მეგი მოლოდინი: ყველა ადამიანი ვერ უსწრებს ხეს სიმაღლეში
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
სოხუმი, მისი ცა და მიწა, ზღვა გულის გულში აქვს ამოტვიფრული და ტკივილს, რომელსაც აფხაზეთთან განშორება ჰქვია, არ ეპუება, პირიქით, განსაცდელმა და გადატანილმა გაჭირვებამ მასში ის ალი აანთო, შემოქმედებას რომ აღვივებს. . . დიახ, სოხუმელი ქალბატონი, მშვენიერი მეგი მოლოდინი ახლა თავისი პოეზიითა და შესანიშნავი თარგმანებით მრავალთა სულის მასაზრდოებელი გახდა. ეს ლამაზი ქალბატონი დღეს საინტერესო საუბრით თავის შემოქმედებით სამყაროში წაგვიძღვება.
– ეს შემოდგომაც მოვიდა . . .
– სექტემბრის თვე მიყვარდა ძალიან, რადგან ის ჩემთვის ასოცირებულია დედასთან . . . დედასთან იმიტომ, რომ ამ თვეს დავიბადე. . . და მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში ასე მივმართავ –
,,შენ ხომ ჩემი დაბადების დღე ხარ,
და პირველი ამოსუნთქვის წამი … ”
მაგრამ მიყვარდა-მეთქი, რომ ვწერ, ამის მიზეზს,იმედია, თქვენ ადვილად მიმიხვდებით. . . არ გაგიკვირდებათ, თუ რატომ ვახსენებ ამ ზმნას წარსულში . . . დიახ, მიყვარდა და „აღარ მიყვარს” მას მერე, რაც ჩემი ადგილის დედა წამართვეს, ჩემს მშობლიურ სოხუმს მომწყვიტეს საყვარელი ენკენისთვის
27 რიცხვში 1993 წლისა…
– ჩვენი გაზეთის სტუმარი იყავით ორიოდე წლის წინათ. . . მას შემდეგ ალბათ ბევრი რამ მოხდა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
– დიახ, ორი წლის წინ უთბილესი მასპინძლობა გამიწიეთ, რითვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გწირავთ . . . მას შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. . . ჟამიანობას ვგულისხმობ, უხილავი მტრის შემოჭრას, რომლის გამოისობით ყველა ის გეგმა, რაც დაკავშირებული იყო შემოქმედებით აქტიურობასთან, ვერ ვიტყვი, რომ სამუდამოდ ჩაიშალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მძიმე დაღი დაასვა ჩვენს ცხოვრებას, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას და სანუკვარი, კეთილი მიზნების განხორციელებას ხელი შეუშალა . . . აღარაფერს ვამბობ იმ ტრაგედიებზე, რაც თითქმის ყველა ოჯახმა იწვნია ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო . . .
აქვე არ შემიძლია, მწუხარებით არ მოვიხსენიო ჩვენი მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ძვირფასი მაესტრო საშა ელერდაშვილის ზეციურ საქართველოში გარდასვლა, რამაც სულიერად და მორალურად დაგვცა ყველანი, ვისაც მისი მზრუნველი თვალი და ხელი შეხებია, მას ხომ ლომის წილი მიუძღვის ჩვენს მთარგმნელებად ჩამოყალიბებაში . . . ძალიან დაგვაკლდა ამ უნიჭიერესი და მადლიანი კაცის არსებობა მთარგმნელთა მთელ ოჯახს . . . მისი თაოსნობით დაიბეჭდა ჩვენ მიერ თარგმნილი ნიმუშებისგან შექმნილი რუსული, სპარსული, თურქული პოეზიის ანთოლოგიები და სხვა კრებულები, რაც ძალიან გვახარებდა და გვეამაყებოდა . მან მომცა ყოველივე ის, რასაც უნდა შეევსო ჩემი, როგორც მთარგმნელის საქმიანობა, განევრცო და გაემყარებინა ჩემში მისწრაფება და სიყვარული ამ მაგიური ხელოვნებისადმი..
