„მწვანილებში დამალულმა პრეზიდენტმა დაარღვია საზღვრები, გადმოლახა ყველა დაბრკოლება, იმისთვის რომ… რა?!“
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
მიხეილ საააკაშვილმა ისევ მოახერხა ქართული საზოგადოების და მსოფლიოს პოლიტიკური წრეების გაოცება, როდესაც ინკოგნიტოდ გადმოკვეთა ორი ქვეყნის საზღვარი და რამდენიმე დღე ისეირნა საქართველოში.
ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური თავიდანვე იყო საქმის კურსში, რომ უკრაინიდან მოჰყვებოდნენ და ყველა ნაბიჯი კონტროლდებოდა, თუმცა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, რატომ არ აიყვანეს საქართველოში შემოსვლისას, მით უმეტეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თავისთვის იჯდა ტრაილერში და მისი დაკავება გარშემო მყოფთ არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა.
თავად სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ მიშას არჩევნებზე საკუთარი მომხრეების გამხნევება და მის მიერ დაფუძნებული პარტიის გამარჯვება სურდა.
ასეა თუ ისე, დღეს ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომლის მოცემულობა ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ათასგვარ საფრთხეს შეიცავს სიღრმისეულ კონტექსტში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი – ციხეშია, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში და დაბნეულობაა პოლიტიკურ წრეებში, რადგან არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას გულზე არ ეხატება მითიურად ქცეული ლიდერის საქართველოს რეალობაში მოულოდნელი დაბრუნება.
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც ასევე გაურკვევლობაშია ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით.
-ბატონო რამაზ, გულწრფელად მითხარით, ელოდით მიხეილ სააკაშვილის ასე უეცარ ჩამოსვლას?
-ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, აბსოლუტურად არ ველოდი, პირიქით, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. აბსურდად მივიჩნევდი ყველა მის დაპირებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და დღემდე ძნელია ჩემთვის, ავხსნა, რატომ ჩამოვიდა.
-რთული ასახსნელია როგორც მისი ჩამოსვლა, ისე – ჩაბარება.
-ჩაბარების მეეჭვება, რადგან ის დააკავა ხელისუფლებამ.
-თუკი დაკავება სურდათ, როგორც კი გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინვე აიყვანდნენ, იქვე ტრაილერში, რატომ ასეირნებდნენ რამდენიმე დღე საქართველოში?
-დიახ, ეგ ერთი, მაგრამ შესაძლოა, ისიც აინტერესებდათ, რა სიღრმეებში შევიდოდა პროცესი, ვის შეხვდებოდა, რას გეგმავდა და ა.შ. ანუ ძიების საიდუმლოებას ჯერ არ ამჟღავნებენ.
-რას გვეტყვით არჩევნებსა და მეორე ტურის დანიშნვაზე ყველა დიდ ქალაქში, „ოცნება“ აგებს?
-ჯერ წასაგებად არ აქვს საქმე. არ მგონია, რომ წააგოს. თანაც ხმები ითვლება საერთო შედეგის მიხედვით და არა ცალკეული ქალაქების. რომელიღაც მუნიციპალიტეტში შესაძლოა, გავიდეს ოპოზიციის კანდიდატი, ამას წინ ვერავინ აღუდგება, რადგან დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს. რაც შეეხება საკრებულოებს, ვფიქრობ, მაინც „ქართული ოცნება“ იქნება უმრავლესობაში, რადგან ხალხს არ უნდა სააკაშვილი და მისი „მოძრაობა“, კარგად ახსოვს ყველას, რაც ხდებოდა მისი მმართველობის დროს.
-დაიძაბა ვითარება. სააკაშვილი ციხეშია, ხელისუფლება შიშობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის უკმაყოფილებაში გადმოიღვრება, ოპოზიცია კი მიშას უდანაშაულობაზე საუბრობს და ითხოვს მის გათავისუფლებას. მოკლედ, მთელი საქართველო დუღს.
