ზაალ მიქელაძე: კანონმდებელმა კანონებზე უნდა იმუშაოს, ყველა ხომ არ იქნება სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩართული?
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაალ მიქელაძე „მდუმარე დეპუტატების“ სიაში მოხვდა. ის ერთ-ერთია იმ კანონმდებლებს შორის, რომლებსაც გასულ წელს მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავთ. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი მოსაზრება საჯაროდ ერთხელ არ დაუფიქსირებია და სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. პარლამენტარების აქტივობა „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ შეისწავლა. თავად ზაალ მიქელაძის განცხადებით, თუ სხდომათა დარბაზში შოუს არ დგამს, არ ნიშნავს, რომ არ მუშაობს.
ვინც პირადად ან სამსახურებრივად იცნობს ზაალ მიქელაძეს, დამეთანხმება, რომ ამ ადამიანს ახასიათებს თავდაუზოგავად მუშაობის უნარი, ერიდება პოპულისტურ განცხადებებს და დღე-ღამეს ასწორებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში. სწორედ ამ ენერგიით, კეთილშობილებით, გულისხმიერებით და მოსახლეობისთვის სასიკეთო ინიციატივებით გამოირჩეოდა ყველა პოსტზე მუშაობისას. აჭარაში ჯანდაცვის მინისტრობის დროს ზაალ მიქელაძის მიერ შემუშავებული პროგრამები მოსახლეობაში დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობს და აბსოლუტურად განსხვავდება სხვა რეგიონების სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესუალური და ფინანსური ასპექტებისგან. სწორედ ამის გამო ბევრი ცდილობს აჭარაში ჩაეწეროს მორგებული სამედიცინო თუ სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის.
„აჭარა“ ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა ამ საკითხზე კომენტარისთვის. მან ასევე ისაუბრა პარლამენტში ოპოზიციის დაბრუნებაზე, სოციალურ საკითხებსა და პანდემიის მიმდინარეობაზე.
-რა კომენტარს გააკეთებდით „მდუმარე დეპუტატების“ სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით?
-აქ აღნიშნეს მხოლოდ, რომ ტრიბუნით არ ვსარგებლობ და სიტყვით გამოსვლას ვერიდები. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საპარლამენტო მუშაობა ნიშნავს საკანონმდებლო ცვლილებების, კანონპროექტების შემუშავებას და არსებულის დახვეწას. კანონმდებელმა კანონებზე უნდა იმუშაოს, ყველა ხომ არ იქნება სიტყვიერ დაპირისპირებებში ჩართული. სანამ ასეთ რამეს გამოაქვეყნებდნენ, ეკითხათ კომიტეტის ხელმძღვანელისთვის, რას და როგორ ვაკეთებ. მთელი იანვარი არ დამისვენია, თბილისში ვიყავი და ვმუშაობდი სხვადასხვა კანონზე.
-როგორ ფიქრობთ, ეს ინფორმაცია ოპოზიციური სპექტრის დაკვეთაა?
-სხვა რა უნდა ვიფიქროთ. „ნაციონალების“ „გამპრავებელი“ ტელევიზიები ხომ გამოირჩევიან დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი ტექსტების გასაჯაროებაში. რაღაცას იტყვიან, გაივლიან და წავლენ. იქნებ მოეკითხათ, რა პოზიციას იჭერენ მათი დამკვეთები, საერთოდ თუ შემოდიან პარლამენტის შენობაში. ის მოიკითხონ, რაში იღებენ უზარმაზარ თანხებს. მარტო შალვა ნათელაშვილს, მას თუ მის პარტიას, 5 მილიონი აქვს წაღებული საპარლამენტო მოღვაწეობის გამო და არც კი გამოჩენილა არენაზე.
-ოპოზიციამ ბოიკოტი შეწყვიტა, იქნებ ახლა დაკავდნენ საკანონმდებლო საქმიანობით?