– კარგ მთარგმნელად გაღიარებენ, მთარგმნელობითი მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორ შეძელით თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია?
– არ ვიცი, რამდენად წარმატებულია ჩემი მთარგმნელობითი ნაწილი პოეზიასთან ზიარებისა, მაგრამ ის ნამდვილად კარგად მაქვს გაცნობიერებული და ჯანსაღი ამბიციით გაჯერებული, თუ რატომ ვთარგმნი და რა მომწონს იმ ავტორებისა, რომელთაც ვთარგმნი . . . გეთანხმებით, რომ მთარგმნელობითი მუშაობა მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მეტსაც. . . უპირველესად, სიყვარულს ამ საქმისადმი ისე, რომ თეთრად გათენებულ ღამეებს ბედნიერ განცხრომად ჩაითვლი უცხო ენაზე დაწერილი ნაწარმოებისთვის ახალი, ქართული სიცოცხლის ბოძების გამო. . . მიუხედავად დიდი სირთულისა და რუტინული შრომისა, რაც თან ახლავს ამ საოცარ შემოქმედებით პროცესს, თარგმნა უდიდესი სიამოვნებაც გახდა ჩემთვის. . . ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ლამის ,,ნარკოტიკულ დამოკიდებულებადაც ” მექცა და რადგანაც უაღრესად საპასუხისმგებლო მისია აკისრია ამ საქმიანობას, ვცდილობ, სიღრმისეულად ჩავწვდე სათარგმნ მასალას, რათა დედნისეული პირველყოფილება და ავტორისეული სული შევუნარჩუნო, თუმცა მცირედი ინტერპრეტირების უფლებასაც ვიტოვებ, როცა დედნის მთლიანი ტექსტი ან ლექსის ფრაგმენტები ,,აუღებელ ციხე-სიმაგრედ ” აღიმართება ხოლმე. ეს ის შემთხვევაა, როცა მთარგმნელმა ოქროს შუალედის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და მეც ამ გზას ვადგავარ. . . და ავად თუ კარგად, ეს უკვე მკითხველის განსასჯელია.
– რუსული და თურქული პოეზიის შედევრების თარგმნისას უპირატესობას რას ანიჭებთ, როგორ მუშაობთ მათზე და გამოცდილება რას გკარნახობთ, მომავალში ვის გადმოაქართულებთ კიდევ?
– ჩემი პოეტური თარგმანების სპექტრი მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადი ადგილი მაინც რუსული ,,ვერცხლის საუკუნის” პოეტებს უჭირავთ, რადგან სიყმაწვილიდან მომწონდა და ჩემს თანაგრძნობას იწვევდნენ ის ხელოვანები, რომლებიც თავად გახდნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის მსხვერპლნი, მათ შორის კი გამორჩეულად მიყვარდა ცვეტაევა და ბლოკი, რომელთაც საკუთარი ლექსებიც ვუძღვენი . რაც შეეხება თურქულ პოეზიას, მისდამი ინტერესი და პატივისცემა შესანიშნავმა, უნიჭიერესმა ქალბატონმა – მაყვალა ხარებავამ (როგორც ბატონმა საშამ შეარქვა, მადამ იზმირსკაიამ) გააღვივა ჩვენში და მის მიერ გაკეთებული პწკარედებით ითარგმნა საინტერესო თურქი პოეტების ლექსები, მათ შორისაა ცნობილი პოეტის – ათაოლ ბეჰრამოღლუს ჩვენ მიერ გადმოქართულებულ ნაწარმოებთა კრებული, რომლის ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდა ავტორისვე მონაწილეობით . . .
მათთან ერთად მსოფლიო პოეზიის გამოჩენილი შედევრებიც მაქვს შეტანილი ,,უსიზმრებო სახლში” – ჩემი პოეტური თარგმანების პირველ კრებულში, რომლის წარდგინებას ხელი შეეშალა პანდემიის პირობებში და ჯერჯერობით მოუთმენლად ელოდება მკითხველთან შეხვედრას. . .