-პრინციპში, ოპოზიცია უფრო დუღს, ვიდრე პოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ თავი ქუდში აქვს. ოპოზიცია კი კარგა ხანია დუღს, 2012 წლის მერე, მაგრამ მაგ დუღილის შედეგი, ჯერჯერობით არ ჩანს. რისი იმედი აქვთ უმრავლესობაში ვერ მოხვედრილ, მიტინგებზე ხალხშემოცლილ და წამგებიანი პოლიტიკის გამტარებელ პარტიებს, მაინც ვერ გავიგე. რაღაცას ითხოვენ, მუდმივად უკმაყოფილო არიან, აპროტესტებენ ყველაფერს, არის გასაპროტესტებელი თუ არა. აცხადებენ, ხელისუფლებას შევცვლითო, მაგრამ რა რეალობაზე დაყრდნობით ამბობენ ამას, გაუგებარია.
-რამდენად სწორად მიგაჩნიათ ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილის მიზნების შესახებ? ოპოზიციური ლიდერების მკვლელობას ვგულისხმობ. სისხლიანი დაპირისპირების გამოსაწვევად?
-ყველამ იცის, რაზეა წამსვლელი მიშა, როდესაც ხელისუფლებისკენ მიილტვის, მაგრამ თავად სააკაშვილის ლოგიკას რომ მიყვე, გაუგებარია, მკველობა როგორ უნდა მოხდეს. უფრო ლოგიკური იქნებოდა, ჯერ მოეკლა, ვისი მოკვლაც სურდა და შემდეგ, ხალხი რომ აზვირთდებოდა, ჩამოსულიყო იგივე გზით და დაუსჯელად, ანუ ციხეში მოხვედრის გარეშე, ჩასდგომოდა სათავეში მომხრეებს. რაც არ უნდა ვატრიალოთ, ამ გეგმის განხორციელებისთვის სააკაშვილის აქ ჩამოსვლა სულაც არ იყო საჭირო, თავად ხომ არ ესროდა ვინმეს, ქილერს დაიქირავებდა და მოაკვლევინებდა. მკვლელის დაქირავება კი უკრაინაშიც შეეძლო, საკუთარი პერსონისთვის ჩრდილი რომ არ მიეყენებინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ვერსია სააკაშვილის ჩამოსვლას არ ხსნის.
-სხვა რა შეიძლება იყოს, ბათუმი მოენატრა და გასასეირნებლად ჩამოვიდა? რისი იმედი ჰქონდა, რომ ვერ აღმოაჩენდნენ და უკან იგივე გზით დაბრუნდებოდა?
-იცით რა, ბათუმზე ის ვიდეო-რგოლები გამახსენდა, მაგის პირობებში ჩავარდნილ ადამიანს არც ის ვიდეოები უნდა გაესაჯაროებინა. ჩუმად უნდა ყოფილიყო, არა? რა ფუნქცია ჰქონდა საკუთარი თავის გადაღებას და გამოქვეყნებას, მაინც ვერ ვხსნი.
-მისი მომომხრეები ამას იმით ხსნიან, რომ აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორ იოლად შემოვიდა საქართველოში, რომლის საზღვრებიც, გამოდის, რომ დაუცველია. თანაც, როგორც ამბობენ, წინასაარჩევნოდ მათთვის მუხტი უნდა მიეცა.
-ჰოო, არა, ძალიან ჭკვიანური ახსნები აქვთ. . . ალბათ „ნაციონალების“ დამუხტვას აპირებდა, მაშინ რატომ არ გაამჟღავნა, აგერ ვარ და დაიმუხტეთო, არჩევნების წინა დღეებში ხომ შეეძლო მათი გამხნევება და დამუხტვა, ჩუმ-ჩუმად რატომ სეირნობდა ქალაქებში, თანაც, თუკი ამხელა მუხტის მატარებელი იყო, ისეთი შედეგი უნდა დაედოთ მის აღფრთოვანებულ მიმდევრებს, მეორე ტური არ დასჭირვებოდათ. ერთი რამ მართლაც აქვთ „ნაციონალებს“, საკუთარი ერთგული მხარდამჭერები ჰყავთ. ეს ხალხი უღალატოდ აფიქსირებს ერთი და იგივე პროცენტს, არც მეტს და არც ნაკლებს. გამოდის, სააკაშვილის ჩამოსვლით მეტი უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ რაც არ არსებობს, როგორ დაფიქსირდებოდა.
– მეორე ტურამდე ხომ მივიდნენ?
-კი, მაგრამ ეგ არ არის დიდი შედეგი, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომას გაამართლებდა. ასე, პრეზიდენტის არჩევნებზეც დადეს კარგი შედეგი, მეორე ტურამდე მივიდა გრიგოლ ვაშაძე, მაგრამ შემდეგ წააგო. ისიც არ აქვთ კარგად გააზრებული, რატომ აგებენ. თავადაც არ აქვთ გაანალიზებული და შესწავლილი, 2012 წლის შემდეგ ვერაფერი რომ ვერ მოიგეს, რა ხდება. ეგ დასკვნა რომ ჰქონდეთ გაკეთებული და ექსპერტების მეშვეობით შესწავლილი, მაშინ ასე არ მოქცეოდნენ.
-როგორ ქცევას გულისხმობთ?
-ასე უდიერად, უხეშად, ლანძღვა-გინებით ანუ აგრესიულად. იმდენს ცრუობენ, თავადაც სჯერათ საკუთარი ტყუილის და შემდეგ ამაზე ბრაზდებიან. რა გითხრათ, მთლად დალაგებულად და ადეკვატურად ვერ არიან, ეს არის ფაქტი.
-ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით ოპოზიციის ლიდერების რეაქციას? მომეჩვენა, რომ მაინც და მაინც არ გახარებიათ სააკაშვილის ჩამოსვლა.
-კი, გეთანხმებით. მოდით გავამარტივოთ სიტუაცია და დავალაგოთ პოლიტიკური დაფა. რა მოცემულობა გვაქვს? არიან პარტიული ფეოდალები და უცებ ხელისუფლებისკენ მათ სავალ ბილიკს კვეთს მეფე, ანუ ეცხადებათ ლიდერი, რომელსაც ულაპარაკოდ უნდა დაემორჩილონ. ისტორიიდან ვიცით, ბაგრატიონებს არ ემორჩილებოდნენ ფეოდალები, თუკი ეს მათ ინტერესში არ შედიოდა, ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში, მხოლოდ საქართველოში – არა . . . და უნდათ, ახლა ჩვენი ოპოზიციის ფეოდალებს ოპოზიციის მეფის ჩამოსვლა? ეს ხომ მათი ძალაუფლების და გავლენის სფეროების შეკვეცაა.
-დაკავების იზოლატორში შემავალი სააკაშვილის ღიმილზე ხალხმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ იგი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ისიც ითქვა, ალბათ ფსიქიკური აშლილობის საბუთს წარმოადგენს, ამიტომ არ შეეშინდა ციხეში ჩაჯდომისო.
-თუკი ფსიქიკური აშლილობის მქონეა, ამდენს ვერ იფიქრებდა.
-რაღაცის იმედი ხომ უნდა ჰქონდეს?
-არაფრის, იმიტომ რომ მსგავსი რამ მას სჩვევია. თქვენ გაღიმებული სახე აღნიშნეთ და ნარკოტიკები, მაგრამ შემდეგ გავრცელდა კადრები, როგორ აიყვანეს. იქ ჩანდა ბინა, „ბომჟის“ გემოვნებით გაწყობილი სუფრა – ორი თეფში, არაყი, კიტრი და ა.შ. იქ ჩანს, რომ გასვლის წინ სვამს, ხელბორკილდადებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, ნარკოტიკების არა, მაგრამ ალკოჰოლური თრობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. მთვრალი კაცი იღიმებოდეს, აბა რა გასაკვირია?
-როგორ ფიქრობთ, ზელენსკი მხარს დაუჭერს?
-რაც შეეხება ზელენსკის, ისიც სათქმელია, რომ სწორედ სააკაშვილის გამო, გაყინული გვქონდა ურთიერთობა უკრაინასთან, მაგრამ არ დანგრეულა არც უკრაინა და არც საქართველო. თუკი ზელენსკიმ ძალიან მოინდომა მიშას შველა და მისმა მომხრეებმა – არა, არც ეს იქნება ქვეყნის დანგრევა. ზელენსკის უტაქტობამ შეიძლება ისევ გააფუჭოს საქართველოსთან ურთიერთობა. ისიც გავიხსენოთ, რომ უკრაინა ისტორიულად ხშირად დაგვდგომია მხარში, ბევრჯერ უბრძოლია ჩვენს მხარეზე. რატომ იყრის სააკაშვილის გამო ტყავში ქამარს ზელენსკი და რატომ ყრის წყალში თავისი ქვეყნის დამსახურებას, საქართველოს წინაშე – გაუგებარია. მით უმეტეს, მის გარემოცვაში, ბევრისთვის მიუღებელია სააკაშვილის ფიგურა. რა ძალები აკავებენ ზელენსკის კარზე სააკაშვილს და რა ძალები იცავენ მას, ესეც არ ვიცი. ალბათ რაღაც გარეშე ძალები არსებობს, სხვა მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ასეთი თავგამოდება ძალიან უცნაური და აუხსნელია.
-ისევ აგორდა ვადამდელი არჩევნების თემა, მოუწევთ დანიშნვა?
-ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ისედაც არ უწევთ, ჯერ ერთი, გამოვიდნენ იმ მიშელის შეთანხმებიდან და უკვე უარყვეს ხელშეკრულება, თანაც, მთელი საქართველოს მასშტაბით აიღეს 43%-ზე მეტი. ასე რომ, თავად თუ ხვდებიან, რომ ალოგიკურს ითხოვენ? აქვე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმი ღიმილის მომგვრელია, მერამდენედ აკეთებენ ამ შეძახილს და შემდეგ თავადვე ვარდებიან გაუგებარ სიტუაციაში. ისევ პრეზიდენტის არჩევნებს მოვიშველიებ: როდესაც ერთმანეთის პირისპირ რჩებიან „ოცნება“ და „ნაციონალები“, ხმებს აძლევენ „ოცნებას“, იმიტომ კი არა, რომ გიჟდებიან მმართველ გუნდზე, უბრალოდ, უფრო მეტად არ სურთ სააკაშვილი. ახლა კი მეტი მოტივაცია ექნებათ, რადგან მიშა უკვე საქართველოშია და მათზეა დამოკიდებული, ეს კაცი გამოვა ციხიდან თუ მოიხდის სასჯელს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ნამდვილად დაიმსახურა.
-თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა ჩამოსვლით გაამძაფრა შიში?
-მიუღებლობა. აქ ისიც თამაშობს როლს – რა ჭკუა უნდა მოსთხოვო პარტიას, რომლის ლიდერიც ასე იქცევა, კერძოდ, მწვანილების გადასაზიდი კონტეინერით შემოდის ქვეყანაში. თან, რომ დაუსვა კითხვა – რატომ, ვერ გპასუხობს. ექსპერტებიც ხელებს შლიან, ვერ ხსნიან რატომ გამოიარა ეს დეტექტიური ჟანრის მარშრუტი. მწვანილებში დამალულმა პრეზიდენტმა დაარღვია საზღვრები, გადალახა ყველა დაბრკოლება, იმისთვის რომ… რა? მჯდარიყო საქართველოში, ბინაში და ესვა არაყი?
-იქნებ, სჯეროდა, რომ აქ დახვდებოდა მისი ჩამოსვლით აღფრთოვანებული ხალხი და ხელში აყვანილი შეიყვანდნენ პარლამენტში. . .
-ეგ ვერსიაც არ გამოდის, მსგავსი რამ თუ ეგონა, ჯერ საკუთარ მომხრეებს აცნობებდა, შეკრებდა ხალხს, შემდეგ მათთან ერთად გაივლიდა საქართველოს და ჩაუდგებოდა სათავეში საპროტესტო მიტინგებს. ეს კი ისე ჩამოვიდა, მისმა პარტიამაც არ იცოდა. თუკი იმათაც არ შეატყობინა, გამოდის არც მხარდამჭერების მობილიზებას არ აპირებდა.
პრინციპში, ჩვენ აქ ვერსიებს ვაყალიბებთ, მაგრამ იქნებ სულაც მარტივადაა საქმე. სააკაშვილის აზროვნებას გამოკვლევა სჭირდება, უნდა გაანალიზდეს, რამდენად მწყობრია მისი საუბარი. ჩემი პროფესია მკარნახობს, რომ ამაში იმალება პასუხი. ან თავად მას შეეკითხონ, რატომ ჩამოვიდა? მისი პასუხი არსად ფიგურირებს.
-რომ კითხონ, იტყვის სიმართლეს?
-ციხეში მყოფი ადამიანი ნაკლებად ამბობს სიმართლეს, მაგრამ შესძლებს სპეციალისტი დასკვნის გაკეთებას. ვნახოთ, რით დასრულდება ეს ეპოპეა, თავისუფლების სიმბოლოდაც ვერ ივარგებს ყოფილი პრეზიდენტი, ციხეში დარჩენაც რომ ისურვოს.
-ბატონო რამაზ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ 25 ათასი ჩინელი სპეციალისტისთვის ბათუმში კორპუსები შენდება, თუ გაქვთ ინფორმაცია ვის ინტერესებში შედის ამ ხალხის აქ ჩამოსახლება?
-ჩინელების ერთი დიდი ნაკადი მაშინ მივიღეთ, ქალაქის ყველა მეორე ქუჩაზე რომ გახსნეს მაღაზიები. ძალიან შესამჩნევი რაოდენობა იყო. შემდეგ, წამგებიანი აღმოჩნდა ეს ბიზნესი, ვერ ივაჭრეს, არ გაიყიდა მათი უხარისხო საქონელი და მოედვნენ სოფლებს, სადაც ფერმერობას მიჰყვეს ხელი. მოდით, ამოვიდეთ ჩინეთის ინტერესებიდან – მათ სურთ ტერიტორიების ათვისება, მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა.
-კი, მაგრამ ჩვენ იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, წაგვლეკავენ.
-ყველას წალეკავენ, რა, ევროპა არ წალეკეს? ჩვენგან ითხოვენ, რომ მიგრანტებს კარი არ დავუხუროთ, მაგრამ რა უქნა ამ ტოლერანტულმა დამოკიდებულებამ თვითონ ევროპას, არ იციან? სანამ საქართველოს მთავრობა არ გამოიმუშავებს რაღაც მექანიზმს, ხალხმა უნდა იმარჯვოს, თუმცა ქართველებს გვიჭირს მსგავსი რამ, ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უცხო ერის შვილი ფეხს ვერ იკიდებს, სომხეთია, მაგრამ ეს ტენდენცია თვითონ ხალხშია. ჩვენ, პირიქით, ხელგაშლილი ვიღებთ ყველას. ასე რომ, ან სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე მიგრაციული პროცესების მართვა ან ერმა, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს არ ეტყობა პროტესტი. მესამე, რაღაც სასწაული, არ არსებობს. ჩინეთი იზრდება, არ მცირდება, მზარდი ეკონომიკური და პერსპექტივების ქვეყანაა. ასე რომ, აქ შენი საკუთარი კონცეფცია უნდა გაგაჩნდეს, რომელიც არ ჩანს.

