ვაჟა დარჩია : ხელისუფლებას ურჩევნია „ევროპული სოციალისტების“ მსგავსი ოპოზიცია ჰყავდეს
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერჯერობით სტაბილურია, არც მასობრივი მიტინგები იმართება და არც ფეთქებადსაშიში ვითარებაა შექმნილი. ,, ნაცმოძრაობამ” ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდა, გარდა ამისა, არც რიგგარეშე არჩევნების საკითხია აქტუალური, როგორც ჩანს, ოპოზიციური სპექტრი ახალ გზებს ეძებს არა მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობის მოპოვების თვალსაზრისითაც, ოპოზიციის წარმომადგენლები დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან, რაც, ცხადია, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, ამასობაში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მმართველი პარტია გვაიმედებს, ოპოზიცია აპოკალიფსზე საუბრობს, მოქალაქეებს კი პასუხგაუცემელი კითხვები აწვალებს, მაინც, როგორი პოლიტიკური რეალობაა ამჟამად ქვეყანაში? ამ საკითხის ირგვლივ დღეს ,, ლელო საქართველოსთვის ” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ვაჟა დარჩია გვესაუბრება.
-საუბარი საქართველოში დღეს არსებული ვითარებით დავიწყოთ, რა ასპექტებს გამოყოფდით ამ მხრივ, მმართველი გუნდის და ოპოზიციის ქმედებები რამდენად თანმიმდევრულია არსებული გამოწვევების გადასალახად?
-სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, იქნება ეს პოლიტიკური პროცესის არასტაბილურობა, მძიმე ეკონომიკური ფონი, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ სხვა. ძირითადი გამოწვევები სწორედ ეს საკითხებია. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უნდა წარიმართოს ქვემოდან ზემოთ, რაც ბოლო თვეების მანძილზე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. ამ ყველაფერში, ბუნებრივია, ძალიან დიდია ოპოზიციის როლი და ამ მიმართულებით მას ალბათ მაინც ყველაზე ნაკლები საყვედური ეთქმის. ამ შემთხვევაში კონკრეტულად „ლელოს“ ვგულისხმობ, რადგან ჩვენ ვიყავით ჩართული ყველა იმ პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში, როგორც წარმომადგენლობით ორგანოებში (პარლამენტი, საკრებულო), ასევე ინდივიდუალურად თუ ქუჩაში, რომელიც საზოგადოებას აწუხებს – იქნებოდა ეს დევნილების საკითხი, სოცმუშაკებთან დაკავშირებული პრობლემები, პანდემიასთან ბრძოლა თუ სხვა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი არ იყო თანმიმდევრული, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ თუ ვინმე არის არათანმიმდევრული, ეს პირველ რიგში, ხელისუფლებაა, რომელსაც არ ესმის მიმდინარე პროცესების მაჯისცემა და სრულიად მოწყვეტილია ხალხს.
-თქვენ უარყოფითად აფასებთ ხელისუფლების საქმიანობას, თავის მხრივ მმართველი გუნდი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ამ მხრივ ახალი გეგმა უნდა შეიმუშაოს, რას ფიქრობთ?
-მმართველი გუნდის მთელი რესურსი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მთლიანად იხარჯება იმაში, რომ რამენაირად გააღრმავოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის ხარისხი და ამ ფორმით გააშავოს ოპოზიცია. მათი ყველა მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიცია არის ცუდი და არა იმისკენ, თუ რა გააკეთა მმართველმა გუნდმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი დადასტურდა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ND-ის კვლევაშიც. როგორც უკვე აღვნიშნე, გეგმა არის ერთი – პოლიტიკური პროცესები არ უნდა იყოს გაყინული ლიდერებზე და საზოგადოებამ უნდა იგრძნოს მაქსიმალური მხარდაჭერა ამ მძიმე პრობლემებთან გამკლავების პროცესში, რაც, პირველ რიგში, უნდა შეძლოს ოპოზიციამ და ჩვენი გუნდი სწორედ ამას აკეთებს. მამუკა ხაზარაძე თავად არის ჩართული მოსახლეობასთან შეხვედრებში ქვეყნის მასშტაბით. ვაპირებთ ყველგან მისვლას, რათა ჩვენი საპარლამენტო თუ საკრებულოს მანდატები გამოვიყენოთ, სწორედ მოსახლეობის ხმის გასაძლიერებლად, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის სწორედ, ხალხს.
