„სააკაშვილს ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, მანამდე მომკლავდა – 2004-2012 წლებში“
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
„არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ის ციხიდან ავრცელებს თავისი ადვოკატის ნიკა გვარამიას მეშვეობით.
სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და მათ წინასაარჩევნო აქციებისთვის მომზადებას სთხოვს. იგი თანადგომას უცხადებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და პირველ ტურში გამარჯვებულ ყველა კანდიდატს.
„ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებასა და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში, გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, – დასძენს სააკაშვილი. ასევე, ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს ნარკოტესტის ჩაბარებას და ამ აქციაში სხვა პოლიტიკოსების ჩართვას.
საზოგადოებისთვის ჯერ ისევ გაურკვეველია საქართველოში ექსპრეზიდენტის ჩამოსვლის მთავარი მიზანი. ამაზე ბევრი ექსპერტი წერს, თუმცა ზუსტი პასუხი არავინ იცის.
როგორც ცნობილია, პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე კარგა ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვიდოდა სამშობლოში, მისი დაჭერა კი იქნებოდა ქართველი ერის სირცხვილი. საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია პოლიტიკოსს, ამაზე თავად გვიამბობს „აჭარასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
-ბატონო მურმან, თქვენ ელოდით ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტს და ამაზე ჩვენს ინტერვიუშიც ისაუბრეთ.
-კი, ველოდი. თანაც იმათზე მეტად, მის სამსახურში რომ არიან.
-თუ საიდუმლო არაა, საიდან იყავით ასე დარწმუნებული?
-ვიცოდი, რომ სიტყვას შეასრულებდა, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, როგორც წესი, ის სიტყვას ასრულებს. ასე იყო 2003-2004 წლებში, ასე იყო უკრაინაშიც და ასე მოხდა ჩვენთან, 2021 წელს.
-ის თუ იცით, რატომ ჩამოვიდა, ციხეში ჩაჯდომა უნდოდა თუ ცრუ ინფორმაცია ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურზე და დარწმუნებული იყო, რომ ვერ დაიჭერდნენ?
-არა, არა, ეგ არაფერ შუაშია. რაც უნდა უსუსური იყოს სახელმწიფო, მას ყოველთვის აქვს ადამიანის დაჭერის ბერკეტები. დაჭერას მოახერხებდა შევარდნაძის ხელისუფლებაც, ასლან აბაშიძეც და მოახერხა ღარიბაშვილმაც. მან კარგად იცოდა, რაც ელოდა და სწორედ ამ რისკით წამოვიდა. სააკაშვილმა სიტყვა შეასრულა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, შემოვიდა, აქ იყო არჩევნების დღეებში და შეგნებულად, ყოველგვარი ექსცესების, არეულობის მოწყობის გარეშე დააჭერინა თავი ძალოვნებს.
-თუ ჩაბარება უნდოდა, პირდაპირ პოლიციაში მისულიყო.
-რატომ, პრაქტიკულად ხელი შეუწყო საკუთარი თავის დაჭერას, რა ეჩქარებოდა ციხეში. თანაც, ამისთვის მზად რომ არ ყოფილიყო, დარჩებოდა უკრაინაში. ის ვიდეომასალა. რომელიც ბათუმში „ეიფორიასთან“ და საბაგიროსთანაა გადაღებული, ავთენტურია. იგივეა დედაქალაქში გაკეთებული ვიდეოები. გამოდის, ეს კაცი 3-4 დღე მოძრაობდა საქართველოში და თავადვე აკვალიანებდა უსაფრთხოების სამსახურს, რა დროს სად იყო. ამის შემდეგ რაღა უნდოდა მის გამოთვლას. მისი სურვილია, იმოძრაოს ქვეყანაში მოსახლეობის სასიკეთოდ. სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მსგავსი პრეზიდენტი საქართველოს არ ჰყოლია თავისი პლუსებით, მინუსებით, ჩავარდენებით, აღმასვლით და წარმატებებით. თუ საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ინტერესს გავითვალისწინებთ, ყველაზე მთავარი მიღწევა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, არის ის, რომ მისი მოღვაწეობის ყველა წელიწადს საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით იზრდებოდა. ესაა მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. დანარჩენი, პოლიტიკური ნაწილი, უმეტესობას არ აინტერესებს. თუმცა არც პოლიტიკა იყო მდარე, საგარეო ვექტორი იყო სწორი და საქართველოს დროშა იყო მტკიცე. აი, ეს არის მისი გაკეთებული საქმეები 2004-2012 წლებში. ის, რაც ვერ გააკეთა ან ცუდად გააკეთა, იყო გამოსასწორებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, მაგრამ მოცემულმა ხელისუფლებამ არაფრის კეთება არ ისურვა.
