„მსურს, გულმა დიდხანს გამიძლოს იმ კუთხეში, რომელიც გულით მიყვარს“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ისტორია მათ ღვაწლს არ ივიწყებს, ვინც ეროვნული ტელევიზიისა და რადიოს, თუნდაც იმხანად ნორჩების ყველაზე საყვარელი გაზეთის საქმიანობაში თავისი წვლილი შეიტანა. 30 წელზე მეტი შეალიეს ჟურნალისტურ საქმიანობას რუსუდან და გიორგი გამსახურდიებმა.
– მამა პროფესიით მსახიობი იყო, დედა – ფილოლოგი, მაგრამ ორივე ჟურნალისტიკამ დაატყვევა. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საბავშვო გადაცემაში მუშაობდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას ის ხალისიანი დღეები, როცა ტელევიზორს მივუსხდებოდით და მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს ვუყურებდით. ყველაზე მეტად მშობლებს ის უხაროდათ, მეგობრები ტელეფონით რომ შეეხმიანებოდნენ და გადაცემას მოუწონებდნენ, -იგონებს პროფესორი თამარ გამსახურდია, რომლის მშობლები დღეს წუთისოფელში აღარ არიან.
მათთვის ყველაზე მტკივნეული ის დღე იყო, როცა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მუშაობა ყოველგვარი მადლობის გარეშე დაატოვებინეს. თამარის მამას გვერდით ედგნენ და ამხნევებდნენ თანაჯგუფელები, თეატრისა და კინოს ვარსკლავები რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე.
– მათ საერთო რწმენა, იმედი და იდეა ჰქონდათ, საერთო საქმე კი სამშობლოს სიყვარული იყო. რაღაც შუალედში ერთმანეთს რომ დასცილდებოდნენ მივლინების ან გასტროლების გამო, მამას ხასიათი ეცვლებოდა, ისე უჭირდა მათ გარეშე. ამ სიყვარულით გვზრდიდნენ მეც და ჩემს ძმასაც. მათ მიერ შესრულებული კინო თუ სასცენო როლები, მუდამ მახარებდა. „ჩვენი თამარი“,-ასე მომმართავდა ბატონი რამაზი. ხშირად საჩუქრებითაც გულს მიხარებდნენ. სუვენირები, თუნდაც საუკეთესო წიგნები, რეცენზიები თეატრსა და კინოზე მათი ავტოგრაფით ოჯახურ რელიკვიად რჩება, – ამბობს თამარი.
მშობლების საქმიანობა, მამის მეგობრების თაყვანისცემა ერთგვარი საფუძველი უნდა გამხდარიყო, რომ თბილისის 139-ე საშუალო სკოლის კურსდამთავრებულ თამარ გამსახურდიას მომავალ სპეციალობად ჟურნალისტიკა ან თეატრი და კინო აერჩია. თამარი მშობლების შემდეგ ახლაც მადლობას უხდის გვარისა და ოჯახის ახლობელს, ცნობილ მეცნიერს, პროფესორ გივი გამსახურდიას, რომელმაც გზაჯვარედინზე მდგომ გოგონას მისი ნიჭისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქვეყნისა და ახალგაზრდობის სასიკეთო პროფესია აარჩევინა. თამარმა სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობაზე ჩააბარა მისაღები გამოცდები, რაც მისი მომავალი საქმიანობისა და მეცნიერული მოღვაწეობის საფუძვლად იქცა.
თბილისში დაბადებულ-დაფრთიანებულ გოგონას საქართველოს ყველა კუთხე, იქ მცხოვრები ადამიანებითურთ, მშობლიურივით უყვარდა, გამორჩეულად კი ზღვისპირეთი, რომელიც ანდამატივით იზიდავდა. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მეცნიერული მოღვაწეობის საუკეთესო წლებს ბათუმს, აჭარას დაუკავშირებდა. მანამდე კი საკუთარი ნიჭის წყალობით, მილსადენების მშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. მოსკოვში გატარებული ექვსი წელი მისი ცხოვრების ოქროს ხანა იყო. სადისერტაციო კვლევასთან, მეცნიერულ და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხშირად დადიოდა მივლინებაში იმ საკავშირო მნიშვნელობის ობიექტების მუშაობის გასაცნობად, რომლებიც მილსადენების გაყვანით იყვნენ დაკავებული. მზიურ საქართველოში გაზრდილი გოგონა ციმბირის მკაცრ კლიმატსაც შეეგუა – თითქმის ერთი წელი დაჰყო ტაიგასა და ტუნდრაში.
სამ ათეულ წელზე მეტია გასული იმ დღიდან, როცა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდა.
– ქვეყნად თანადგომა, კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანები რომ არ იყვნენ, მაშინ სიცოცხლეს ასეთი ფასი არ დაედებოდა,- გვეუბნება თამარი, – გივი გამსახურდიას თანადგომასთან ერთად არ შეიძლება არ ვთქვა ცნობილი რუსი მეცნიერის, აკადემიკოს ვლადიმერ ლისიცკინის დახმარებაზე. ეს საქართველოსადმი კეთილგანწყობილი კაცი, ჩემთვის მშობელი, დამრიგებელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი და უფროსი მეგობარი იყო. ჩვენი ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გრძელდებოდა. მხცოვანს მგზავრობა უჭირდა, მეც, ოჯახს მიკედლებული, მეცნიერულ მუშაობაში ჩართული, თანაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გამო, მოსკოვში ვეღარ ჩავდიოდი.