-კი, შეწყვიტეს ბოიკოტი და შემოვიდნენ, ოღონდ სრული შემადგენლობით არა – ოპოზიციური ფლანგის მხოლოდ ნაწილი. მთავარი ზე-ძალა ჯერ არ შემოყავთ, ალბათ, ინახავენ, მორიგი დარტყმისთვის ემზადებიან. იქნებ შემუშავებულიც აქვთ რაღაც სცენარი, რომლის მიხედვითაც აპირებენ მოქმედებას. მოკლედ რომ ვთქვათ, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეს მათი და მათი ელექტორატის გადასაწყვეტია. ერთმანეთში გაარკვიონ, როდესაც ხმას აძლევენ დეპუტატობის კანდიდატს, რატომ აძლევენ – ქუჩაში მიტინგების და აქციების ჩასატარებლად თუ საპარლამენტო მოღვაწეობისთვის? იქნებ ამომრჩეველმა უკეთ იცის მათი ტაქტიკა, სტრატეგია და ამიტომ იქცევიან ასე, მაგრამ თუ არ სურთ პარლამენტში მუშაობა, საერთოდ, რატომ იყრიან კენჭს ამ მიმართულებით, რატომ ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას, რა სურთ, რისკენ მიილტვიან, ისიც გასარკვევია. მათი ბოიკოტის შეწყვეტა ჩვენ არაფერს შეგვმატებს, პარლამენტში შემოსვლის პირველივე დღემ აჩვენა, რომ ყოველნაირ საბაბს ეძებენ პერფორმანსების, სპექტაკლების დასადგამად, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში დესტრუქციისა და ქვეყანაში არეულობის შემოსატანად.
–საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.
-„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აუწყოს მსოფლიოს ვინ არის აგრესორი და ვინ არა? პოლიტიკა არ არის მაგიდებზე შეხტომა და მუშტების ქნევა. მუშტი რომ მოიქნიეს, რითი დაუმთავრდა ჩვენს ქვეყანას, ყველამ კარგად იცის. დღემდე არ დაინტერესებულან, არ მოუკითხავთ 2008 წლის ომში დაღუპული ბიჭების ცოლ-შვილი. პირადად მე, ყველა მათგანს ვიცნობ, ყველასთან ვარ ნამყოფი და ვიზიარებ მათ ჭირ-ვარამს. ვისაც არ ჯერა, ნუ ჩამოივლიან, უბრალოდ, ჩამოურეკონ და ჰკითხონ შვილმკვდარ დედებს, დაქვრივებულ ცოლებს, დაობლებულ ბავშვებს, ვინ ჰყავდათ პატრონი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ხომ სხვა ტკივილია, რაც „ამათ“ არ ადარდებთ. მთავარია, მოისროლონ სიტყვა, ურაპატრიოტიზმით შეკაზმონ ტექსტი, საჯაროდ „პატრიოტებად“ რომ დაფიქსირდებიან, შემდეგ თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა, სულ არ აწუხებთ.
-ძალიან მკაცრ შეფასებას ხომ არ აძლევთ?
– მაშინ თავად გადაამოწმეთ, ვინ საით გარბოდა იმ სამდღიანი ომის პირველივე დღეებში. ესეც აღრიცხულია საზღვრის კვეთის მონაცემებში და ძალიან იოლი გადასამოწმებელი. ამ ომმა რიგითი ოჯახების და ათი ათასობით ლტოლვილის ზურგზე გადაირა, მათ არაფერი დაკლებიათ, პირიქით, ზოგიერთმა მილიარდები იშოვა. მათი თავდაცვის მინისტრი იყო კეზერაშვილი, ჩემი – არა, მას არც მაშინ ვაღიარებდი, პოლიტიკაში „ცალ-ცალი კალოშით“ მოსული კაცი, მილიარდერად არ ბრუნდება სახლში, თუმცა სახლი ევროპაში ჰქონია და იქ ბრძანდება.
– პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით გამოვიდა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა. ხომ არ მოუთხოვიათ ამ კომისიის ჩამოყალიბება?