-თქვენ ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებს თავისით ჩაბარდა?
-მე ვამტკიცებ, რომ სააკაშვილი შეგნებულად წამოვიდ რისკზე და არც ერთი საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია დაკავების დროს. როგორც კი დაჭერის სიგნალი მიიღო, მშვიდად ჩაბარდა და თავად ნახეთ ტელევიზორში, როგორი მომღიმარი სახით შევიდა პოლიციაში.
-ამ ღიმილს ნარკოტიკებს მიაწერს ხალხი.
-ხალხი არა, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მის კომენტარზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ძალიან ახლოს ვიცნობ. ერთი წლის განმავლობაში ერთად ვიმუშავეთ. 2012 წლამდე მისი რომელიმე საჯარო გამოსვლა თუ გინახავთ ან თუ იცნობდით, საერთოდ? იმიტომ რომ იმალებოდა ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან. მე ივანიშვილის პრემიერობას მივეცი ხმა და არა მისას. . .
– ბატონო მურმან, რახან ღარიბაშვილი ახსენეთ, მისი კიდევ ერთი კომენტარი გავიხსენოთ, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი სისხლიანი რევოლუციის მოწყობა იყო, რომელიც დაიწყებოდა ოპოზიციური ლიდერების მკვლელობებით. რა გარანტია გქონდათ, რომ თქვენც არ გახდებოდით სნაიპერის ტყვიის მსხვერპლი?
-ირაკლი ღარიბაშვილის სიზმრებით მე არ ვცხოვრობ, არც პირად ცხოვრებაში და არც საჯარო პოლიტიკაში. მე ვაზროვნებ ისე, როგორც ფართო სპექტრის პოლიტიკოსი, რასაც ვერავინ დამიშლის.
-დარწმუნებული ხართ, რომ მსგავსი ჩანაფიქრი და გეგმა არ არსებობდა?
-აბსოლუტურად, რადგან სააკაშვილს ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, მანამდე მომკლავდა, 2004-2012 წლებში, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდად ცხოვრობდა მამამისთან, დედოფლისწყაროს გამგებელ ტარიელ ღარიბაშვილთან ერთად.
-როგორ შეაფასებთ თვითმმართველობის არჩევნებს, ახლაც გაყალბდა?
-მე არასოდეს მითქვამს, არც ერთ არჩევნებზე, რომ გაყალბდა, არც ასლანის დროს, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის. თუ კითხულობთ ჩემს კომენტარებს და ინტერვიუებს, დარწმუნდებით, რომ სიტყვა „გაყალბებას“ არ ვხმარობ.
-თქვენ მიგაჩნიათ, რომ არც ერთი არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა?
-მე ვთვლი, რომ ნებისმიერი არჩევნები უნდა ჩატარდეს სტაბილურ, დემოკრატიულ ვითარებაში, ღიად და გამჭვირვალედ. თუკი მსგავსი რამ არ ხდება, რა მნიშვნელობა აქვს, გააყალბებენ თუ არა. იქ, სადაც მასწავლებელი, სამხედროები და საჯარო მოხელეები ვერ აკეთებენ არჩევანს, ოქმების მანიპულირების და ბიულეტენების შეცვლის გარეშეცაა შესაძლებელი ხმების უმრავლესობის მიღება. სხვაგვარად, არც ერთი ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფალ გარემოში თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, ეს არჩევნები გაცილებით მეტი ხარვეზით წარიმართა, ვიდრე წინამორბედები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპაქტურად დასახლებულ პუნქტში, ყველა თვითმმართველ ქალაქში წააგო მმართველმა გუნდმა, მაინც მიიჩნევს, რომ გამარჯვებულია. ერთი რამ ავიწყდება მხოლოდ, არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ დაამყარებს ჰარმონიას საკუთარ მოქალაქეებთან და სახელმწიფოს მართვა გაუჭირდება. ამიტომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები თავისუფალ გარემოში, ეს მათი ერთადერთი გზაა.
