თოვლი არ გვტოვებს . . .
ოთარ ცინარიძე: 599852114 –
იანვარში მოსულ უხვ თოვლს თებერვლის ცივი და თოვლჭყაპიანი დღეები მოჰყვა, რამაც მისი დნობა შეაფერხა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის, თხილვანის, ხიხაძირის, აგარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.
საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, სოფლებში, დასახლებულ უბნებში საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა, ხულოს მუნიციპალიტეტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის ძირითად საქმედ რჩება. ამ ეტაპზე სხალთის, ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და თხილვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდისთვის მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა.
– თითქმის სამი დღე მოანდომეს მექანიზატორებმა ხიხაძირიდან ქვედა თხილვანაში მისასვლელი საავტომობილო გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას. მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად ვაკვირდებოდი. უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით თხილვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმოსვლა, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