იმედია, მალე დადგება ჟამი ჟამიანობის გარეშე და ,,უსიზმრებო სახლი ” სიამოვნებით უმასპინძლებს ჩემს ერთგულ მკითხველს, რომელიც გამოუტანს საბოლოოდ ამ სახლის ბინადართ განაჩენს, იცოცხლებენ თუ სამუდამო ძილს მიეცემიან . . . მთარგმნელთა ასოციაციაში კი მომავლისთვის ერთობლივ მუშაობას განვაახლებთ, სავარაუდოდ, თურქი პოეტი ქალების შემოქმედებაზე. ინდივიდუალურ შემოქმედებასაც გავაგრძელებ. დაინტერესებული ვარ თანამედროვე იტალიური პოეზიით.
– აღიარება არ გაკლიათ, მაგრამძალიან თავმდაბალი ხართ, ეს გამაღლებთ. . . თავად რას ფიქრობთ, რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ხელოვანი?
– თუ აღიარებაში მკითხველის სიყვარულს გულისხმობთ (და არა ,,ზემოდან” ოფიციალურ რეგალიებს) ნამდვილად ვგრძნობ ამას და ბედნიერი ვარ, მაგრამ, როგორც ამბობენ, თარგმნა მაინც უმადური საქმეა და თვითკმაყოფილი ვერ ვიქნები. . .მაქსიმალურად მომთხოვნი და სასტიკი ვარ საკუთარი თავის მიმართ . . . რაც შეეხება თავმდაბლობას, ვაღიარებ, რომ ასეა, მაგრამ არ ვიცი, ეს ჩემი „კოზირია“ თუ პირიქით, აქილევსის ქუსლი. . . ბავშვობიდან, მუდამ ჩემი შემმბოჭავი იყო ეს თვისება, ზედმეტად მორცხვი და გაუბედავიც ვიყავი, არსად მიყვარდა თავის გამოჩენა . . . მიხუმრია კიდეც, იქნებ სულ უკანა მერხზე ჯდომამ დამიტოვა-მეთქი თავმდაბლობის კომპლექსი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბევრი უტიფარიც მჯდარა უკანა მერხზეო, უპასუხიათ ხუმრობითვე.
ჭეშმარიტ ხელოვანზე რომ მკითხეთ, ოსკარ უაილდი გამახსენდა, რომელიც ასე იწყებს თავის რომანს: ,,ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია”, – დავეთანხმოთ? რასაკვირველია! თუმცა გააჩნია, მშვენიერებაში რას ვიგულისხმებთ. . . ალბათ მშვენიერებაა, საიდანაც კარგად მოჩანს ხელოვანის ადამიანური სიწრფელე, რწმენა და სიყვარული, რომელსაც აგვირგვინებს ზეცით ბოძებული ნიჭი. . . და კიდევ, ჭეშმარიტი ხელოვანი მართალია, შორს მდგომია სიყალბისგან. . . პოეტის ტრადიციული ვალია რეალობის ასახვა და მისი საქმეა, რომანტიკური შეფერილობით დაწერს, ნატურალური სითამამით თუ გაბედული პრაგმატიზმით. . . მე ასე ვფიქრობ და ვწერ კიდეც . . .
,, … და შენც, პოეტო, მოსახდელი ვალის თუ გჯერა, –
გოლგოთისაკენ მიდის მხოლოდ შენი აღმართი…”
– დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ. . . როგორია სამყარო თქვენი თვალსაწიერიდან?