-მმართველი გუნდი არ აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რადგან საქართველოს მასშტაბით 43%-ზე მეტი აიღო.
-ირაკლი ღარიბაშვილი ოქრუაშვილის გამოშვებასაც არ აპირებდა ციხიდან, მაგრამ გამოუშვა. მიშელის ხელშეკრულებაშიც არ აპირებდა სიტყვა „ვადამდელის“ ჩაწერას, მაგრამ ჩაწერა. ის გააკეთებს იმას, რასაც ივანიშვილი ეტყვის, ბიძინა კი, უკვე ხვდება, რომ „ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა, ამიტომ განერიდა მათ. ახლა უკვე ეტყვის მათივე პარტიის დამფუძნებელი, დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები დროზე ადრე და ესენიც კეთილს ინებებენ და დანიშნავენ.
-სააკაშვილის ჩამოსვლა გაუკვირდა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ამ უკანასკნელთ აშკარად შეეტყოთ უკმაყოფილება. თავად ნიკანორ მელიასაც ჩამოერთვა უპირობო ლიდერის სტატუსი. . .
-გეთანხმებით, მიშას ჩამოსვლა ბევრს არ უნდოდა, მაგრამ პოლიტიკა ასეთია. ჩერჩილიც კი, უდიდესი ავტორიტეტი პოლიტიკაში – არ უნდოდათ, მაგრამ არავის უარუყვია მისი პიროვნული თვისებები და შორსმჭვრეტელობა. მას უამრავი მტერი ჰყავდა, სხვაგვარად ვერ შედგებოდა გავლენიან ფიგურად. იგივე ხდება სააკაშვილთან მიმართებაშიც, იმის მიუხედავად, რომ ბევრს არ უნდა, ფაქტი ფაქტად რჩება, ასეთი პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყავს მოცემულ ეტაპზე. მას იმდენი ადამიანი უჭერს მხარს, რამდენიც არ უდგას მხარში ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას და ლიდერს ერთად აღებულს. ეს არის შემდგარი ფაქტი, ქაღალდზე გადატანილი მატერიალიზებული დასკვნა. ჩახედეთ ციფრებს, არითმეტიკაა. ნიკა მელიას აღიარება არ სჭირდება მიხეილ სააკაშილს, იგი უკვე შედგა როგორც ლიდერი.
-ბატონო მურმან, თქვენც მიშას „ფანი“ გახდით?
-მე სააკაშვილთან ვიყავი სანამ ასლანს ჩამოვაგდებდით ტახტიდან. სეპარატისტული ხელისუფლება გავცვალე არასეპარატისტულ ხელისუფლებაზე. იმედია, ამაში მაინც დამეთანხმებით, რომ აბაშიძე სეპარატისტი გახლდათ, ის არ ჩადიოდა დედაქალაქში, აკეთებდა სეპარატისტულ განცხადებებს და აჭარა გააცალკევა დედასაქართველოსგან. ამიტომ იყო აუცილებელი მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ დაუჭერია ასლან აბაშიძე. არც შევარდნაძე დაუჭერია, ერთი დღეც არ მჯდარა საკანში, ეს არის პირადად მიშას დამსახურება და. . .
-თქვენ რომ დაგიჭირათ და გცემათ, თავ-პირი გაგიერთიანათ, სხვები რომ დაიჭირა და აწამა, იმათზე რა ვთქვათ?
-სხვა ვინ დაიჭირა პოლიტიკოსი, აბა, გვარი შემახსენეთ. . . ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც დაიჭირა, ირაკლი ბათიაშვილი იყო, ისიც მალე გამოუშვეს, დიდხანს არ მჯდარა. მე ადმინისტრაციული მუხლი მომისაჯეს, სისხლის სამართალი ვერ შემიფარდეს.
