პროცესში მერიაც ჩაერთო
მანანა ტაკიძე: 577 10 15 17 –
ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწევა 150-მდე ოჯახს, რომლებმაც წლების წინ მშენებარე კორპუსებში ბინები შეიძინეს და მშენებლობის დასრულებას მოთმინებით ელოდნენ. მოქალაქეები ინვესტორებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებისთვის მიმართავენ. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, მათ ერთადერთი გზა დარჩათ, მიმართონ სასამართლოს, რაც დროში ძალიან გაიწელება, ბევრს კი ამის ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვს. თამაზ ბაკურიძის თქმით, თავის დროზე მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვები, ამიტომ რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს.
-ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემის გადაწყვეტის დაპირების შესრულებას მოვითხოვთ დღეს აქ შეკრებილები. ვცდილობთ, გავარკვიოთ, ხელისუფლება რამდენად იზიარებს პასუხისმგებლობას უფლებაშელახული მოქალაქეების წინაშე. ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების წინ მთავრობა ჰპირდებოდა ხალხს პრობლემის მოგვარებაში ჩართვას, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. მოვედით აქ, რათა შევხვდეთ მერს და მისგან მივიღოთ პასუხი, როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას და ხალხის დახმარებას. ინვესტორები მშენებლობებზე ნებართვებს მერიაში იღებენ და სწორედ ისაა მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული, – განაცხადა უფლებადამცველმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე მინდია ცეცხლაძის განმარტებით, კომპანია “ნიუ ბათუმი” (მეპატრონე სავიდ ნოვროზი), რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა და “ჯითი ბათუმი”დაერქვა, თაღლითური გზით ცდილობს მათ მოტყუებას, რაზეც პასუხი უნდა აგოს. როგორც მან გვითხრა, სამშენებლო კომპანიებმა ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულეს, წლების წინ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს და მოქალაქეების ნაწილი დაუსრულებელ შენობებში შეასახლეს.
-ბინები მოუწესრიგებელია და დაყადაღებული, არ გამოვრიცხავთ, რომ აუქციონის წესით გაიყიდოს კიდეც. წლების წინ მოქალაქეებმა დიდი თანხები ჩავდეთ ამ ბინების მშენებლობაში, დღეს კი თვალნათლივ ჩანს მაქინაციური გარიგებები. ფართები რამდენჯერმე გადაიყიდა და არის საშიშროება, დავკარგოთ კუთვნილი ქონება. მერს თხოვნით მიმართავთ, გვიშუამდგომლოს და პროცესში ჩაერთოს შესაბამისი სამსახურები, გამოიძიონ საქმე და დაგვეხმარონ საკუთრების დაბრუნებაში,- გვითხრა მინდია ცეცხლაძემ.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მოისმინეს ერთმანეთის მოსაზრება და ერთობლივი ჯგუფის შექმნა დაიგეგმა, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე მოსახლეობის პრეტენზიებს მოისმენს და განიხილავს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის კერძო დავა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის. მერია სხვადასხვა უწყებასთან ერთად იმუშავებს და შეეცდება პრობლემების მოგვარებას.
-ხელისუფლებას მოქალაქეების მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხები არ აქვს. გამოხატეს სურვილი, შეიქმნას ბათუმის მერიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჯგუფი, სადაც დაზარალებული მოქალაქეებიც გაერთიანდებიან. დღევანდელი აქციით ვაფრთხილებთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მომავალში ფიქრობენ ჩვენი თანაქალაქელების მოტყუებას,-განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.