარწმუნებულია საბოლოო გამარჯვებაში.
– ელოდით თუ არა იმ მაღალ შედეგს, რომელიც პირველ ტურში მოიპოვეთ?
-რა თქმა უნდა, ველოდით და ამის საფუძველს ქალაქელთა განწყობა გვაძლევდა, რომლებიც ერთხმად გვიმტკიცებდნენ, რომ აუცილებლად მოგვცემდნენ ხმას და მხარში დაგვიდგებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მსგავს ტექსტებს თავადაც ისმენდით, რადგან არავინ მალავდა, რომ „ოცნების“ მმართველობამ ბათუმი გადააქცია კორუფციაში ჩაძირულ ქალაქად, სადაც ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, თუკი თანხას გადაიხდი. ვგულისხმობ იმ უკანონო მშენებლობებს, რომლებმაც სრულიად დაამახინჯა ჩვენი ქალაქის იერ-სახე. ხალხი ცვლილებების მოლოდინში იყო და ვიცოდით, რომ „ოცნება“ 40%-საც ვერ აიღებდა საჯარო რესურსების გამოყენების გარეშე. პრინციპში, ასეც მოხდა, არჩევნებზე ყველა მოვიდა და მოგვცა ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას, რათა შეეცვალათ ყოფილი ხელისუფლება. ეს ჯერ ადგილობრივ დონეზე მოხდება, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით.
–ბათუმელთა დიდი ნაწილის მხარდაჭერას წლების განმავლობაში საკრებულოში წარმატებული მუშაობით ხსნით თუ. . .
-პირადად ჩემთვის არ დაუჭერია მხარი ბათუმს, შესაძლოა, ჩემი პიროვნული წვლილიც არის, მაგრამ ქალაქს ცვლილებები სურდა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მისი საერთო კანდიდატურებით და კოალიციური მთავრობის შეთავაზებით მიიღო ქალაქელთა სიმპათია და თანადგომა. დასრულდა ერთმმართველობის დრო, დემოკრატიული მმართველობაა ახლა აუცილებელი, რათა ევროპული ქალაქის ღირებულებებს ვეზიაროთ და ევროპაში ინტეგრაციისთვის მზად ვიყოთ. ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ ამას.
-თქვენი ლიდერის ჩამოსვლამაც ხომ არ ითამაშა ამ წარმატებაში გადამწყვეტი როლი? სააკაშვილის გარეშეც მიიღებდით ასეთ შედეგს?
-მიშას ჩამოსვლამ ხელი შეუწყო მოტივაციის გაზრდას და იმ რწმენის დაბრუნებას, რომ სწორედ არჩევნების გზითაა შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება. რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, მან სიტყვა შეასრულა და ამ ურთულეს პერიოდში, რეფერენდუმის დროს, დადგა ქართველი ხალხის გვერდით, საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და თავისუფლების რისკის ფასად.
–ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი აპირებდა ოპოზიციური ლიდერების მკვლელობას, რის ფასადაც მოაწყობდა სისხლიან გადატრიალებას.
-როდის თქვა მსგავსი რამ ღარიბაშვილმა, ნამდვილად არ გამიგია. ეს ისეთი აბსურდია, რომ სალაპარაკოდ და განსახილველადაც არ ღირს. არავითარ შეტაკებას და გადატრიალების მოწყობას მიშა არ აპირებდა. ის შემოვიდა ქვეყანაში, რათა არჩევნების გადამწყვეტ ფაზაში ჩვენ გვერდით ყოფილიყო.
–სიტყვით მიმართვას და თანამოაზრეებთან საუბარს სააკაშვილი უკრაინიდანაც ახერხებდა.
-ერთია, ვიდეომიმართვები და მეორე – ფიზიკურად აქ ყოფნა. თანაც, მიშამ მთელ მსოფლიოს და ქართველ ხალხს დაანახა, რამდენად უსუსურია საქართველოს მთავრობა, სამართალდამცავი სისტემა. კაცი შემოვიდა საქართველოში, რამდენიმე დღე სეირნობდა ბათუმის ბულვარში, მთელი საქართველო მოიარა და არავის გაუგია.
–ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინიდან წამოსულს ედგნენ კვალში და თავიდანვე ჰქონდათ ინფორმაცია, თანაც, თუკი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს უსუსურს უწოდებთ, იგივენაირად შეიძლება დავახასიათოთ უკრაინის უწყებაც, რომლის საზღვრები სააკაშვილმა, ტრაილერის ვაგონში მყოფმა, უკანონოდ გადმოკვეთა.
