“ხორუმი” – ცხმორისელთა სავიზიტო ბარათი
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ქართული კულტურისა და ხელოვნების მოამაგენი „ხორუმს“ („ხორონი“) გამარჯვებულების ცეკვად მოიხსენიებენ. ცნობილი ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე წიგნში „ქართული თეატრის ხალხური საწყისები“ წერს: „ხორონი“, რომელსაც „ხორუმის“ სახელწოდებით ვიცნობთ, ძველი ქართული მიმიკური სანახაობაა. მასში აზრი და გრძნობა უსიტყვოდ, სხეულის მოძრაობით, რიტმით, ჟესტით და მიმიკით არის გადმოცემული. „ხორონი“ ოთხი სურათისგან შედგება . . . იგი მეტად საინტერესო, უაღრესად შინაარსიანი, დინამიკურობით და ცხოველი ტემპერამენტით აღსავსე სურათოვანი და პლასტიკური ცეკვაა. მოწმობს ძველი ქართული მიმიკური თეატრის განვითარებულ კულტურას, რაც ხალხურ სანახაობას დაუცავს და დღემდე შეუნარჩუნებია“.
ჩვენს სამშობლოში ძირძველი ცეკვის -“ხორუმის” მიმდევრები გურიასა და აჭარაში არიან. ცნობილი მოცეკვავეები მას ხალხურ დღესასწაულზე, ქორწილებში დგამდნენ. ჩვენთან შემონახული „ხორუმი“ იმ ოთხი სურათის ნაირსახეობაა, რაც თავდაპირველად „ხორონს“ ახასიათებდა. იგი მტრის მიერ დაკავებული ადგილების დაზვერვით იწყება, შემდეგ – განსაკუთრებული დაზვერვაა, მესამეში – შეტაკება და მეოთხეში – ბრძოლის ველიდან დაჭრილების გაყვანა. აჭარაში ხიხაძირული, ცხმორისული, ღორჯომული, მაჭახლური, მერისული, ნაღვარეული, კობალთური, წაბლანური, ქობულეთური, ზედა მახუნცეთური, ორთაბათუმური „ხორუმის“ ნიმუშებია გამორჩეული. ყველაზე მეტი მიმდევარი ამ ცეკვას მაინც ხიხაძირსა და ცხმორისში ჰყავს. წელს 100 წელი სრულდება იმ დღიდან, რაც ახალბედა ცხმორისელმა მოცეკვავე ხუსეინ ანანიძემ დისშვილები ოსმან და ყიზეთ ანანიძეები, თანატოლები სალიხ აბაშიძე და ხემიდ კონცელიძე შემოიკრიბა და . . . ცხმორისელებისთვის ხალხური საკრავი ჭიბონი მაშინაც პოპულარული იყო. მკეთებლებიც იყვნენ და დაკვრის უბადლო ოსტატებიც. იმხანად ეს ხელობა და ხელოვნება ოსმან ირემაძეს ხელეწიფებოდა, რაც შემდგომ სულიკო (სულეიმან) ირემაძემ გააგრძელა. ახლა ჭიბონის ოსტატი და დამკვრელი მურად თავართქილაძეა.
ხუსეინმა ცხმორისულ „ხორუმს“ გვარისა და სახელის პატივსაცემად „ანანური“ უწოდა. საუკუნის წინათ აჭარულ ქორწილს სხვა ხიბლი და პეწი ჰქონდა. მთელი ღამის განმავლობაში მაყრიონი ცეკვა-თამაშით ირთობდა თავს. ხუსეინსა და მისი ჯგუფის წევრებს აჭარის მთიანეთში ქორწილებში, „შუამთობაზე“, ნათლობის რიტუალზე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებებზე ეპატიჟებოდნენ. ოსმან ირემაძე საქართველოს სახალხო არტისტ ენვერ ხაბაძეს აჭარის აკადემიურ ანსამბლშიც კი ჰყავდა მიწვეული „ხორუმის“ მელოდიების ჭიბონზე შესასრულებლად.
ცხმორისული და ხიხაძირული „ხორუმი“ აჭარასა და ქვეყანაში დღითი დღე პოპულარული ხდებოდა. 1936 წელს ბათუმის სახელმწიფო ცირკის შენობაში აჭარის საოლქო ოლიმპიადა ჩატარდა. ხიხაძირელ მეხორუმეებს 85 წლის ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, ცხმორისელებს – ხუსეინ ანანიძე. ხიხაძირლების აკომპანიატორი ცნობილი მეჭიბონე ედემ სურმანიძე („ქოჩახელა“) იყო, ცხმორისელების – ოსმან ირემაძე. იმ დღეს ასლანმა „ხორუმში“ ახალი ილეთი შემოიტანა, რაც შემდგომში მის სავიზიტო ბარათად იქცა.
