,,ნატო – საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები’’
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინშეხვედრა გაიმართა.
მისი მთავარი თემა ,,ნატო – საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები’’ იყო.
ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები, ძირითადად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დასვეს, ამასთანავე, იმ რეზოლუციაზეც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ოპონენტებმა მწვავედ გააკრიტიკეს, რადგან მასში რუსეთი აგრესორად არ არის მოხსენიებული.
– ჩემი აზრით, ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით, – აღნიშნა შეხვედრის სპიკერმა, ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ნარდაიამ.
კითხვაზე – უნდა იყოს თუ არა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენები რუსეთი, დავით ნარდაიამ შემდეგნაირად გვიპასუხა.
– მე არ ვარ პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ… მე ვარ ბიუროკრატი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და შემიძლია ვთქვა ის, რაც კეთდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად რა კეთდება ნატოში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელებთან კონსულტაციით, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები, ვცვლით ინფორმაციას, ყოველ კვირა ვაჯერებთ პოზიციებს უკრაინელებთან ერთად… პარლამენტი არის ორგანო, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღება. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით უნდა მიიღონ პარლამენტარებმა. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ რუსეთი აგრესორია და ამას ვამბობ არამხოლოდ 2008 წლის რუსეთ-აქართველოს ომიდან გამომდინარე, თავად ვარ წარმოშობით აფხაზეთიდან, იძულებით გადაადგილებული პირი. ჩემთვის რუსეთი აგრესორია მოყოლებული 1991 წლიდან, – გვიპასუხა მან.
ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა საქართველოს პოზიციაზე და რეზოლუციაზე საუბარი ნატოს მაღალჩინოსნებთან და რამდენად აისახება ეს საქართველოს იმიჯზე, ვინაიდან ნატოს წევრობა რუსეთისგან მოსალოდნელი და შექმნილი საფრთხეების გამო გვინდა, ოფიციალურად კი, რეზოლუციით, ამას ვერ ვამბობთ.
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ექსპერტები აფასებენ, როგორც „გაურკვეველს“, „არადამაჯერებელს,“ ითქვა: „ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას“.
– იმოქმედებს თუ არა ეს კონკრეტული რეზოლუცია ჩვენს იმიჯზე, ეს საკითხი საერთოდ, არ დგას, ყველამ იცის ნატოში ჩვენი პოზიცია უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით. საბოლოოდ რა ტექსტი იქნება რეზოლუციაში, ამას ნატოში ჩვენს იმიჯზე გავლენა, დამერწმუნეთ, არ ექნება. ყველას ესმის, საქართველოს რა პოზიცია და დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ, – აღნიშნა დავით ნარდაიამ.
– ქმნის თუ არა, მინიმუმ ,უხერხულობას, როცა რუსეთის ხსენების გარეშე იღებს რეზოლუციას პარლამენტი? – ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ ამ კითხვის პასუხად ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინის საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და ეს ჩვენი ფრონტიცაა.
– უკრაინის საკითხი დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენც გვეხება. ეს არის ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას და რუსეთს ჰყოფს, არამედ ჰყოფს რუსეთს და დანარჩენ დემოკრატიულ სამყაროს.
ამიტომაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეხება არამხოლოდ უკრაინას. თუ გაიხსენებთ ბოლო მაღალი დონის შეხვედრას, ეს იყო მინისტერიალი რიგაში, სადაც საქართველო და უკრაინა ერთად ვიყავით და ერთიანი პოზიციით გავედით, საქართველო და უკრაინა ზუსტად ერთსა და იმავეზე ვსაუბრობდით… ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ როცა საუბარობენ უკრაინაზე, არ შემოიფარგლონ მხოლოდ ამ ქვეყნით… ეს პროცესი უკრაინით არ დაწყებულა, იგი დაიწყო საქართველოდან 2008 წელს. ვიტყოდი, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ მიექცა, ზუსტად ამით არის განპირობებული მოვლენები, რომლებიც განვითარდა შემდგომში უკრაინაში. ის აგრესია, რასაც რუსეთი დღეს ახორციელებს უკრაინის მიმართ, ის, რაც მოხდა, მაგალითად, ყირიმში, ეხება არამხოლოდ უკრაინას, ეს საკითხი პირდაპირ გვეხება ჩვენ. არ ვიცი, რეზოლუციაზე მოლაპარაკებები როგორ დასრულდება, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას, იმ აგრესიული პოლიტიკის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რასაც რუსეთი ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ უკრიანელი მეგობრების გვერდით ვართ და ამას გამოვხატავთ არა მხოლოდ საუბრებით, მოლაპარაკებების დროს, არამედ იმ საერთაშორისო ფორუმებზე, შეხვედრებზე, სადაც ჩვენ და უკრაინა ერთობრლივად გამოვდივართ. იმაში, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვუჭერთ უკრაინას მხარს, ან არასათანადოდ ვუჭერთ, ვერ დაგეთანხმებით – მე ვიცი, ყოველდღიურად აქ რაც ხდება, – გვითხრა დავით ნარდაიამ.
დავით ნარდაიამ ისაუბრა ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატოს სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში რუსეთი აღარ განიხილება და გამოჩნდა ახალი მოთამაშე – ჩინეთი.
– 2010 წლის სტრატეგიულ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ ნატო თანამშრომლობს რუსეთთან. წარმოიდგინეთ, თანამშრომლობაზე იყო საუბარი. დღეს არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს… რუსეთის მისია ნატოში არ ფუნქციონირებს… ნატო შეეცდება, შეინარჩუნოს ჩანაწერი, რომ ნატო განაგრძობს დიალოგს რუსეთთან, რათა არ მოხდეს ესკალაცია სხვადასხვა საკითხზთან დაკავშირებით. ჩინეთი 2010 წელსაც იყო აქტუალური, მაგრამ მაშინ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ ამის ასახვა არ იყო საჭირო. ამ შემთხვევაში იქნება საინტერესო ნატოს პოლიტიკა ჩინეთთან დაკავშირებით. ნატოს მოუწევს ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება ჩინეთთან დაკავშირებით, – აღნიშნა დავით ნარდაიამ.
ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოს სამეზობლოზეც ჰკითხეს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრის დროს.
– მე მაქვს თურქეთის იმედი, – აღნიშნა დავით ნარდაიამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის გარდა, საქართველოს ცუდი ურთიერთობა სხვა მეზობლებთან არ აქვს .
– ვიცი, რომ ეს არ არის პოპულარული მოსაზრება, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თურქეთი არის ყველაზე დიდი ინვესტორი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. თურქეთი არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, ან განცხადებების დონეზე, არამედ ფინანსური კონტრიბუტორი, როდესაც საუბარი გვაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. წლების განმავლობაში თურქეთი ხარჯავს საკმაოდ სოლიდურ თანხას იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები. დამეთანხმებით, რომ თურქეთს სხვა მიზნები რომ ჰქონდეს, არ დაგვეხმარებოდა მეზობელს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა პოზიცია გააჩნია თურქეთს საქართველოს მიმართ. თურქეთი არის ყველაზე აქტიური ქვეყანა ნატოში, როდესაც საუბარი ეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ნებისმიერი გამოსვლისას თურქეთის წარმომადგენელი ნატოში ამბობს: მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა დღეს და ხვალ კი არა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. თურქეთი არის ჩვენი ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც საზღვარი გვაქვს დადგენილი, – თქვა ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

