კოვიდ-ინფიცირებულთაგან 15% ბავშვია!
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
რა მდგომარეობაა ბავშვებში კორონავირუსის კუთხით, ამაზე აკეთებს „აჭარასთან“ კომენტარს პარლამენტარი, პედიატრი ზაალ მიქელაძე.
-ბავშვების აცრას ყველა ვერიდებით გავრცელებული ჭორ-მართალის გამო. როგორც გამოცდილი პედიატრი, რას გვირჩევდით ამ მიმართულებით?
-მთელი ცხოვრება ამ სფეროს ვემსახურებოდი და ვცრიდი კიდეც სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში. თუ ორი თვიდან ვცრიდი გრიპზე ბავშვებს, რატომ არ შეიძლება გრიპის მსგავსი დაავადების – კოვიდის ასაცილებლად იგივე გავაკეთო?
-იმდენად ბევრი პოლემიკაა ამ თემაზე, რომ თავისდაუნებურად, შიში გიპყრობს, თანაც ვაქცინა სრულიად ახალია.
-დიახ, ეს გასაგებია, მაგრამ 21-საუკუნეში უდიდესი გამოცდილების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები მუშაობდნენ ამ ვაქცინის შექმნაზე. ცხადია, ახლა სულ სხვა ტექნოლოგიებია, გამოცდილებაც და ინფორმაციაზე წვდომაც მეტია. გასაგებია, ის სიფრთხილე და შიშიც, რაც ბავშვებთან დაკავშირებით გვამოძრავებს. აუცილებელია უფრო მეტი გამოცდილების და სტატისტიკური მონაცემების დაგროვება. აქედან გამომდინარე, თანდათანობით ქვევით იწევს ასაცრელთა ასაკი. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვაქცინაცია დაუშვეს ჯერ 6 წლის ბავშვებში, შემდეგ – ორი წლის, ახლა კი საუბარია, რომ აიცრას პატარები 6 თვიდან. იმედია, ჩვენც მივყვებით ამ სქემას თანდათან.
-რაც შეეხება ორსულთა ვაქცინაციას, რამდენად მისაღებია?
-უკვე ზაფხულიდან მკაცრი რეკომენდაციები მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ, ძალიან დიდია კოვიდიანი ორსულების ლეტალური შედეგი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ დაფიქსირდა, რადგან ეშინოდათ ~ ორსული ქალის აცრა. საუბედუროდ, აუცრელობის გამო ბევრი დედა-შვილი დავკარგეთ, რაც დაუშვებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ. მოვიყვან ოფიციალურ სტატისტიკასაც. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში 385 ვაქცინირებული და 10.532 აუცრელი პირია გარდაცვლილი (ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი). საქართველო ამჟამად ომიკრონით გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ე.წ. ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც, იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4-5 ათასი იყო.
-ამ ტალღის ფონზე ლოქდაუნები ხომ არ იგეგმება, თუა მოსალოდნელი სკოლების და საბავშვო ბაღების დახურვა?
-არა, არაფერი მსგავსი არ თქმულა. ალბათ, ლოქდაუნები აღარ იქნება იმ გათვლით, რომ ომიკრონის შტამს რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს. პანიკა იქმნება ბავშვების ინფიცირების გამო, შვილებს თუ შვილიშვილებს შეშინებული მშობლები, ბებია-ბაბუები საავადმყოფოში მივარბენინებთ ამბულატორიების და პოლიკლინიკების ნაცვლად, რამაც გამოიწვია ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა ბავშვთა მიმართულებით. ამიტომ არ არის საჭირო პანიკა, გამოვიყენოთ პირბადეები, დავიცვათ დისტანცია და აუცილებლად ავიცრათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ პანდემიის დამარცხებას.
***
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 8.401 ვაქცინირებულ პირს, არავაქცინირებულთაგან კი სამედიცინო დაწესებულებაში 130.648 ადამიანი მოხვდა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90.56%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. რეანიმაციაში განთავსებისა და კრიტიკული მოვლის საჭიროება კი, აუცრელ პირებთან შედარებით, 94,1%-ით ნაკლებია“, – ნათქვამია Nანგარიშში.
იმუნიზაციის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებულია ლეტალობის 7 შემთხვევა. შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქედან 5 შემთხვევაში გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება.
„ლეტალობის ერთი შემთხვევა ჯერ განხილვის ეტაპზეა, კიდევ ერთი კი სპეციალურ კომიტეტში დოკუმენტაციის წარდგენამდე შეჩერებულია”, – წერია ანგარიშში.
მათი ცნობით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ჯამურად 2.514.871 აცრაა ჩატარებული. მათგან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული რეაქცია 1.929 შემთხვევაში აღირიცხა, სერიოზულად კი 206 შემთხვევაა მიჩნეული. აქედან 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწია.
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159.977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17,1 % შეადგენს. ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში.
2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული ომიკრონ შტამის 1.532 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, 3 შემთხვევაში დადგა ლეტალური შედეგი.
„ჩვენ მარტო ვერ დავამარცხებთ პანდემიას, თქვენს ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – აიცერით, გაიკეთეთ“ბუსტერი“ და დაიცავით სიცოცხლე!” -აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 15 ათასს.
ორსულთა ინფიცირება შემთხვევების საერთო რაოდენობაში 8,2%-ს შეადგენს. მათგან 2020 წელს 3.362 დაინფიცირდა, 7.326 – 2021 წელს.
პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში კორონავირუსით 10.687 ორსული დაინფიცირდა. ბოლო სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლების ანგარიშშია მოყვანილი.
ანგარიშის მიხედვით, კოვიდD-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში ექიმების ანტენატალური მეთვალყურეობის ქვეშ იყო 129.341 ორსული, 2020 წელს – 66.359, ხოლო 2021 წელს – 62.982.
ორსულთა ინფიცირება შემთხვევების საერთო რაოდენობაში 8,2%-ს შეადგენს. მათგან 2020 წელს 3.362 დაინფიცირდა, 7.326 – 2021 წელს.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით, ორსულთა ასაკის მატებასთან ერთად, აცრილთა პროცენტიც იზრდება. ყველაზე აქტიურად ორსულები იცრებოდნენ თბილისში – 17%, შემდეგ მოდის აჭარა – 12%. საუბარია სრულად (ორჯერადად) აცრილ ქალბატონებზე.