-სააკაშვილი კი არ დაიჭირეს, თავად ჩაბარდა, მაგარი უსაფრთხოების სამსახურები ჰყავთ. . . როგორ ფიქრობთ, რამდენიმე დღე იმყოფებოდა საქართველოში, იჯდა ტრაილერში, რომელსაც კვალში ედგა ქართველი პოლიცია და არ დაიჭირეს? თავად გჯერათ, რასაც ამბობთ? რომ შემოეთვალა, მხარდამჭერები დამხვდითო, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი ათასი კაცი შეიკრიბებოდა და რა მიტინგები გაიმართებოდა? შემდეგ ვინ შეაკავებდა ამხელა მასას, ისე გაივლიდნენ მთელ საქართველოს, ვერავინ გადაეღობებოდა წინ. მუხტის აგორება რომ შეუძლია მესამე პრეზიდენტს, ყველამ კარგად იცის. ასე რომ, ფაქტია, მიშას არ სურდა არეულობა და ამიტომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ისეირნა მშობლიურ ქვეყანაში და არეულობის, საპროტესტო აქციების და აქციების თავიდან ასაცილებლად გაამჟღავნა თავი, რათა სამართლებრივად მოეგვარებინა ის სამართლებრივი კონფლიქტი, რასაც ძებნილად გამოცხადება ქვია. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თითიდან გამოწოვილ ბრალეულობას ვერავინ დაამტკიცებს და ციხეში ძალიან ცოტა ხანს მოუწევს ჯდომა.
–ცოტა რთული წარმოსადგენია არეულობის მოწინააღმდეგე სააკაშვილი.
– ამაშია საქმე, ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებს. ახლაც, ზის მიშა ციხეში და მშვიდობიან წერილებს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და აუცილებელია ჩვენი მომხრეების სრული კონსოლიდაცია, რათა რეფერენდუმი ღირსეულად ჩავატაროთ და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველს ხალხს აღარ სურს „ქართული ოცნების“ მმართველობა.
–თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, თქვენ თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი კი არ დაიჭირეს და ქვეყანას ქაოსი და არეულობა ააცილეს, არამედ თავად ჩაბარდა?
-კი, სხვაგვარი ახსნა ამას არ მოეძებნება. მას არავისთვის უთქვამს ჩამოსვლის შესახებ, რათა მშვიდ, სტაბილურ გარემოში ჩატარებულიყო არჩევნები და დაძაბულობა არ ყოფილიყო. იგი უფრთხილდება საქართველოს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, სურს, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდეს სათავეში და არა რევოლუციის, თორემ ვერავინ შეაჩერებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რაც ელოდა, როდესაც საზღვარი გადმოკვეთა. ისიც იცოდა, რომ ეს შემოსვლა, საბოლოო ჯამში, მისი დაჭერით დასრულდებოდა. არაფერი გააკეთა საკუთარი პერსონის უვნებელსაყოფად. სხვა რა ახსნა მოეპოვება მთელ ამ პროცესს? სწორედ ამ ყველაფრის ანალიზი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მიშა საკუთარი ნებით ჩაბარდა და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია სამართალმდამცველებისთვის.
–მას ექვსწლიან მუხლს უსადაგებენ, რომელსაც ემატება ორი ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
-მიშას მსჯავრს ამტკიცებენ მხოლოდ ივანიშვილი და პუტინი, სხვამ ყველამ იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არაფერშია დამნაშავე. აქედან გამომდინარე, მიშა უკანონო პატიმარია, ხოლო უკანონო პატიმარი დიდხანს ვერ გაჩერდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
–მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოიგეს საქართველოს მასშტაბით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა არ მოხდება, მით უმეტეს, რომ ისინი გამოვიდნენ მიშელის დოკუმენტით გაწერილი შეთანხმებიდან.
-როგორ მოიგეს, როდესაც ყველა დიდ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა? რაც მოიგეს და რა ციფრებიც დაიდო გადათვლის შემდეგ, ყველამ კარგად დავინახეთ. ვისაც არა აქვს ამ კუთხით ინფორმაცია, შეუძლია შევიდეს ცესკოს საიტზე და თავად დარწმუნდეს. მეტი რაღა უნდა ვთქვა ამ საკითხზე, არ ვიცი. ელემენტარული მათემატიკა ხომ მაინც იციან?