-არაფერი გაუჟღერებიათ კომისიის შექმნის შესახებ. ისიც ითქვა, რომ ამ მოტივით შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ჯერ არ ეცალათ, უკრაინის საკითხები ჰქონდათ მოსაგვარებელი. ალბათ აღარც ინტერესდებიან სააკაშვილით, იციან, რომ ყველაფერი ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია და აღარ მუშაობს. პრინციპში, არც ისაა გამორიცხული, თავისუფალ დროს „სახმაუროდ“ შემოენახათ. არ შემიძლია, გულისტკივილი არ გამოვთქვა კიდევ ერთი ფაქტის გამო: იმაზე უარესი რაღა უნდა გაუკეთო შენს ქვეყანას, რომ ჰიმნის დროს ბანერი გაშალო სააკაშვილის პორტრეტით. რას ამტკიცებენ, რომ ეს არის მათთვის ენაც, მამულიც სარწმუნოებაც და მაპატიოს უფალმა – ღმერთიც?!. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში ამ პერფორმანსმა, პასუხის გაცემაც რომ არ მოგინდება, ისეთი.
-ისევ დგას დღის წესრიგში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმი, რას იტყვით ამაზე?
-ესეც თითიდან გამოწოვილი თემაა. უამრავი ექიმი იყო აქ ჩართული, მე არ მინახავს მისი დაავადების ისტორია და არ მისაუბრია პაციენტთან, მაგრამ იმ ექიმების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ მსგავსი თემის გასაჯაროება დაუშვებელია, იმის მიუხედავად, მოქალაქე თავისუფალია თუ პატიმარი. „ესენი“ ჯერ ითხოვენ სააკაშვილის მდგომარეობის გასაჯაროებას, შემდეგ კი კომისიების შექმნაზე მუშაობენ. სხვათა შორის, მე ვიცნობ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობაში და არცერთი არ ამბობს, რომ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ჯანდაცვის მინისტრმაც მითხრა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარებენ სათანადო კვლევებს, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არც დაუდიათ. რაც შეეხება თავად პატიმრის მდგომარეობას, მის ჯანმრთელობას რა ტიპის პრობლემებიც აქვს, კარგად იციან. ისიც იციან, დაპატიმრების შემთხვევაში, მარტო როცა რჩები საკუთარ თავთან, ეს პრობლემები უფრო რთულდება. არ მინდა ახლა სიღრმეებში შევიდე და დიაგნოზები ჩამოვთვალო.
-რა კეთდება ქვეყნად სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად?
-ყველაფერი კეთდება მძიმე, სოციალური ფონის შესამსუბუქებლად. მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა სწორედ ესაა. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, მერწმუნეთ, ყველაფერი იგეგმება სიღარიბის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად. ჩვენი მუშაობის მთავარი კრედოა მოსახლეობის ამ საკმაოდ დიდ ნაწილში სიტუაციის მოგვარება. მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა. ეს პრობლემა არსებობს და მისი მოგვარების გზებიც მუშავდება. ორიოდე დღის წინ ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მთელი შემადგენლობა. ბევრ სხვა თემას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მომავალი სოციალური პოლიტიკა. სოციალური კოდექსი მუშავდება, რაც არასოდეს ჰქონია ქვეყანას.
-თუ შეიძლება უფრო დააკონკრეტეთ?
-ჯერჯერობით, თავს შევიკავებ დეტალების გახმაურებისგან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეც კი არ ველოდი ასეთ მასშტაბურ მიდგომას და გადაწყვეტილებებს. მხოლოდ ერთ ნაწილს გეტყვით, სოციალურ ბაზაში მყოფ შრომისუნარიან ადამიანებს, სახელმწიფო შესთავაზებს საზოგადოებრივ-სოციალურ სამსახურებს, სადაც შეძლებენ მინიმალური ხელფასი მაინც გამოიმუშაონ. აქვე იდება პირობა, რომ იმის მიუხედავად, რა ანაზღაურებას მიიღებენ, 4 წლის განმავლობაში მათი სოციალური ქულა არ გადაიხედება, ანუ ის ქულაც შერჩებათ, შეღავათებიც, ფინანსური დახმარებაც, სოციალური პაკეტიც. ამის მსგავსი არაერთი პუნქტია. გამოდის, ვასწრებ მინისტრს სიახლის დაანონსებას, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი დეტალი გავაჟღერე, რათა განვმარტო, რაზე ვმუშაობთ და როგორ ვცდილობთ მოსახლეობაში არსებული სიღარიბის პრობლემის აღმოფხვრას. კიდევ ბევრი პროგრამაა დაგეგმილი, რომლის დახმარებითაც უმწეოთა დიდი ნაწილი შეძლებს, თავი დააღწიოს სიღარიბის ზღვარს და გადაინაცვლოს საშუალო შემოსავლიანთა კატეგორიაში. იმედი მაქვს, პანდემია მალე დაგვანებებს თავს (ესეც ჩვენზეა დამოკიდებული), შემდეგ კი უფრო გააქტიურდება მუშაობა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. ამას დრო სჭირდება, როდესაც 800 ათასი უმწეო ადამიანი გყავს სახელმწიფოში, უცებ ვერ ჩამოხვალ 100 ათასზე, მაგრამ ვეცდებით, უახლოეს პერიოდში ამ ციფრის განახევრებაზე ვიზრუნოთ.