– დასაბამიდან აკვირდებიან სამყაროს გონიერი ადამიანები და მათი შეხედულებები, აღქმები და დასკვნები იმაზე მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე თავად სვამდნენ და აფასებდნენ შესაბამისი ფილოსოფიური კვლევებით. . . რაც მეტი შეკითხვა დაისმის, მით მეტი შემხვედრი კითხვა ჩნდება და სწორი, ჭეშმარიტი პასუხის არარსებობის გამო მუდამ წრეზე ვტრიალებთ . . . ჩემი თვალთახედვით, სამყარო იმაზე მეტად ბოროტია და დაუნდობელი, ვიდრე გვგონია, სამწუხაროდ! ადამიანი, რაც არ უნდა გონიერი ჰომოსაპიენსი ვუწოდოთ მას, მაინც ორფეხათა იმ ვრცელი ჯუნგლების წარმომადგენელია, რასაც კაცობრიობა ჰქვია. . . ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და არავითარი სხვაობა არ არის შუა საუკენეების ჰომოსაპიენსსა და თანამედროვეს შორის ადამიანურ საწყისებთან მიმართებით . . . ანუ მტაცებლური ბუნება ადამიანისა არ იცვლება, ჩვენდა სამარცხვინოდ. . . მომიტევეთ, მაგრამ ახლა ასეთ ხასათზე ვარ, ასე აღვიქვამ სამყაროს .
– სიკეთე ჩუმია, ასეა ხომ?
– რა თქმა უნდა, სიკეთე რადგან ჰქვია, ის ჩუმია. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს . . . ჩუმად დგას ხე. . . თავისთვის. . . ფოთოლთა ძალიან სუსტ შრიალს თუ არ ჩავუთვლით ხმაურში, მაგრამ ის ისე მშვიდად და უხმაუროდ ატარებს თავის სიცოცხლეს, რომ ადამიანს შეგშურდება მისი ნებისყოფისა და ამტანობის. არადა, სილამაზე, სიმწვანის მადლი, ჟანგბადი არ გვაკლია მისგან, გვალვაში – ჩრდილი, ნაყოფი ხომ აქვს და აქვს . . . თუ მოჭრი, სუნთქვას შეუჩერებ და დაჩეხავ, მაშინაც გაგათბობს თავისი სხეულით. . . ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ სიკეთე აკეთოს, მაგრამ ყველა ადამიანი ვერ უსწრებს ხეს სიმაღლეში. . . სულმაღალი და სულგრძელი თითზე ჩამოსათვლელია ჩვენში, ვისურვებდი და ვინატრებდი, მეტ უხმაურო და დაუმადლებელ სიკეთეს ჩვენ გარშემო და თავად ჩვენგან. . .
– ბუნება და თქვენ. . . ბევრი მას როგორც მკურნალს ისე აღიქვამს, თქვენ?
– წინა შეკითხვის პასუხთან ასოცირებული იქნება ჩემი ეს პასუხი . . . მკურნალია და თანაც როგორი?! ხეებთან ვსაუბრობ ხშირად და ისინი მართლაც მშველიან, როცა რაიმე მაწუხებს და გულდამძიმებული ვარ, მათ კი საოცარი დახმარება იციან. . . გთხოვთ, არ ჩამითვლოთ ეს ორიგინალურობის გამოჩენის მცდელობად ან რაიმე ეპატაჟურ ინსინუაციად . . . ძალიან მიყვარს ღამის ცაზე დაკვირვება, დღისითაც, სხვათა შორის. . . აისი, დაისი, იმდენად უმშვენიერიესია აქ, სამეგრელოში, რომ ბევრჯერ მიფიქრია, მხატვარი რატომ არ ვარ-მეთქი . . . თუმცაღა ყველაზე დიდი საოცრება ბუნებისა ჩემთვის მაინც ზღვაა, რომელიც მაკლია ისე, ვით ობოლს თავისი მშობელი . . .
– აფხაზეთი – დარდიც და იმედიც?!