-თქვენი აზრით, რა ცხადყო ND-ის გამოკითხვებმა?
-ძალიან საინტერესო და ნიშანადობლივი კვლევა იყო. გამოჩნდა, რომ საზოგადოება არ ენდობა ხელსიფლებას. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. . . ასევე, კვლევამ დაადასტურა, რომ თითქმის არცერთი ინსტიტუტის მიმართ არ არის პოზიტიური დამოკიდებულება. ამიტომ რთულია, ვილაპარაკოთ იმ ქვეყნის რაიმე სახის პროგრესზე, რომელშიც მოსახლეების 60% არ ენდობა სახელმწიფოს არცერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, იქნება ეს პრემიერი, პარლამენტი, პრეზიდენტი, პოლიცია თუ სხვა. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც გვეკისრება პასუხმისგებლობა ამ ყველაფერზე და ამას კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებიც მოწმობს, თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობის ამ მიმართულებით გათანაბრება, ვფიქრობ, არასწორია და ეს მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისა და დახარჯული რესურსის შედეგია. გარდა ამისა, კვლევამ ყველას ნათლად დაანახა, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, რომ ამ ქვეყანაში იზრდება დასავლეთისკენ სწრაფვის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, შეგვიძლია ვთქავათ, აფუჭებს კიდეც. გვახსოვს იგივე 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ჩვენი დასავლელი მოკავშირეების გარანტორობით შედგა და შემდგომ როგორ გააბიაბურა იგი ხელისუფლებამ. გვახსოვს მოსამართლეების დანიშვნის საკითხიც, რომლის გადადებასაც მთელი დასავლეთი მოუწოდებდა მათ, თუმცა ამაოდ. მნიშვნელოვანია ასევე, მათი პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ხელისუფლების მხრიდან გამოხატულმა პოზიციამ ნათლად დაანახა მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებსაც, თუ რა გზა აქვს არჩეული ხელისუფლებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის დაკვეთას.
-პრობლემური საკითხების ნუსხაში უმუშევრობა აღნიშნული კვლევის მიხედვითაც პირველ ადგილზეა, სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რა არის ამის მიზეზი?
-კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს. უმუშევრობა, ინფლაცია, გაზრდილი ფასები ის პრობლემებია, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დღეს გადარჩენისთვის იბრძვის, ამის მთავარ მიზეზად კი მოქალაქეები ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებენ. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის საშინელი კორუფცია და ამას კვლევებიც მოწმობს. ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული ადამიანები დღეს ამ ქვეყანაში თავს გრძნობენ კარგად, დანარჩენის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა. შესაბამისად, ნათელია, რომ ეკონომიკური პრობლემების სათავე სწორედ ხელისუფლების დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები, ხელისუფლებამ შეაჩერა ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეწონა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ამას, სამწუხაროდ, თავადაც ადასტურებენ. რთულია, ვილაპარაკოთ ეკონომიკურ დოვლათზე მაშინ, როცა ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაზე ფიქრობს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო 101-ე ადგილზეა, ანუ მსოფლიოში ასი ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენზე მეტი შემოსავალი გააჩნიათ.
-,, ნაცმოძრაობამ ” ბოიკოტი შეწყვიტა, ეს რამდენად გააძლიერებს ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში და აქვე თანმდევი კითხვა : ოპოზიცია ითხოვს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რა ხდება ამ მიმართებით?
-იცით, რომ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლამდე საგამოძიებო კომისიებზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო, რადგან ამას, მინიმუმ, 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ახლა კი შესაძლებელია, შეიქმნას საგამოძიებო კომისიები, იგივე 5 ივლისის საქმეზე. იცით, რომ ჩვენი ფრაქცია უკვე თითქმის ერთი წელია, საუბრობს ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მათი პარლამენტში შემოსვლა გაზრდის ზეწოლას ხელისუფლებისადმი, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი მიმართულებით.
