პოლიტიკა
“ჩვენი კანდიდატი გიორგი კირთაძე მეორე ტურს მოიგებს, გახდება მერი”
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
“მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილში წერს, რომელიც ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების მიზეზებსა და მის პოლიტიკური გეგმებს შეეხება:
„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. . . საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია, არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს”.
გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან გაერთიანებული ოპოზიციიდან მედეა ვასაძესთან, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.
-ქალბატონო მედეა, ჩვენს წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა და საქართველო უნდა მართოს კოალიციურმა მთავრობამ. ამ ეტაპზე, რას ფიქრობთ, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, ყოფილი პრეზიდენტი დათმობს ერთპიროვნულ მმართველობას?
-არ მითქვამს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა. არ მახსენდება ასეთი განცხადება. პირიქით, ვამბობდით, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაპირდა საკუთარ მომხრეებს არჩევნებზე ჩამოსვლას და ჩამოვიდოდა. უბრალოდ, თარიღი არ ვიცოდით. ითქვა, რომ 2 ოქტომბერს ჩამოვიდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აქ უფრო ადრე იყო. როგორ და რა გზებით მოდიოდა, ეს ჯერ არ ვიცით, არც ის ვიცით, უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი თუ არა. უბრალოდ, გავარკვიეთ, რომ ყველანაირად შეეცადა შეენარჩუნებინა ინკოგნიტო, რათა არ აეღელვებინა ხალხი და არ გამოეწვია მძაფრი რეაქცია საკუთარი ვიზიტით.
-თუკი საკუთარ მომხრეებთან შეხვედრას არ აპირებდა, საერთოდ რატომ ჩამოვიდა?
-სიტყვა შეასრულა, თანაც ისე, რომ არ გამოეწვია დესტაბილიზაცია არჩევნების წინ. მას არ სურდა არეულობით, საპროტესტო აქციებით და მიტინგებით მოპოვებული ხმები, თორემ ამასაც როგორმე მოახერხებდა. საქართველოში შემოსვლით, მან ყველას დაანახა, რომ არ არის დაცული სახელმწიფო საზღვრები და ნებისმიერს შეუძლია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, თუკი მოინდომებს. ვერ იცნო შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, წარმოუდგენელია. გამოდის, იმდენად მოშვებული და დასუსტებულია საბაჟოს დაცვის მექანიზმები, ვერავინ იცნო და მშვიდად გამოატარეს. მისი ჩამოსვლის თარიღი წინასწარ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე ვიცით და ვიცით ისიც, რამდენ ხანს იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რადგან არ აწყობთ გამჟღავნდეს უსაფრთხოების სისტემის სისუსტე და უნიათობა.
-სააკაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული, რომელთა გათავისუფლებასაც ცდილობენ ადვოკატები.
-დიახ, იმ ორი კაცის დანაშაული მხოლოდ ქართული სტუმართმასპინძლობა და პრეზიდენტის მიმართ ღრმა პატივისცემაა. თუკი ამისთვის იჭერენ დღეს საქართველოში ადამიანებს, მაშინ ყველა ციხეში გამოსამწყვდევი ვყოფილვართ.
-გულწრფელად მითხარით, ქალბატონო მედეა, თქვენ რომ მოგდგომოდათ კარზე მიხეილ სააკაშვილი, შეიფარებდით?
-გულახდილად გეტყვით, იმის მიუხედავად, რომ იურისტი ვარ და ძალიან კარგად მესმის, რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ვიზიტს, ვერც მე ვეტყოდი უარს.
-თქვენ თვლით, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ რაიმე ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე?
-რა თქმა უნდა, იქონია. უკეთესის მოლოდინი გვქონდა. მთლად ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ, როგორსაც ველოდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ სამ ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებდით, მაგრამ სერიოზული დარღვევები იყო უბნებზე, რის გამოც ჩვენი სრული გამარჯვებით ვერ დასრულდა ეს არჩევნები. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურს ვეღარ ჩაატარებენ ხარვეზებით, რადგან ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივა უბნებზე, ხალხის ნებას კი წინ ვერავინ აღუდგება. შედეგად, საკრებულო ოპოზიციური გვეყოლება და დიდი ალბათობით, ჩვენი კანდიდატი გიორგი კირთაძე მეორე ტურს მოიგებს, გახდება მერი.
-„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები მოიგო.
-ამაშია, საქმე. მაჟორიტარული სისტემით წაგებული აქვთ და სხვაგან როგორც მოიგეს, თავადაც კარგად იცით. როგორ იზეიმეს, ნახეთ?ვფიქრობ, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. რატომ ილხენენ ასე დაჩქარებულად, რას ცქმუტავენ, რას ცანცარებენ, გამაოგნებელია. იუმორით წერდნენ შემდეგ ჩვენი მომხრეები, ორ-ორი მერი ეყოლება ალბათ ჩვენს ქალაქებსო, იმიტომ, რომ თავშეკავებულად, მაგრამ მაინც აღვნიშნეთ ის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რაც იყო. რა გითხრათ, არასერიოზულად იქცევიან, მოგების შემთხვევაშიც, ქვეყნის მართვაშიც და წაგების დროსაც. დაკარგეს მოქალაქეების ნდობა. მათ ნათქვამ სიტყვას ფასი აღარ აქვს. ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ ბევრ მათგანს პიროვნულად ვცემ პატივს, როგორც წესიერ ადამიანებს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
-იქნებ აგვიხსნათ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი?