–მეორე ტურში გამარჯვების იმედი გაქვთ?
-აუცილებლად, ახლა კიდევ უფრო მეტი მომხრე მოვა და გააკეთებს არჩევანს. ამ რეფერენდუმში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის „არას“ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, რომელმაც კორუფციის იმ ჭაობში ჩაძირა მთელი ქვეყანა, საიდანაც თავის დროზე მიშამ ამოიყვანა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როდესაც არ ექნება ლეგიტიმაცია, სხვა აღარაფერი დარჩება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა.
–პირველი ტურის მონაცემებით, როგორ გადანაწილდა ხმები?
-19 მანდატი ჩვენია და 16 – „ქართული ოცნების“, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა ოპოზიციისაა. ბათუმი დაკარგა „ოცნებამ“ და ამიერიდან ოცნებაშიც ვეღარ ნახავს.
–ნიკანორ მელია ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბებას აპირებს, თქვენც გექნებათ გეგმები, ვის დანიშნავთ ვიცემერებად?
-თვე-ნახევრის წინ დავაანონსეთ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო იქნებოდა მრავალპარტიული უმრავლესობით დაკომპლექტებული, ხოლო მერია – კოალიციური. წინასწარ ვთქვი, რომ ჩემი მოადგილეები არ იქნებიან „ნაცმოძრაობის“წევრები. ასე რომ, ნამდვილად ვაპირებ ჯერ ამ არჩევნების მოგებას და შემდეგ, კოალიციურ რეჟიმში, საკრებულოს მრავალპარტიულ უმრავლესობასთან ერთად მერიის მართვას.
–თუკი არჩევნები მოიგეთ და ბათუმის მერი გახდით, რას გააკეთებთ ბათუმისა და ბათუმელებისთვის პირველ რიგში?
-უამრავი რამ არის ბათუმში გასაკეთებელი, მაგრამ ყველაზე პრიორიტეტულია, მოვაწესრიგოთ წყლისა და კანალიზაციის სისტემა, რათა ჟუჟუნა წვიმის დროს არ დაიტბოროს ქალაქი. მოსაწესრიგებელია ნაგავსაყრელის თემაც და გადატვირთული ქუჩების განტვირთვაც. იმდენი გადაუჭრელი საკითხი დაგროვდა, რომ მართლაც მოგვიწევს ბევრი მუშაობა ქალაქის მართვის პირველივე თვეებში. ვპირდები ჩემს ბათუმელებს, რომ ოპოზიციის მიერ დაკავებულ კაბინეტებში მსხდომი ადამიანები გულიანად შეეგებებიან ყველა იქ მიმსვლელს, მაქსიმალურს გააკეთებენ მათი კომფორტული ცხოვრებისთვის და არ „მოტეხავენ“ თანხებს საკუთარი კომფორტის შესაქმნელად. ჩვენ ვიმუშავებთ ხალხისთვის და იმის რწმენას დავუბრუნებთ ბათუმელებს, რომ ყოველი ახალი დღე სიურპრიზებით აღსავსე იქნება და ჩვენს საყვარელ ქალაქს დავუბრუნებთ იმ ხიბლს, ხალისს და ჯანსაღ ატმოსფეროს, რომლითაც ამაყობდნენ ბათუმელები.
–თქვენ ამტკიცებთ, რომ ბიუროკრატია არ იქნება და მთელი მუნიციპალიტეტი მხოლოდ ბათუმის და ბათუმელების პრობლემების გადაჭრით დაკავდება?
-კი, ამას ვპირდები ყველას და იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩვენს აპარატში ვერავის აღმოაჩენთ სახელმწიფო თანხების მიტაცებით გამდიდრებულს და ყველა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის კეთილმოწყობაზე იქნება ორიენტირებული. დღე-ღამ ვიმუშავებთ და ბათუმს გადავაქცევთ ულამაზეს ბაღნარად, რომელშიც ლაღი, მომავლის იმედით დამუხტული ხალხი იცხოვრებს.
–ბოლო კითხვა – სააკაშვილს დაიცავს უკრაინა?
-კი, ზელენსკის განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა მთავარი ომი ჩვენზეა, ჩვენს ამომრჩევლებზე, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტენ „ქართული ოცნების“ ფუნქციონირებას ქვეყანაში და არ დაუშვებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი იყოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის გასათავისუფლებლად.