-,,ევროპულმა საქართველომ” გააკრიტიკა ,, ნაცმოძრაობა” არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, ასეთი ურთიერთბრალდებები რამდენად აზიანებს ოპოზიციას?
-ბუნებრივია, აზიანებს, თუმცა ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური, პარტიული პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ მთავარი განსხვავება. მეც მაქვს კითხვები, როგორც „ევროპული საქართველოს“ ასევე „ნაცმოძრაობის“ მიმართ, თუმცა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, ვისაუბრო ამ პარტიების ურთიერთკრიტიკაზე. ყველა პარტიას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს.
-,, ლელო საქართველოსთვის ” რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტშია, რა საკითხები დააყენა მან საკანონმდებლო ორგანოში და როგორი იყო ამაზე ხელისუფლების და ოპოზიციის რეაქცია?
-ჩვენი გუნდი პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციის სახით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა და საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელისუფლებასთან პროფესიონალურ, საქმიან ოპონირებას, იქნება ეს მინისტრების დაბარების ფორმით, სხვადასხვა ინიციატივების გაჟღერებით თუ სხვა, თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული ოპოზიციის მიმართ ასეთია – მათ ურჩევნიათ „ევროპული სოციალისტების“ მსგავსი ფასადური ოპოზიცია. როგორც უკვე აღვნიშნე, „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის განახლება სრულიად ოპოზიციას მეტ შესაძლებლობას მისცემს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომელიც ოპოზიციას აქვს.
-საგარეო საკითხსაც შევეხოთ, ოპოზიცია და მმართველი პარტია ვერ შეთანხმდნენ უკრაინის შესახებ საერთო რეზოლუციის პროექტზე, თქვენი აზრი ამის შესახებ?
-უკრაინის საკითხი დღეს არის საქართველოსთვის თავისუფლების ხაზი, შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საკითხზე მაქსიმალურად სწორი პოზიციის დაფიქსირება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ვნახეთ, რომ მიღებულია რეზოლუცია, რომელშიც არც კი არის ნახსენები ოკუპანტი რუსეთი მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან პერიოდში უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით იდგა, გვახსოვს პრეზიდენტ იუშენკოს მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს რუსთაველზე რომ იდგა, ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება უკრაინის საკითხის მიმართ არის პასუხი კითხვაზე, თუ რა კურსი აქვს არჩეული „ქართულ ოცნებას“. რეალურად, უკრაინა იყო „ქართული ოცნებისთვის“ გადარჩენის შანსი, შანსი იმისა, რომ როგორც მოსახლეობა ,ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა დაერწმუნებინა იმაში, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუციაში მათივე ჩაწერილი ევროატლანტიკური კურსი უალტერნატივო იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ისევ ირჩევს სტრატეგიული მოთმონების, არგაღიზიანების პოლიტიკას, რომლის სავალალო შედეგებსაც უკვე იმკის ჩვენი ქვეყანა.
-როგორც ვიცით, თქვენი პარტიის ლიდერები გაემგზავრნენ უკრაინაში, გვიამბეთ ამის თაობაზე?
-დიახ, მამუკა ხაზარაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დააანონსა, რომ ჩავიდოდა კიევში და ამ ფორმით გამოუცხადებდა თანადგომას უკრაინელ ხალხს. ჩვენი ლიდერები უკვე გაემგზავრნენ კიევში, სადაც ჩანიშნულია შეხვედრები როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან, ასევე, რადას წევრებთან, სადაც ღიად დავაფიქსირებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინის მიმართ. სწორი იქნებოდა, ეს ხელისუფლებას გაეკეთებინა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა იცოდეს ქართველი ხალხის დამოკიდებულების შესახებ მათ მიმართ, იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ელოდება და არ ცდილობს ამ მონაპოვრის გაბიაბრუებას როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.
– აშკარაა, რომ დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია, იტესტება თუ არა უკრაინაში მსოფლიოს ახალი არქიტექტურის ნიშნები?