-მისი ჩამოსვლა გახდა სტიმული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ორჭოფობდნენ და არჩევანი არ ჰქონდათ გაკეთებული გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ. ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგის მიღების იმედი გვქონდა და სააკაშვილს უნდოდა ერთად აღგვენიშნა გამარჯვება.
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დაიღალა უცხოეთში, სამშობლოსგან შორს. იფიქრა, სადაც სუსტი ადგილია იქ გაწყდეს, თუკი აუცილებელია ჩემი ციხეში ჯდომა ქვეყნის განვითარებისთვის და ევროპაში ინტეგრაციისთვის, დაე, დამიჭირონ, მოვიხდი სასჯელსო.
-მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს?
-არ მგონია, რადგან ჰყავს ბევრი პატივისმცემელი და მომხრე. მათ შორის ვარ მეც, რომელიც წლების განმავლობაში ვიყავი მასთან მკაცრ ოპონირებაში.
-ეს გვახსოვს და ამიტომ გვიკვირს თქვენი ასეთი განწყობა. მართლა თვლით, რომ მიშა შეიცვალა?
– კი, ასე ვთვლი და ამ გადასახედიდან სულ სხვაგვარად ვაფასებ მის მმართველობას. ერთხელ, სატელეფონო საუბარში მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ ძალიან ადრე მივხვდი ყველაფერს. მითხრა: „დროზე შესძელით „ოცნების“ დატოვება“. მე აზრადაც არ მქონია, რომ მომიწევდა გაერთიანებულ ოპოზიციაში შესვლა და ენმ-სთან პარტნიორობა. ხომ ხედავთ, მეც კი შემომაბრუნეს და ვინ იცის, რამდენია ჩემნაირი. მურმან დუმბაძეზე აღარც მაქვს საუბარი, ჩემთან თქვა, მიშა იმდენ რამეს აკეთებდა საქართველოს განვითარებისთვის, ნეტა ყოველ დღე ერტყა ჩემთვის ცხვირ-პირში და აქ ყოფილიყოო.
-როგორ შეაფასებთ თვითმმართველობის არჩევნებს, იყო თუ არა ხარვეზები, რომელმაც უშუალოდ იქონია გავლენა შედეგებზე?
-პირადად დავაფიქსირე, რომ არჩევნებზე იყო პროცედურული დარღვევები. საოლქო საარჩევნო კომისიაში ვიჯექი, უბანში არ ვყოფილვარ და საკუთარი თვალით საერთო სურათი არ მინახავს. 20 საჩივარია ჩემი სახელით შეტანილი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. იყო გადაცდომები, კანონის დარღვევა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ უბნებთან ახლოს „ძველი ბიჭები“ არ შეინიშნებოდნენ. სამაგიეროდ, კოორდინატორები იდგნენ 100 მეტრი რადიუსის შიგნით, რაც უკვე დარღვევაა.
იყო „კარუსელებიც“. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ რომელიღაც უბანზე ორი კარი ყოფილა და ის მეორე საერთოდ არ კონტროლდებოდა, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. ძირითადად, გაყალბება მხოლოდ უბანში ხომ არ ხდება? ცხადია, ყუთთანაც ხდება, მაგრამ უმეტესად გარედან ახერხებენ. შემოჰყავთ მოსყიდული ადამიანები, ზოგს აშანტაჟებენ, აიძულებენ და ა.შ. ეს ჯერ კიდევ ვერ მოვიშალეთ, რადგან არ არის პოლიტიკური ნება და „ქართული ოცნება“ ებღაუჭება ამ ხელისუფლებას. სხვაგვარად ვერაფერს რომ ახერხებს, ისევ ძველ, სხვა ხელისუფლებების მიერ გამოცდილ ხერხს იყენებს.
-თქვენი პროგნოზით, როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური? ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ დაძაბა პოლტიკური ვითარება. საარჩევნო კამპანიას შეუდგებით თუ მიტინგებს დააანონსებთ ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად?
-არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. საარჩევნო კამპანიაში ვიმყოფებით და ყველაფერს ერთად ვერ გავწვდებით. აქციების და მიტინგების მოწყობა კარგია, მაგრამ გვირჩევნია, ხალხმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთოს არჩევანი და არა საპროტესტო აქციებზე იდგნენ. ახლა უნდა გადაწყდეს, რომელი აიღებს ხმათა ნახევარს პლუს ერთს. ადმინისტრაციული რესურსი იმდენია, რომ კენჭისყრის ნაწილს ყველა ვარიანტში მიიღებს „ოცნება“, საჯარო მოხელეებს უცერემონიოდ მირეკავენ ყუთებთან. ჩვენ კი, წესიერად, პატიოსნად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩეველთან, კიდევ ერთხელ უბანში რომ მივიდეს და გამოხატოს თავისუფალი ნება, თანაც ამ ხალხის რაოდენობა პირველ ტურში მისულებზე მეტი უნდა იყოს. ეს სირთულე ახასიათებს მეორე ტურს, ზოგადად. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ელექტორატი არ დაიზარებს მოსვლას.
