სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ზვიად თავდგირიძის ბაბუა კაკო ბერიძე ბათუმელებისა და ხელისუფლების მიმართ უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს
მარი მიდასელი 27 48 93 –
ბათუმში იმგვარი, ენითუთქმელი, უბედურების, როგორიც 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის შედეგად დატრიალდა, გახსენება ძნელია. ყოველი ჩვენი თანაქალაქელი შეძრულია ამ ტრაგედიით. ოჯახების, რომლებიც სულიერად, მატერიალურად, სისხლით, ხორცით, მთელი ცხოვრებით დაზარალდნენ, ნუგეშისცემაც ძნელია და დადიან ბათუმელები ქალაქის ქუჩებში თავზარდაცემულნი, სულით ხორცამდე შეძრულნი და დათრგუნულები. . . თუმცა ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, ტრაგედიით დამძიმებულებს თანაგრძნობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. 11 ოქტომბერი გლოვის დღედაა გამოცხადებული, ბათუმელები არ წყვეტენ ტრაგედიის ადგილზე მისვლას და აქ დაღუპულების, მათ შორის მცირეწლოვანების პატივსაცემად ყვავილების, საჰაერო ბურთებისა და სათამაშოების, ასევე პირველადი საჭიროების ნივთების, ტანსაცმლის მიტანას, ხელისუფლებამ დაზარალებულები და მიმდებარე სადარბაზოების მცხოვრებნიც, დროებით, სასტუმროებში დააბინავა (რაზეც ზოგიერთმა უარი თქვა), რის შემდეგაც ხუთი თვით ნაქირავები ბინით და შემდგომ უკვე საკუთარი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც დაჰპირდა. თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ თბილისობის ტრადიციული დღესასწაული ამ ტრაგედიის გამო არ ჩატარდება: “ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.
ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება, გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“ – წერს კალაძე ფეისბუქზე.
დაზარალებულთა რიცხვშია ცნობილი ქირურგი კაკო ბერიძე, რომლის შვილიშვილი – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, ვინც ნანგრევებში მრავალსაათიან ტანჯვას ცოცხალი გადაურჩა. ღვთის სასწაულს მიაწერენ ოჯახის წევრები, რომ ზვიადი კორპუსის ჩამონგრევის დროს, მეექვსე სართულიდან ჩამოვარდნისას ორ კარადას შორის დარჩენილ სივრცეში აღმოჩნდა, ფეხზე მდგარი, მობილური ტელეფონით ხელში, რომლითაც ესაუბრებოდა დანარჩენ სამყაროს. . . თერთმეტსაათიანი ლოდინის შემდეგ იგი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და ბათუმის მედცენტრში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა სახის დაჟეჟილობასა და მოტეხილობასთან ერთად, ტვინში სისხლჩაქცევაც განუვითარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიც დასჭირდა, დღეისთვის მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია და საბოლოოდ გამოჯანმრთელების იმედსაც იძლევა.
ეს ინფორმაცია ბატონმა კაკომ მოგვაწოდა და ასევე, გვითხრა:
– ამ საშინელ განსაცდელს, რომლის აღწერაც შეუძლებელია, ადამიანი გვერდით მყოფთა თანადგომის, ერთგულების გარეშე ვერ გაუძლებს. ბათუმელების სიყვარულის, მათგან მიღებული სითბოსა და ნუგეშისცემის რაიმეთი ანაზღაურება წარმოუდგენელია. უზომოდ მადლიერი ვარ. . . გამოთქმაც კი მიჭირს, რა გამოვიარეთ ამ დღეებში და ახლაც რას განვიცდით არა მარტო ჩემი ოჯახის, არამედ ჩემი მეზობლების გაუსაძლისი ტრაგედიის გამო. უსაზღვრო მადლობა ყველას, ჩემს ბათუმს, ჩემს თანაქალაქელებს, მთელ აჭარას გვერდით დგომისთვის, გამხნევებისთვის, დახმარების შემოთავაზებისთვის, მადლობა მედიკოსებს, რომლებიც დღემდე თავგანწირვით ცდილობენ ჩემი შვილიშვილის გადარჩენას, მადლობა მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის და ზვიადის ნანგრევებიდან გამოყვანისთვის, მადლობა აჭარის მთავრობას ამ ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლისთვის, ყველა ნაბიჯისთვის, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად გადადგეს, მადლობა თბილისის მერ კახა კალაძეს, თანაგრძნობის ასე თვალსაჩინოდ და ამ ფორმით გამოხატვისთვის.