-პანდემიის მეექვსე ტალღამ უკვე იმძლავრა. რამდენად ეთანხმებით სპეციალისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისიაო?
-ამის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ჯერ არავინ იცის, გველოდება თუ არა კორონავირუსის შემდეგი მუტაცია და მოგვევლინება თუ არა სხვა ახალი შტამი. უბრალოდ, ეს მტკიცება აგებულია ომიკრონის სწრაფად გავრცელების უნარზე. ეს გულისხმობს, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ადამიანი დავირუსდება, შედეგად კი ვირუსის გავრცელების წრე გაწყდება. ანუ ჯოგური (ცუდი სიტყვაა, მაგრამ ტერმინია) იმუნიტეტი გამომუშავდება და შესაძლებელია, რაღაც პერიოდი ტალღა არ იყოს. მსოფლიოში ყოველდღიურად რამდენიმე მილიონი ინფიცირდება, საქართველოშიც ხედავთ, რა მაღალი მაჩვენებლებია. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ციფრები ორ-სამჯერ მეტია, რადგან ბევრი ვერ ან არ რეგისტრირდება. სამწუხაროდ, ომიკრონი ვერ გააქრობს ვირუსს. ეს ჯანმოს სტატისტიკით მიღებული დასკვნაა.
-რაშია გამოსავალი?
-ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ, ვაქცინაციაშია. ეს არ არის ახირება, ხელთ გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ორჯერ აცრილებში და „დაბუსტერებულებში“, თუკი მაინც გადაედოთ, ძალიან უმნიშვნელოდ, იოლ ფორმებში მიმდინარეობს დაავადება. აქვე არსებობს სტატისტიკაც, თუ როგორ მძიმე შემთხვევებს ვხვდებით აუცრელ ადამიანებში. ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ტალღა გვექნებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრის გარეშე. ამიტომ, ახლა უნდა გავიდეთ იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომლებიც ანტივაქსერების ფეხის ხმას არიან აყოლილნი და არად დაგიდევენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას არათუ სხვების, საკუთარი ოჯახის წევრების წინაშეც.
-ეს ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ უკვე გამოიგონეს და მალე საქართველოშიც შემოვა კოვიდის სამკურნალო მედიკამენტები. . .
-ჯანმომ სწორედ ამ ვარაუდსაც გაუსვა ხაზი, როდესაც განაცხადა, რომ ეს მედიკამენტები ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს აცრას. წამლებს მიიღებენ ინფიცირებული პაციენტები, რათა შეიმსუბუქონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ გახდეს აუცილებელი მათი ჰოსპიტალიზაცია. აცრა ყველა ვარიანტში რჩება და ეს არ არის საქართველოს ეპიდემიოლოგთა აზრი, ეს რეკომენდაციები და დადგენილებები მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა ბოლო დასკვნებია. თავად იცით, რომ არის დაავადებები, რომელთა მკურნალობის მეთოდები უკვე ცნობილია, მაგრამ მაინც ვცრით ბავშვებს, რათა არ დასნეულდნენ თუნდაც წითელათი. ანუ აცრა რჩება, მედიკამენტები კი გამოიყენება დაავადებულთა სამკურნალოდ.