-ანუ გაქვთ საბოლოო გამარჯვების იმედი?
-აქ მნიშვნელოვანია გახარიას პოზიცია. ვნახოთ რას იზამენ და ვის დაუთმობენ თავიანთ ხმებს. გახარია აცხადებს, რომ კოალიციას არავისთან შექმნის და არავის მხარეს არ დაიჭერს. თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არ დაუდგები, მაშინ როგორ გინდა ხელისუფლების შეცვლა? ახლა გამჟღავნდება, რას და ვის წარმოადგენს გახარია.
-„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამომრჩეველთა 10% მათ გახარიამ წაართვა.
-კი, ბატონო. მან ხელისუფლებას და „ლელოს“ წაართვა ხმები. არადა, გახარია იყო მმართველი გუნდის ნაწილი და მისი ხელმძღვანელი. ამას წინათ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რამხელა ინფლაციაა და რა დღეშია ჩვენი ეროვნული ვალუტაო. ამაზე განერვიულდა ხაბეიშვილი, მე მახსენებთ, ამას, რომელიც უკვე სამი წელია ვაყენებ ამ საკითხსო.
თუკი მან ოპოზიციას არ მისცა ხმები, ისევე როგორც „ლელომ“, მაშინ დამტკიცდება რომ ის არის ივანიშვილის კიდევ ერთი პროექტი, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რომ სწორედ მასზე ამყარებს სამომავლო იმედებს „ოცნება“, რათა უკვე სხვა გზებით და ახალი სტრუქტურებით ჩარჩეს ხელისუფლებაში.
-როგორც იურისტი რას ფიქრობთ სააკაშვილის სამართლებრივ სტატუსზე?
-მასზე უკვე გამოტანილია სასამართლოს განაჩენი რამდენიმე მუხლით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. ანუ ის არის მსჯავრდებული. მისი ციხიდან გამოყვანა მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალებითაა შესაძლებელი, მაგრამ პროცედურულად, ეს შეწყალება მსჯავრდებულმა ანუ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოითხოვოს, თავად დაწეროს განცხადება და მიმართოს ზურაბიშვილს, რასაც ის არაფრით არ იკადრებს, არ იზამს.
-რაც შეეხება საზღვრის უკანონო კვეთას?
-არ არის ცნობილი, რა გზებით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში. იქნებ გამოატარეს, ესეც ხომ არ ვიცი?
-თუ კანონიერად გადმოკვეთა საზღვარი, ხომ იქნება საბაჟოზე აღრიცხული?
-კი იქნება, მაგრამ არც ესაა გამოცხადებული, კატეგორიულად არ უარუყვია არავის. ვნახოთ, აბა, როგორ წარიმართება პროცესი. მსჯავრდებისას წარმოადგენენ ყველა მტკიცებულებას, რაც ნათელს მოჰფენს ფაქტს. რომ ემუქრებიან, თუ ჭკვიანად არ იქნები, კიდევ ამოგიყრით საქმეებსო, ეს უკვე სირცხვილია. თუკი რაიმე აქვთ, რატომ მალავენ და თუ ვერ ამტკიცებენ, მაშინ რატომ ემუქრებიან ციხეში მჯდომ ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც შუქი დაგვიბრუნა, გაზი დაგვიბრუნა, კომფორტული ცხოვრება მოგვცა, სახელმწიფო ინსტიტუციები ჩამოაყალიბა და ა.შ. არ მიმაჩნია მისი დაკავება სამართლიანად.
-რას დაამატებდით?
-უბრალოდ ვიტყვი, რომ მშვიდობა მინდა ჩვენს ქვეყანაში, მინდა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და კოალიციური მმართველობა ჩამოაყალიბოს, რომელიც გახდება ქვეყნის ევროპული განვითარების გარანტი. მინდა ჩვენმა შვილებმა გამართულ, მდიდარ, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც პოლიტიკას სუფთა ხელებით გააკეთებენ და სადაც არ ექნებათ სამსახურის დაკარგვის შიში საარჩევნო უბნებში „სხვა“ არჩევანის გაკეთების გამო.
აქვე მინდა აღვნიშნო, თუკი მერი ოპოზიციას წარმოადგენს, საკრებულო კი პოზიციის უმრავლესობითაა დაკომპლექტებული, გაუჭირდება მუნიციპალიტეტის მართვა. საკრებულოსთან ხომ უნდა შეათანხმოს და ისე გადაწყვიტოს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. საკრებულოს ნების აღმასრულებელია ქალაქის მერი ანუ ქალაქის მთავრობა. თუკი შეთანხმებული მუშაობა არ იქნება, გაუჭირდება ორივე მხარეს. ვიმედოვნებ, ეს საკითხი გადაწყდება და შესაბამისობას მივაღწევთ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის სრული გამარჯვებით.

სულ ნანახია
228

დღეს ნანახია
1