ჩინეთი ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმს მასპინძლობს
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ორი საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცა საქართველოს პირველმა არხმა. ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით გასტანს. პეკინი პირველი ქალაქია, სადაც ზაფხულის ოლიმპიადაც გაიმართა (2008 წელს) და ამჯერად – ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც.
საინტერესოდ დაიწყო გახსნის ცერემონია. მოედანზე შემოიტანეს ჩინეთის სახელმწიფო დროშა, რომელმაც გაიარა ჩინეთის ყველა პროვინციის წარმომადგენლის ხელში (56 ადამიანი), შემდეგ კი სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის გახსნის დღე დაემთხვა ჩინური გაზაფხულის დაწყებას, ამიტომ შოუს პირველ ნაწილს „გაზაფხულის დასაწყისი“ უწოდეს.
გახსნაზე მაქსიმალურად იყო გამოყენებული სპეცეფექტები, რომელმაც დიდი შთაბეჭდილებ დატოვა. ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი თოვლის ფიფქი გახლდათ, სპეცეფექტების დახმარებით ჩინური ნამის ერთი წვეთი გადაიქცა მდინარედ, მისი „გაყინვის“ შემდეგ გაკეთდა წარმოსახვითი პოდიუმი – ყინულის კუბი, რომელიც ჰოკეისტებმა შაიბას დახმარებით დაანგრიეს, ნამსხვრევები კი გადაიქცა ოლიმპიურ რგოლებად. თუმცა მანამდე ამ ყინულის კუბში საინტერესოდ წარმოაჩინეს ადრე ჩატარებული ოლიმპიადის ოცდასამივე მასპინძელი ქალაქი, ბოლოს – პეკინი.
„ჩიტის ბუდე“ ასე ეწოდება სტადიონს, რომელმაც გახსნას უმასპინძლა. ტექნოლოგიების გამოყენებით მოედანზე ყინულის მსგავსი ზედაპირი „გაჩნდა“ და გახსნის ცერემონიაც სწორედ მასზე გაიმართა.
ერთი დიდი ფიფქი აეწყო იმ ფიფქებისგან, რომელიც წინ უძღოდა თითოეული ქვეყნის დელეგაციას აღლუმზე გამოსვლისას. ამ ფიფქებში ჩაწერილი იყო თითოეული მონაწილე ქვეყნის სახელწოდება. ბოლოს სწორედ ამ დიდ ფიფქში აანთეს (უფრო სწორად ჩაამაგრეს) ჩინეთის მოქმედმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ჩირაღდანი, რომელიც სხვა ოლიმპიადების ოლიმპიურ ჩირაღდნებზე მომცროა.
მოედანზე , როგორც წესი, ყველა მონაწილე ქვეყანა შემოვიდა. მათგან, ტრადიციულად, პირველი საბერძნეთი იყო. ჩვენს დელეგაციაში საქარველოს სახელმწიფო დროშა მიჰქონდათ მოციგურავე მორის ყვითელაშვილსა და სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურს.
ოლიმპიური დროშა შემოიტანეს ჩინეთის ცნობილმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა. შეკრებილთ სიტყვით მიმართეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
გახსნის ცერემონიამდე პეკინის ოლიმპიადა რამდენიმე საათით ადრე დაიწყო ფიგურულ სრიალში შეჯიბრებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი მოციგურავეთა ნაკრები სრული შემადგენლობით არის ოლიმპიადაზე წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ყველა დისციპლინაში მონაწილეობენ. შესაბამისად, სპორტსმენები გუნდურ პირველობაზე ასპარეზობენ, რომელშიც ათი ქვეყანა ჩაერთო. ოლიმპიადა ჩვენთვის პირველივე დღიდან საინტერესოა, რადგან ჩვენი სპორტსმენები ასპარეზობდნენ და მათგან პირველი მორის ყვითელაშვილი გამოვიდა. მან ძალიან კარგად იასპარეზა შთამბეჭდავი მოკლე პროგრამით და 92, 37 ქულა დაიმსახურა, რითაც მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს ძალიან კარგი შედეგია. გამოვიდნენ, ასევე, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, მათ რიტმულ ცეკვებში 64, 60 ქულა მიიღეს. ეს მერვე პოზიცია გახლდათ. შემდეგ წყვილთა მოკლე ცეკვებით იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. მათ 64, 69 ქულა დაიმსახურეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს 15 ქულა დაუგროვდა და ჯერჯერობით ხუთეულს მიღმა ვიმყოფებით – მეშვიდე ადგილზე.
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები გამოსვლას ქალთა ინდივიდუალური მოკლე პროგრამით დაასრულებს, რომლითაც სპორტის მოყვარულთა წინაშე ანასტასია გუბანოვა 6 იანვარს წარსდგება. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი, შევა თუ არა საქართველოს ნაკრები საუკეთესო ხუთეულში, რომელიც გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას. კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდია. სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ სპორტის ამ სახეობაში საქართველომ 32 ქვეყანას შორის 10 საუკეთესოთა შორის მოხვდრა შეძლო, ასე რომ ქართველმა ოლიმპიელებმა პატარა საქართველო კიდევ ერთხელ გააცნეს მსოფლიოს.
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე საქართველოს წარმომადგენლები არიან: ფიგურული ციგურაობა – მორის ყვითელაშვილი, ლუკა ბერულავა, კარინა საფინა, გიორგი რევია, მარია კაზაკოვა, ანასტასია გუბანოვა, სამთო თხილამურობა – ნინო წიკლაური, სოსო ჯაფარიძე, ციგაობა – საბა ქუმარიტაშვილი.