2004 წელი თამარ გამსახურდიას მეცნიერულ სარბიელზე დიდი წარმატების წელია – მან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემების ფუნქციონირების ეფექტიანობის თაობაზე.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი 2004 წლიდან ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო და ბიზნესადმინისტრირების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ამასთან, ეკონომიკურ თემებზე ლექციების კურსი მიჰყავს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
აჭარა, მისი ზღვისპირეთი და მთიანეთი, როგორც აღვნიშნეთ, თამარის საოცნებო ადგილი იყო. უფლის ნებითა და საკუთარი მისწრაფებით, 2004 წლიდან ეს ოცნება რეალობად აქცია. იგი მეტწილ დროს რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში ატარებს. მისი ხელდასმით 3 დოქტორანტი აკადემიური დოქტორი გახდა. ხშირად უწევს ოპონირებას იმ დოქტორანტებს, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციებს იცავენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ამჟამად ლექციების კურსი იმ მეცნიერებს მიჰყავთ, რომელთა დაკვალიანებაში თამარმა ლომის წილი გაიღო.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში თამარს კოლეგები, სტუდენტები, მეგობრად და საუკეთესო დამრიგებლად თვლიან. ფილიალის კურსდამთავრებულები ბათუმში, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კერძო სექტორში საქმიანობენ. მათ ღირსეულ დამრიგებელთან ურთიერთობები დღემდე აქვთ. შარშან, წლის მიწურულს ხულოს მუნიციპალიტეტში საჯარო ღონისძიებაც გამართა. თამარ გამსახურდია, ფილიალის მენეჯერი ამირან მესხიშვილი, მენეჯერის მოადგილე სულიკო ანთაძე საბიუჯეტო ორგანიზაცია-დაწესებულებებში, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ბიუჯეტის მართვის პროცესებზე ესაუბრნენ.
-დედაჩემი ჩემთვის ყველაზე დიდი საფიცარი და სათაყვანებელი იყო. ახლაც, გაზეთის იმ ნომრებს რომ გადავშლი, სადაც დედაჩემის წერილები იყო დაბეჭდილი, მისი სითბო და სურნელი მოდის გაყვითლებული ფურცლებიდან. მეც ორი შვილი გავზარდე. ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება შვილებია. ნინო ქაჯაია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობაში მუშაობს. ნიკა ქაჯაიამ ბიზნესი აირჩია. მიხარია, როცა ნინო და ნიკა მეგობრებთან ერთად უკვე საკუთარ კერად ქცეულ ბათუმში მსტუმრობენ.
რაკი გაზეთი ჩემი საქმიანობით დაინტერესდა, ერთსაც ვიტყვი: ძალიან მიყვარდა ცნობილი პროზაიკოსი გურამ ფანჯიკიძე, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მის შვილებთან ახლაც ვმეგობრობ. მას აჭარა, მისი კუთხე-კუნჭული გამორჩეულად უყვარდა. უფალმა მისი დაუოკებელი სული ბათუმში ჩაიბარა. მეც და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს გვახსოვს მისი უკანასკნელი ფრაზა: „გულმა იმ კუთხეში მიღალატა, რომელიც გულით მიყვარდა“. დავესესხები ქართველ რომანტიკოსს და ჩემეულ პერიფრაზირებას გავაკეთებ: „მსურს გულმა დიდხანს გამიძლოს იმ კუთხეში, რომელიც გულით მიყვარს“,- ღიმილით ამბობს თამარი.
კეთილი, სულით ძლიერი ადამიანის შრომას, მეცნიერულ ღვაწლს ასე აფასებენ მისი კოლეგები:
ამირან მესხიშვილი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალმა მრავალ წარმატებულ მეცნიერს გაუღო კარი. ისინი დიდი რუდინებით ასრულებენ მინდობილ საქმეს და კოლეგებს შორის საპატიო ადგილს იჭერენ. ქალბატონი თამარი იმ პროფესორთა რიგებშია, რომლებიც ფილიალის ამოქმედების პირველი წლებიდანვე დედაქალაქიდან ბათუმში გადმოვიდნენ. თუ კუთხე, იქაური ადათ-წესი, სტუმართმოყვარე ადამიანები არ გიყვარს, მუშაობაც მალე შეგზარდება. მეც და ქალბატონ თამარს გაგვიმართლა, აქ ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს აჭარა, ვეფერებით აქაურებს და აქაურობას.
ნათია წიკლაშვილი: მერისელთა რძალი რომ გავხდი, ქალბატონი თამარი უკვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი იყო. ჩვენი ურთიერთობები უკვე მეოთხედ საუკუნეს ითვლის. როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორს, მიხარია, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ფაკულტეტის პროფესორების ასიკო ცინცაძის, რამინ ცინარიძის და სხვათა მეცნიერულ სარბიელზე წარმოჩენაში. ღირსეული მეცნიერი, დამრიგებელი, მტერ-მოყვარის განმკითხავი – ასეთი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ქალბატონი თამარი.
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, ექსპერტი: ქალბატონმა თამარმა გამოიარა ის აკადემიური გზა, რომელიც მეცნიერებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვისაა საჭირო. მისი მეცნიერული მოღვაწეობის ისტორიაში ერთ ნათელ ფურცლად ჩაიწერება ბათუმში საქმიანობა. ქართულ მეცნიერებაში ქალბატონების წილი ფასდაუდებელია. ყოველდღიური საქმიანობით იგი იმ სიმაღლეებს იპყრობს, რაც ღირსეულმა წინამორბედებმა გამოიარეს.

