საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე -კართან“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობისას დააარსა. სამი წლის წინ ფესტივალმა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტატუსი შეიძინა და აჭარის მთიანეთის ყველა სოფელი მოიცვა.
ქვეყნის დედაქალაქიდან, სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული მწერლები, პოეტები, ხელოვანები, მეცნიერები სამი საფესტივალო დღის განმავლობაში აჭარის მთიანეთის ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. არაერთი პროზული ნაწარმოები თუ ლექსი დაიწერა აჭარის მთიანეთში ნანახსა და განცდელზე, რაც სწორედ, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია.
შარშან „ზე-კართან“ პანდემიის გამო არ ჩატარდა. წელს საფესტივალო დღეებად 12-13-14 ოქტომბერი განისაზღვრა. დროის ამ მონაკვეთში ფესტივალის მონაწილენი შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ესტუმრებიან. „ზე-კართან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
იმაზე თუ რა ელოდებათ ამჯერად, ტრადიციად ქცეული ამ საინტერესო ფორუმის მონაწილეებს, კომენტარი ვახტანგ ბერიძეს ვთხოვეთ.
– „ზე-კართან“ შუახევლებისა და მათი სტუმრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ფესტივალია. წელს იგი კორონავირუსის პანდემიის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
12 ოქტომბერს, დღის 12 საათზე მონაწილეებს რიკიხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში მივიწვევთ, სადაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „თავისუფალი სიტყვა, როგორც არჩევანი, ანუ ორიოდე სიტყვით ლიტერატურის ცენზურაზე“. იმავე დღეს მწერალი პაატა შამუგია შუახევის ბიბლიოთეკაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „თავისუფლების პოეტი“.
ფესტივალის საზეიმო გახსნა ფურტიოს ისტორიული თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მონაწილენი დაათვალიერებენ რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, ნახავენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ გამოსვლას.
მეორე დღეს ჭვანის ხეობის ისტორიულ სოფელ ხაბელაშვილებს ვესტუმრებით. ვნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მერე ისტორიულ ხის ხიდს, რომელიც სამ საუკუნეზე მეტს ითვლის და წისქვილების სოფელს. აქვე გაიმართება პოეზიის საღამო, ფოლკლორული კონცერტი. ამჯერად, მონაწილეთა წინაშე შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ავთენტურ ანსამბლ „ჭვანის“ და ქალთა ანსამბლ „ნაის“ მომღერლები წარსდგებიან.
დღის ბოლოს სოფელ ნიგაზეულს ვესტუმრებით. აქ მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროპული ნობელიანტები საქართველოში“.
ფესტივალის საზეიმო დახურვა 14 ოქტომბერს „სვეტიცხოველობაზე“ გაიმართება. დილის საათებში მონაწილენი სხალთის ტაძარში მიულოცავენ და შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს დაათვალიერებენ.
დასკვნითი ღონისძიება მარეთის ხეობის შორეულ დასახლებაში საფუტკრეთში იქნება. აქ შარშან გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერისა და ქართველობის ტარიელ ფუტკარაძის ახლო ხანს გამოცემული წიგნის „მარეთის ხეობის (ზემო აჭარა) ისტორიული მუზეუმებისა და ტოპონიმიისათვის (თედო სახოკიას კვალდაკვალ) წარდგენა გვექნება.
შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები წაიკითხავენ ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილ თემებს. მონაწილეებს მიესალმებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორები და მეცნიერები. გაიმართება კონცერტი.

