„ზემოდან დაიწყო დეფორმაცია და ჩამოშლა, იქნებ სიმძიმეს ვერ გაუძლო კედელმა?“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი იქ წარმოებული სარემონტო სამუშაოებია. გამოითქვა სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით, მხოლოდ რემონტი ამ ტიპის ნგრევას არ გამოიწვევდა. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ აჭარის დამსახურებულ ინჟინერს, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, არქიტექტორ დუგლას ზამთარაძეს, რომელმაც ზოგადადაც ისაუბრა დაშენებების და ყავლგასულ სახლების პრობლემაზე.
-ბატონო დუგლას, არაერთი ვერსია გაჟღერდა კორპუსის ერთი ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით, რამაც უზარმაზარი ტკივილი მოგვაყენა ყველას . . . რამდენად გამართლებულია ბრალის წაყენება პირველი სართულის მეპატრონისთვის, რომელიც რემონტს აკეთებდა, ხოლო დაშენებული სართულების, მიმატებული ლოჯიების – იგნორირება?
-დაშენებული მეექვსე სართული, შესაძლოა, სიმპტომი იყოს მხოლოდ. ამ გადასახედიდან რთულია ზუსტად განსაზღვრო, რადგან სიტყვას რომ იტყვი, პასუხს მოგთხოვენ ნათქვამზე.
-როგორც სპეციალისტი, სხვაზე ბევრად მეტს შეამჩნევდით.
-მაშინ გეტყვით, რაც ვნახე. პირდაპირ გადმოიხარა სახურავი, მოცილდა მყარ კედელს და შემდეგ გამოვარდა მოპირისპირე მხარეს. შეიძლება, დაიღალა კონსტრუქციები. ისიც დასაშვებია, რომ სადღაც ხსნარს ცემენტი ჰქონდა მიკლებული, აგურები ისე არ იყო დადებული . . . მანდ ბევრი რამაა განსახილველი. ჩამონგრევის დროს არცერთი კედელი არ დარჩეს, გასაოცარია, ასეთი რამ არ ხდება. აღსანიშნავია კიბეც, ანუ ის კონსტრუქცია, რაშიც კიბის საფეხურებია ჩასმული, იგი კეთდება ცეცხლგამძლე, სეისმურად მდგრადი მასალისგან . . . აქეთა კედელი, კიბის მხარეს რომ იყო, ისიც დანგრეულია. რატომ დაინგრა?
-როგორც ითქვა, ქვემოთ მიმდინარეობდა სამუშაოები ანუ სარდაფს აერთიანებდნენ ბინასთან, მიწა გამოიზიდა საძირკვლიდან . . .
-თუ მთლიანად გამოუთხარეს სახლს საძირკველი, მაშინ ჩაიქცეოდა სადარბაზო, აბა რა იქნებოდა, მაგრამ ორი-სამი მეტრის გამოჭრით, მთელი კორპუსი არ დაინგრევა, ესეც ფაქტია.
-მაშინ რა არის მიზეზი?
-სიმპტომები ძალიან ბევრია. ამიტომ ეს ყველაფერი ძირფესვიანად უნდა გამოიკვლიონ, რათა მაგალითად დარჩეს სხვისთვის.
-თქვენ გულისხმობთ, მშენებლობაზე ნებართვების გაცემის აკრძალვას?
-არა, მშენებლობაზე ნებართვის არგაცემა არ არის სწორი. ხალხს აშენებას და გაფართოებას ვერ აუკრძალავ, მაგრამ რაც კეთდება, ხარისხიანად უნდა გაკეთდეს, რათა შემდეგ არ გამოიწვიოს მსგავსი შემარძწუნებელი ტრაგედიები. შეაჩერო ყველაფერი იმიტომ, რომ ეს სადარბაზო დაინგრა, გაუმართლებელია.
-უკვე დაკავებულია პირველი სართულის ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა, რომლებიც ეჭვმიტანილებად ითვლებიან. თქვენი ნათქვამიდან კი გამოდის, რომ მხოლოდ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავენი.
-ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან ძიება გრძელდება და კონკრეტული ანალიზის შემდეგ დადგინდება, რის გამო დაინგრა კორპუსი. მე იურისტი არა ვარ, ამ მიმართულებით რომ წარვმართო საუბარი. როგორც არქიტექტორმა, შემიძლია ვივარაუდო და ვთქვა, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. მთლიანი ნგრევის მიზეზი არის არა გამოთხრა, არამედ საძირკვლის ჩავარდნა. შესაძლოა, ძირი გამოთხარა მიწისქვეშა წყლებმა და თუ დეფორმირდა საძირკველი, მაშინ შენობა ჩამოინგრევა. მე მაჩვენეს ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ პირველად კიბის კედელი გადაიხარა. მთელი ორი წუთი მიმდინარეობდა ეს გადახრა, შემდეგ გამოვარდა ფანჯრისქვეშა კედელი. პირველი სართული ამ დროს იყო ადგილზე, ზემოდან დაიწყო დეფორმაცია და ჩამოშლა. იქნებ სიმძიმეს ვერ გაუძლო კედელმა, რადგან არ იყო დიდად მზიდუნარიანი. რთულია ზეპირად განსაზღვრო.
