სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სააკორდინაციო მართვის ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და სამინისტროს წარმომადგენლები. მოისმინეს ინფორმაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ.
გიორგი ხანიშვილმა მავნებელთან ბრძოლის პროცესი დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული. მისივე თქმით, ამ პერიოდში, როცა მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ მექანიკური მეთოდების გამოყენება.
,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმართავს ყველა ღონისძიებას, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო- სამეურნეო კულტურების ზიანის მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები,”-განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი.