-რამდენი ხანი იჯექით?
-ერთი თვე, პოლიტიკური ვერ მომცეს. ამას ბევრი ვერ აანალიზებს. სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ პოლიტიკა იყო ასეთი – პოლიტიკურ ლიდერებს მიხეილ სააკაშვილი არ იჭერდა.
-თქვენი პროგნოზი ყოველთვის მართლდება. თუ შეიძლება ჩაგეკითხოთ, არჩევნების მეორე ტურში ვინ იმარჯვებს, გამოუშვებენ თუ არა ციხიდან მიხეილ სააკაშვილს და ჩაერევა თუ არა უკრაინა მის გათავისუფლებაში?
-არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ანუ უკვე გამარჯვებულია და რეფერენდუმი ჩატარებულია. ხომ თქვეს სიტყვა, თუ ვერ ავიღებთ 43%-ს, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო, ჰოდა, დედაქალაქში მიიღეს 39%. ბათუმში – 40%. . . იგივეა სხვა მსხვილ ქალაქებში. მომატებული პროცენტი აქვთ რეგიონებში, მათ შორის სიმბოლურია – ნინოწმინდა, სადაც 100 ამომრჩეველი იყო, ასივე მივიდა და ყველამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ნინოწმინდაში 100% ხმა ჰქონდა შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც, ისევე, როგორც 100% მიიღო თავის დროზე ასლან აბაშიძემ ხულოში. მითხარით, ახლა, ითვლება ეს მონაცემები? ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად, პირველივე ტურში გაიმარჯვა ოპოზიციამ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით, იგივე იქნება მეორე ტურში. მჯერა, რომ აქაც მივიღებთ ხმათა უმრავლესობას, უკრაინაც ჩაერევა და სააკაშვილსაც გაათავისუფლებენ ციხიდან. იგი ჩაებმება პოლიტიკურ კონკურენციაში და მერე აათამაშონ კუნთები მისმა კონკურენტებმა.
მე ვარ ჯანსაღი კონკურენციის მომხრე ყველა მოცემულობაში. ვისაც სურს პოლიტიკური პარტიის შექმნა, უნდა შექმნას. ვისაც პარლამენტში მოხვედრა უნდა, იბრძოლოს და მოიპოვოს საკანონმდებლო ორგანოს სავარძელი, შეიმუშაოს პროგრამა და განახორციელოს საქართველოს კეთილდღეობისათვის. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა კონკურენციაშია.
-თქვენ მართლა თვლით, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, არ დაიწყება ტერორი, დაჭერები, უსამართლო გასამართლებები, შედგება კოალიციური მთავრობა?
-როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, იყო 2003-2004 წლები, ჩაბნელებული და გაუბედურებული, კრიმინალური საქართველო. ვერ ჩართავდა შუქს ირმა ცეცხლაძის სახლში, თუ არ დაიჭერდა ენერგეტიკის მინისტრს, ეს გამორიცხული იყო. 6 თვეში გააჩახჩახა საქართველო, ხომ მართალია? ახლა აღარ არის ის პერიოდი, კოალიციური მმართველობის დროა. მაშინ სააკაშვილი 35 წლის იყო, ახლა 55 წლისაა. მე მაშინ 40-ის ვიყავი, ახლა – 60 წლის ვარ.
-მიგაჩნიათ, რომ წლები შეგემატათ და დაბრძენდით თქვენც და მიხეილიც?
-წლები გადის, ყველაფერი იცვლება და სტაბილურდება. ქვეყნის განვითარება მხოლოდ შემდგარ, ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურებს შეუძლიათ, ერის გადარჩენის გზა კონკურენციაზე გადის. თქვენ თუ გგონიათ, რომ სააკაშვილზე ვფიცულობ და დედაჩემივით ხატად მყავს გადაქცეული, ასე არ არის, უნდა შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში და ვნახოთ, თავისუფალ გარემოში ვინ რა შედეგს დადებს.