-გამოდის, კონსტრუქციის გადაღლა იყო მიზეზი?
-არ არის გამორიცხული გადაღლის ვერსია. აგურის წყობა ყველამ არ იცის, თანაც სილიკატის აგური იყო. თუ სიცხიან ამინდში აშენებ, აგური უნდა დაასველო და ისე დაადო ხსნარს. ყველა მეოთხე რიგი უნდა დაამძიმო, კუთხეებში გაუკეთო კუთხოვანი არმატურები. მოკლედ, მთელი ამბებია, ყველაფერს თავისი ტექნოლოგია აქვს. ამაზე რა აზრი აქვს საუბარს, დაწერილია ეს წესები და სახელმძღვანელოებში მითითებულია ყველაფერი, ანუ თუ ზემოთ ჩამოთვლილი წესებით არ უშენებიათ თავის დროზე, შესაძლოა ნგრევის მიზეზი ესეც იყოს. ამას კი გამოვიძიებთ, მაგრამ რაღას ვუშველით გარდაცვლილებს, ცოცხლად ჩამარხულ ბავშვებს . . . გამოძიება, ცხადია, აუცილებელია, რათა მიიღონ ზომები და შემდგომში არ განმეორდეს მსგავსი უბედურება.
-ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თუ აპირებთ წამოიწყოთ მსგავსი კორპუსების გადამოწმება, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული მათი აშენებიდან, ალბათ ყავლი გაუდით და უკვე ამორტიზებულია უმეტესობა?
-მე რომ ვსწავლობდი, მაშინ ვიცოდით, რომ ამ კორპუსების ვადა იყო 55 წელი. ყველას გასული აქვს ყავლი, მაგრამ ცხოვრობენ. თბილისში 100-200 წლის შენობები დგას დღემდე.
-იმ პერიოდში სილა, ცემენტი თუ აგური „ლევად“ რომ იყიდებოდა, ისიც ვიცით ყველამ და ამ სახლების უმეტესობა დღემდე პატიოსან სიტყვაზე რომ დგას, არც ესაა საიდუმლო.
-რა გითხრათ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ 50 წლის შემდეგ უნდა გამოიცვალოს ეს სახლები, მაგრამ . . . ამიტომ ექსპლუატაციის დროს უნდა გადაამოწმონ ასეთი კორპუსები. არ შეიძლება, რაიმე სიმპტომი არ ქონოდა ამ სადარბაზოს – იქ იქნებოდა ბზარი, ან რაღაც სხვა. მოულოდნელად დაინგრეს შენობა მთლიანად, ყოველგავრი სიმპტომის გარეშე – წარმოუდგენელია. თუ ეს ბზარები მოსახლეებმა დააფიქსირეს, არ გააცხადეს და გაჩუმდნენ – შედეგი ესაა. თუ არ იყო ბზარები, მაშინ გამოსაკვლევია. მე ვარაუდს გეუბნებით. რაც ვნახე, საძირკველი ადგილზე იყო, არც გახსნილა. კიდევ ვიმეორებ, ფანჯრის ქვედა ნაწილი, იატაკის დონეზე გამოაგდო და გვერდითი კედელი მთლიანად, ნელ-ნელა გადაიხარა ჩაქცევისკენ. ეს ქვემოდან ნგრევაზე კი არა, ზევიდან ჩამოშლაზე მეტყველებს. მხოლოდ სართულ-ნახევარზე ვხედავდი, რომ გადმოიხარა 25-27 გრადუსით, რაც ძალიან დიდია.
-ბატონო დუგლას, სანამ ჩვენ ვსაუბრობდით „იმედმა“ გამოაქვეყნა კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ პირველ სართულზე, რემონტის დროს, ოთახების გაერთიანებისას საყრდენი კედელია გამოცლილი.
-ახლა მითხრეს, ორიოდ დღის წინ ჩამოწეულა კედელი, საყრდენები მოუტანიათ და ვერ დაუდგამთ. შეიძლება მართლაც ჩამოიშალა ის, მაგრამ წინა კედელზეა საუბარი, უკანა – რამ გადმოითრია? ჩანს მიზეზი ეგაა, მაგრამ აუცილებელია გამოკვლევა, ამის გარდა ბევრი სხვა რაღაც იქნება. ჰაერზე არაფრის თქმა არ შეიძლება, აუცილებელია ძირეული კვლევა და ექსპერტიზა.