– დიახ, ბუნებრივია. . . არ მინდა ბანალური ვიყო, რადგან ამ თემაზე ხშირად მისაუბრია და მრავალი რამ მაქვს დაწერილი, ლექსების ჩათვლით. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აფხაზეთი თანმდევი ცოცხალი სხეულივით არის ჩემთვის. . . შეიძლება ითქვას, რომ მარადიული ჩრდილია, ლანდია ხორცშესხმული და თავისთავად, დარდიც არის, საფიქრალიც და მოგონებაც. . . ადგილის დედისა და მშობლიური სისხლის ყივილი ჩამესმის ზღვის მიქცევ-მოქცევის შხუილთან ერთად, თოლიების ჟივილ-კივილიც და მისი მზის მცხუნვარებასაც ვგრძნობ. . . ამდენად, ის მუდამ ჩემთანაა, მეც – მასთან და იმედსაც სხვა გზა არ აქვს, რომ ჩემს გულში ბინა არ დაიდოს. . . ამ ლექსში კარგად ჩანს აფხაზეთი ჩემში . . .
არსად წავსულვარ
არსად წავსულვარ, ჩემო ქალაქო. . .
წლები გაიქცნენ,
კვლავ შენთან ვდგავარ, მებადურო,
სადაც დავიწყე
მედუზობანა, კენჭობანა და
ქვიშის კოშკებით თამაშისას
ღიმილს შენსას, ოლეანდრავ,
რა დამავიწყებს?. .
შენს თბილ გულმკერდზე ვდგავარ ისევ
და მეფერები
ღაწვზე ნიავით –
უხილავი წინაპრის ხელით. . .
რომ ჩემს მემკვიდრეს დაულოცო გზა –
ზღვის ბიჭუნას,
ნიჟარმოყრილი სიცხადით და
ტალღების ეტლით. . .
არსად წავსულვარ, ცხუმო – ჩემო
იერუშალაიმ. . .
და დავიწყების ცეცხლს მივეცი
როდი, სახება,
ქვიშადძერწილი ოცნებების
ლაჟვარდშემყურე
დედისა, შვილს რომ ეფიცება
მზესთან შეხებას. . .
განა წამერთვა თვალისჩინი,
შენით ნაკვები
და ყურთასმენაც როდი მიხშო
გრიგალთა ზიზღმა?
ნუ დაიჯერებ, გაკაწრული
,,გერის” ღაწვების
გადასარჩენად რომ უღირსი
გოდებით გიზღავ. . .
კვლავ შენთან ვდგავარ, ხევ,
ყვავილით გამონაყარო
და თითქოს დრო-ჟამს არ უვლია
სისხლის ნაცარზე,
შენს თბილ მკლავებში აღთქმულ მიწას
შემოგავედრებ
და დავუკოცნი ზღვას ღიმილით
ცისფერ ნაწნავებს. . .
არსად წავსულვარ, ცხუმო – ჩემო
იერუშალაიმ. . .
– პანდემია– განსაცდელი თუ ახალ განზომილებისაკენ გასაკვალი გზა?
– პანდემიაზე ნაწილობრივ ვისაუბრე ზემოთ და სიმართლე გითხრათ, ბევრი სათქმელიც არ მაქვს იმდენად, რამდენადაც დიდ გაურკვევლობაში ვართ. . . ასე მგონია, ზღვაში ვართ გასული მთელი ქვეყანა, დიდ ხომალდზე და არ ვიცით, საით მივცურავთ, სად გვიცდის აისბერგი, ან სულაც იქნებ ღვთის მოულოდნელი წყალობა, რომ სადმე მაინც ფონს გაგვიყვანოს. განსაცდელი ნამდვილად არის, თან საკმაოდ სერიოზული და ჯერ განუცდელი უცნობი და უხილავი მტრისგან მოგვრილი. . . თუმცა, თქვენი არ იყოს, ამასობაში შორეული ახალი განზომილებაც შეიძლება იკვეთება გზის ბოლოს, მაგრამ რამდენად არის ეს რეალური და შესაძლებელი, ჯერ მაინც წარმოუდგენელია ამის წარმოსახვა, ეს უფრო მისტიკის სფეროა ჯერჯერობით . . . რწმენასთან ასოცირებული კი ნამდვილად არის, რადგან საკუთარი ლექსი მახსენდება, ,,ჩემი იანვრის თეზა”. ადრე დაწერილი, რომლის ფინალსაც აქვე გაგაცნობთ:
,,. . . ცხელი ნაკვერჩხლის აალების ღაღადი მესმის,
რომ რწმენის ძალა განსაცდელით გამოიცდება. . .”