-გამიჭირდება ამას მსოფლიო არქიტექტურის ახალი ნიშნები ვუწოდო, რადგან ბოლო წლებში საკმაოდ მწვავე იყო დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. გვახსოვს სირიაც მოლდოვაც. უკრაინის პრობლემაც ვიცით, რომ დღეს არ წამოჭრილა, თუმცა ამ ყველაფერმა დღეს უკვე დასავლეთის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოა და ვფიქრობ, უკვე ჭკუანასწავლი საერთაშორისო თანამეგობრობა აღარ დაუშვებს იმ შეცდომებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ძვირად დაგვიჯდა. ვხედავთ, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ნატო საკმაოდ მკაფიო გზავნილებს უგზავნის მოსკოვს, ვხედავთ ბრიტანეთის ძალიან დიდი მასშტაბის ჩართულობას და სამხედრო დახმარებას უკრაინის მიმართ. არ ვიცი, ეს რამდენად ახალი კონტური შეიძლება იყოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე, თუმცა ნათელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა ბევრად უფრო ძლიერი და მტკიცეა, ვიდრე აქამდე ყოფილა სხვადასხვა კონფლიქტის დროს, ამიტომ მჯერა, რომ ბოროტსა სძლევს კეთილი.
–კვლავ საშინაო პოლიტიკა დავუბრუნდეთ. პოლიტიკური პროცესები საკრებულოებში გამოცოცხლდა, ზოგან სადავეები ოპოზიციამ იგდო ხელთ, რა ხდება ამ მხრივ ბათუმის საკრებულოში?
-2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მოსახლეობამ ნათლად დაადასტურა, რომ ამ ქალაქის თვითმმართველობა უნდა ყოფილიყო ოპოზიციური და ამომრჩევლის 60%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა კოალიციურ ოპოზიციას, თუმცა „ქართული ოცნების“ დიდი მონდომებით ეს პროცესი დღეს გაჭედილია, რადგან მოახერხეს გახარიას გუნდიდან ერთი დეპუტატის გადაბირება, ხოლო ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის შემთხვევაში ვნახეთ, რომ დაშინებამ და მოსყიდვამ ფატალური შედეგი გამოიწვია და დღეს მანდატების გადანაწილება 17-17-ზეა. ამჟამად ბათუმის საკრებულო უფუნქციოა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ 5 წევრი იღებს ფრაქციის წევრის ხელფასს, ეს არის დღეს საკრებულოს ფუნქცია. ამა წლის 2 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩანიშნა შუალედური არჩევნები ბათუმის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში. ეს ის ოლქია, რომელშიც ბატონმა ნუგზარ ფუტკარაძემ სახელმწიფო მაქნანის მუშაობის მიუხედავად გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 60%-ზე მეტი აიღო ოპოზიციამ, „ქართულ ოცნება“ ცდილობს, ბათუმელებს ოპოზიციური საკრებულო ბევრად უფრო ბინძური მეთოდებით მოჰპაროს, ვიდრე ეს მერის შემთხვევაში გააკეთა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ბათუმის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქს ოპოზიცია მოიგებს და ამით მიაგებენ პატივს ბატონი ნუგზარის ხსოვნას.
– და ბოლოს, როგორც პოლიტიკოსს, მინდა გკითხოთ: – რომელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა მიგაჩნიათ თანამედროვე პირობებში ყველაზე საშურად?
– ჩემს ამოცანას ერთ რამეში ვხედავ, მინდა, რომ პოლიტიკოსს ენდობოდეს საზოგადოება, მინდა, რომ ადამიანები არ საუბრობდნენ პოლიტიკაზე, როგორც პირადი კეთილდღეობის საშუალებაზე. სამწუხაროდ, მე ამ ეკლიან და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე ახლა მიწევს გავლა. ამ გზაზე ვიტანთ ძალიან ბევრ ტალახს, რადგან ჩვენამდე სხვამ აატალახა და ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ ყველამ, ვინც ამ გზაზე გაივლის, ტალახში უნდა იაროს. მე მინდა, რომ ეს ტალახი გავწმინდო და ვიღაცამ ამ გაწმენდილ გზაზეც იაროს. მჯერა, რომ ეს დაუბრუნებს ადამიანებს ნდობას პოლიტიკოსის და მთლიანი პოლიტიკური პროცესის მიმართ.