ცხმორისულ და ხიხაძირულ „ხორუმს“ ჟიურიმ მაღალი შეფასება და ორივე ანსამბლს ჯერ თბილისში, შემდეგ კი მოსკოვში გამოსვლის რეკომენდაცია მისცა. სოფელ ცხმორისის მკვიდრი, მხცოვანი პუბლიცისტი შალვა აბაშიძე წიგნში „დედაო – ჩემო ქედაო“ წერს: „1936 წელს ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე მოსკოვში „ხორუმიც“ ყოფილა პროგრამაში. პირველად ხიხაძირლებს უცეკვიათ. მათ ფინალში დაჭრილების გამოყვანის იმიტაციაც ჰქონდათ. დიდი წარმატება ხვდა ცხმორისელთა გამოსვლასაც, მაგრამ ხიხაძირელთა ფინალმა თითქოს დაჩრდილა ცხმორისელთა ოსტატობა.
კონცერტის შემდეგ დეკადის ორგანიზატორი ცხმორისელებთან მისულა და უთქვამს – ისევ სცენაზე უნდა გამოხვიდეთო. შემობრუნდნენ ცხმორისელებიც. ფორმები ჩაიცვეს, ჭიბონი და დოლი საგანგებოდ შეამოწმეს და ხელმეორედ ააწყობინეს. უნდა იცეკვონ ცხმორისელებმა, მაგრამ თავმოყვარეობა შელახული აქვთ, დარბაზი ცარიელია.
-ხუსეინ ძიავ, დარბაზი ცარიელია,- მოქაჩა იგი იზეთმა.
-მერე რა,- უპასუხა ხუსეინმა ჩაფიქრების შემდეგ, ვიღაცას ასე სურს, ჩვენც ერთი ხოშიანად დავუაროთ.
აჭყვიტინდა ჭიბონი, ხემიდმა დოლი გაახურა და სცენაზე ქარ-ცეცხლი დატრიალდა.
ცეკვის დასრულების შემდეგ ცხმორისული „ხორუმის“ შემსრულებლები ერთ პიროვნებასთან მიიწვიეს. სახტად დარჩნენ, როცა ცარიელ დარბაზში მათ მიერ შესრულებული ნომრის მიზეზი გაიგეს. თურმე მათი ხელოვნების ნახვა ხელმეორედ იოსებ სტალინს მოუსურვებია . . .
სტალინმა თავისებური სიდინჯით აუხსნა: ხიხაძირელთა ცეკვის ფინალი არ მომეწონა, გამარჯვებული წაქცეული არ ტოვებს ბრძოლის ველს, გამარჯვებული თქვენსავით ღიმილით უნდა გადიოდესო,- თქვა იოსებ სტალინმა და მოცეკვავეებს მადლობა გადაუხადა“.
84 წელზე მეტია გასული ამ დღიდან. თაობები შეიცვალა ცხმორისის კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. საუკუნის განმავლობაში მას სახელს და ღირსებას მატებდნენ ალექსანდრე ანანიძე, ნათელა არძენაძე, მემედ ბერიძე, ამირან აბაშიძე, მუხამედ ქარცივაძე, ზურაბ თედორაძე, სულიკო ირემაძე, მურად ბოლქვაძე, ამირან აბაშიძე, თემურ თედორაძე, ილია ირემაძე, ავთანდილ ანანიძე.
21-ე საუკუნეში ცხმორისული „ხორუმის“ უბადლო შემსრულებლები იყვნენ: სულიკო, ილია, ყიზეთ, სულეიმან ირემაძეები, მევლუდ ბერიძე, ხემიდ კონცელიძე.
ახლა ანსამბლს მურად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. 65 წლის ქორეოგრაფი 72 წლის იმედა ვერძაძესთან, ახალგაზრდებთან – დათო, გიორგი ბერიძეებთან, თემურ ანანიძეთან, მეჭიბონე მურად თავართქილაძესთან, მედოლე ისმაილ თავართქილაძესთან ერთად ცდილობს ცხმორისულ „ხორუმს“ ადრინდელი პეწი და ხიბლი შეუნარჩუნოს.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ცხმორისელი მეხორუმეების სოლისტი იყო მამია ბერიძე. პანდემიამ მხცოვანი ხელოვანი შეიწირა. ახლა მის გზას შვილიშვილები დათო და გიორგი ბერიძეები აგრძელებენ.