– მიაწვდინეთ, გასძახეთ კოსმოსს თქვენი თხოვნა. . .
– თუ მისწვდება, გავძახებ, რა თქმა უნდა. . . და გავძახებ მას ვაჟას სიტყვებით : ,,ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა. . .” !
– “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“. . . და მაინც, ბევრი უსიყვარულოდ ცხოვრობს. . . რას ეტყოდით მათ?
– უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, რამეთუ ის არის ერთადერთი ციური მანანა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომელიც სიცოცხლეს გვანიჭებს, გვაძლევს სტიმულსა და შანსს უფალთან მიახლოებისა. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა ამოხსნას მთავარი საიდუმლო უფლისა, რომელსაც იმთავითვე ეძებს ამოსახსნელად კაცობრიობა. . . ვინც სწვდება მას, ის უცილობლად სასიცოცხლოდ იმარჯვებს და ვისაც ვერ ამოუხსნია, ის განწირულია მხოლოდ არსებობისთვის . . .
,,სიყვარულია ღმერთი მარადი …” (ჩემი ლექსიდან – ,,უფლის საიდუმლო”)
– კითხვა, რომელიც მუდამ თან გდევთ. . .
– ბევრია ასეთი, მაგრამ განსაკუთრებული სიხშირით ეს რიტორიკული კითხვა მებადება : რატომ უშვებს უფალი ამდენ უსამართლობას ?!
– ჩვენს მკითხველს გააცანით ერთი თარგმანი, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ.
– პირველი ავტორი, ვინც ვთარგმნე, მარინა ცვეტაევა იყო და ახლაც მისი ლექსის თარგმანს გაგიზიარებთ. . .
სიყვარულზე ასე უცნაურად და დიდებულად
მხოლოდ ის თუ იტყოდა . . .
შეუნდეთ სიყვარულს – ის ხომ ღატაკია!
მისი ფეხსაცმელი გაუწმენდავია,
ზოგჯერ კი საერთოდ, მას ის არც აცვია.
წირვას ესწრებოდა ერთხელაც ხატის წინ,
ღვთისმშობელს ევედრა ლოცვით და სანთლის წვით,
შესწირა წუღი მას, ვით სულის ნაწილი.
მეორეს კი იქვე, დახლთან შეელია,
უპოვარ ბავშვებს ის ამით შეეწია
და სატრფოს ძებნაში გამვლელთ შეერია.
დარჩა ფეხშიშველი – ვით ანგელოზები!
თუმცა მან არ იცის, რომ იქ, სამოთხეში,
მას ტარსიკონისა, უცდიან ქოშები.
– ზღვა ჩვენც გვაქვს,ბათუმელებს. . . ხომ არ მოინახულებთ, იქნებ სოხუმიდან მონაქროლი ქარების ჩურჩულიც გაიგონოთ.?
– მადლობის მეტი რა მეთქმის ბათუმის სამოთხეში მოწვევისთვის და მით უფრო, ასე ლამაზად . . . ბათუმი ჩემთვის ბავშვობიდან ,,ქათქათა და თვალწარმტაცი” ქალაქის სიმღერაა . . . ჩემი ცხუმივით პალმებთან და ლაჟვარდოვან მთებთან, ზურმუხტოვან ზღვასთან არის ასოცირებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ წმინდა ალაგიდან მესაუბრებით, მეფერებით და მეპატიჟებით . . . იმედია, ჟამიანობა გადაივლის და მეც მოგინახულებთ.
– თუ რამ კითხვა მიგაჩნიათ საჭიროდ, შეგიძლიათ დასვათ და უპასუხოთ.
– რას უნდა გაუფრთხილდეს უპირველესად ადამიანი? – სამშობლოს ღირსებას…

