უკრაინას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა?
ოთარ ცინარიძე 599 85 2114 –
მსოფლიო ისევ ომის ზღვარზეა. ნატო პოზიციებს არ თმობს, რუსეთი აგრესიულობას არ იშლის. რუსეთ-უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთ ,,აჭარასთან’’ საუბრობს პოლიტიკური ექსპერტი, პოლიტოლოგი, პროფესორი ედიშერ ჯაფარიძე.
– ბატონო ედიშერ, ცხადია, უკრაინა ტერიტორიით, ბუნებრივი რესურსებით, სასარგებლო წიაღირსეულით ევროპაში ფრიად ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. თქვენი აზრით, რა ინტერესი ამოძრავებთ ნატოს და რუსეთს მისი მისამართით?
-დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, რუსეთსა და უკრაინას შორის რაც ხდება ლოგიკურია, რადგან ეს არ დაწყებულა დღეს, არც გუშინ. რუსეთი კვლავ აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან დაიწყო. სამწუახროდ, ამისთვის მას ორი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი აქვს. პირველი ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა (მეზობელია უკრაინასთან ერთად საქართველოსი, სომხეთის, აზერბაიჯანის და ა.შ.) და მეორე ეს არის ამ ქვეყნებთან საერთო ისტორიული წარსული, ისინი ხომ საბჭოთა რესპუბლიკები. იყვნენ. რუსეთმა ზედმიწევნით იცის ყველა მოსაზღვრე, ოდესღაც საბჭოთა კავშირში შემავალი სახელმწიფოს შესაძლებლობები და რესურსები (მათი სუსტი და ძლიერი მხარეები), რომლებიც დღეს ცდილობენ დამოუკიდებლად იარსებონ. თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს მათზე მონოპოლიის მოპოვებას. დღეს, როცა ასე აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი წესრიგის პირობებში ძალთა გადანაწილება, რუსეთი ამ ორი მნიშვნელოვანი ბერკეტით კვლავ ცდილობს პოლიტიკური გავლენების შენარჩუნებას. ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება, ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება, რომლის ძირითადი მოთამაშეები არიან აშშ, ჩინეთი და რუსეთი (ევროპა – უფრო დამოუკიდებლად – დიდი ბრიტანეთი, გერმანია). ამიტომაა რომ რუსეთი მაშინ ძაბავს ურთიერთობებს რეგიონში და იწყებს მანიპულირებას გნებვათ საქართველოთი ან უკრაინით, როცა მას მოესურვება. სცენარი ყველგან იდენტურია. რუსეთს უპირატესობას ისიც ანიჭებს, რომ მის ზონაში ხდება ეს და არა, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ან ამერიკის რომელიმე მოსაზღვრე სახელმწიფოსთან. რუსეთი ამ ბრძოლაში ყოველთვის შემოდის მოძველებული საბჭოური მეთოდებით, როცა თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უკვე დიპლომატიური, ტექნოლოგიური, ნანოტექნოლოგიური აწ უკვე ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები (იარაღები). რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება განპირობებულია ორი ფაქტორით, პირველი ესაა მისი სურვილი – ხელი შეუშალოს უკრაინა-საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მეორე – მოახდინოს რუსეთისათვის დამახასიათებელი მეთოდებით უკრაინის დაქვემდებარება სომხეთის მსგავსად (არაოფიციალურად). ნათელია, რომ ამით რუსეთს ეძლევა უკრაიანის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა და ამით ვლავ მანიპულირება დანარჩენი სამყაროს მიმართ.
– როგორ ფიქრობთ, დაიწყება ომი უკრაინაში?
-ომის დაწყება ასე მარტივი არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რას დაუპირისპირებს რუსეთი აშშ-ისა და ნატოს მიერ ნათქვამ უარს მისთვის პრინციპულ საკითხებზე. რუსეთისთვის არ იქნება იოლი ომის დაწყება, რადგან ომში თავდამსხმელი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე ის, ვინც საკუთარ ტერიტორიას იცავს. გარდა ამისა, რუსეთს დაუწესდა გარკვეული სანქციები, როგორც ამერიკისგან ასევე, ევროპისგან და მის ისედაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ეს უფრო გაართულებს. რუსეთის ეკონომიკური ბაზარი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და მკვეთრად დაეცა მისი საფონდო ბირჟების ფასი, ომის დაწყების შემთხვევაში კი მთლიანად ჩამოიშლება რუსეთის ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა. ამ მიზეზთა გამო რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინაში ომის დაწყებისაგან.
-რა გამოძახილს ჰპოვებს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება საქართველოს მდგომარეობაზე?
-რუსეთს საქართველოსთვის ჯერ არ სცალია, ახლა მისი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი და თუ დააკვირდებით, საქართველოში ჯერ ისეთი არაფერი ხდება, ვგულისხმობ პოლიტიკურ პროცესებს.
-მაშ რატომ გაჭიანურდა საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება?
-ეს გახლავთ პოლიტიკური ოპონენტების სპეკულაცია, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ქაოსის შემოტანას, იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსეთი მოხსენიებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში აგრესორად, ამდენი აჟიოტაჟი სპეკულაციად მიმაჩნია, ეს არ არის სწორი, უბრალოდ, პოლიტიკური გემოვნების საკითხია.
-ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურ სტაბილურობას საშველი არ დაადგა. მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს, აღიარების, სასამართლო პროცესებზე გამოცხადების ნაცვლად, რევოლუციით, არეულობით იმუქრება. როგორია თქვენი მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე?
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს და გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. დასანანია, რომ ჩვენი ქვეყანა ამდენ ყურადღებას უთმობს იმას, ვისი პოლიტიკური რეაბილიტაცია აღარასოდეს მოხდება. დღეს საქართველოს უფრო მეტი გამოწვევები აქვს (ეკონომიკური, სოციალური და ა.შ), ვიდრე აქამდე, ამიტომ უმჯობესია ,ხელისუფლებამ მეტი დრო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს დაუთმოს, ვიდრე ბრალდებული პრეზიდენტის კაპრიზებს.
– რას აპირებს რუსეთი?
-რუსეთი ჯერჯერობით აგრძელებს თავისი პოზიციების დაცვას და ომის საფრთხით მანიპულირებას, რასაც თავისი მიზეზები აქვს. პირველი – ესაა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგის აღდგენა-შენარჩუნება, რადგან მისი რეიტინგი რუსეთში რეკორდულად დაეცა, მეორე – ეს გახლავთ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის შუაზე გახლეჩა და მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცევის განზრახვა, რაც რუსეთს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს (დანარჩენი მსოფლიოს და მათ შორის ამერიკის და ევროპის თვალში). არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი კულუარულად პირისპირ შეხვდნენ და მცირე სახელმწიფოების ხარჯზე კონსესუსამდე მივიდნენ. ბუნებრივია ,უკრაინას მოუწევს რაღაც დათმობებზე წასვლა), მოლაპარაკებები აუდიენციის შესახებ დაწყებულია. სად და როდის შედგება ეს შეხვედრა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

