„სიკვიდილის კალო“ – ისტორიის გამოძახილი გაზეთ „აