„ექსეპერტები უკვე შეუდგნენ მუშაობას მთლიანი კორპუსის მდგრადობის გამოსარკვევად“
ირმა ცეცხლაძე: 27-48-94
ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც ბათუმში, კორსპუსის ნგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ არის საყრდენი კედლები გამოცლილი იმ ფართში, რომელიც გუშინ ჩამოინგრა. სწორედ ამ სახლში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. როგორც ცნობილია, მეპატრონეს, ზაურ ბუდატოვს სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა და სწორედ ამ მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. შსს-მ უკვე დააკავა ბუდატოვიც და კიდევ ორი პირი, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ზედიზედ ვრცელდება შემაძრწუნებელი ინფორმაცია 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი დაღუპულების შესახებ. ორიოდე საათის წინ მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის, დედა-შვილის ცხედრები ამოიყვანეს. როგორც გაჟღერდა, 12 წლის მოზარდი ნგრევის დროს სახლში ონლაინგაკვეთილებს ესწრებოდა. ბავშვის მამა შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა. მომხდარ ტრაგედიაზე წერს ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვის მამაა ასახული: “კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის, ონლაინგაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა. ლოდინისას ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა . . . . ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს” . ირკვევა კორპუსის ნგრევის გამომწვევი ფაქტორები. მერიის წარმომადგენლებმა მეზობელ სადარბაზოებში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ამ საკითხზე გთავაზობთ ბათუმის ვიცე-მერის ლელა სურმანიძის კომენტარს.
-ქალბატონო ლელა, ყველა მოსახლე გაიყვანეთ საფრთხის შემცველი კორპუსიდან?
-სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ამ კორპუსიდან გაყვანილია ყველა ოჯახი. მათი ნაწილი შევიყვანეთ სასტუმროებში, ნაწილმა კი უარი განაცხადა და ნათესავ-ახლობლებთან არიან. ასე რომ, არც მომიჯნავე სადარბაზოში და არც მთლიანად კორპუსში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს.
-კლდიაშვილის ქუჩის კორპუსის მოსახლეები არ გაუყვანიათ, თუმცა არც წყალი, არც შუქი და არც გაზი ჰქონდათ.
-ეს ყველაფერი გამოირთო მათივე უსაფრთხოების მიზნით, წყალი და შუქი ახლახან ჩაირთო. დასრულდება სამაშველო სამუშაოები, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ეწევა შენობას და თუ საჭირო იქნება, განხორციელდება დემონტაჟი, ხოლო იმ კორპუსებში, რომლებიც არ იწვევენ ეჭვს, აღდგება გაზის მიწოდება.
-სასტუმროში რამდენ ხანს იცხოვრებენ ამ ბინების ბინადარნი?
-საჭიროების მიხედვით, გადავიყვანთ კერძო სექტორში, გადავუხდით ბინის ქირას. სასტუმროში დროებით არიან. საბოლოოდ ალბათ დაკმაყოფილდებიან ბინებით. ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.
-რას გვეტყვით გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობაზე, თუ არსებობს შანსი, ცოცხალი იყოს ვინმე?
-ჩვენი მონაცემებით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი უნდა იყოს იქ დარჩენილი. 8 ადამიანია უკვე გარდაცვლილი. ერთი – სტაციონარშია მძიმე მდგომარეობაში. როგორც კი იპოვნიან იმ ერთ ადამიანს, შემდეგ სამაშველო სამუშაოები შეწყდება და დაიწყება გაწმენდა. სანამ ჯერ კიდევ ელოდებიან ცოცხალს, ხელით წმენდენ ნანგრევების შრეებს, რათა არ დააზარალონ იქ მოყოლილის მდგომარეობა.
-კორპუსის ჩამოშლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია გაჟღერდა, თქვენ რომელს უფრო მიიჩნევთ მართებულად?
-ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მხოლოდ პირველ სართულზე მიმდინარე რემონტს თვლიან ძირითად მიზეზად სამართალდამცველები. აღიძრა საქმე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე. გამოძიების დასასრულ გამომჟღავნდება ძირეული მიზეზი. გაცნობებთ იმასაც, რომ ექსეპერტები უკვე შეუდგნენ მუშაობას მთლიანი კორპუსის მდგრადობის გამოსარკვევად. როგორც კი ყველაფერს შეისწავლიან, გააანალიზებენ და დადებენ პირველად დასკვნას, მივიღებთ გადაწყვეტილებას კორპუსთან დაკავშირებით.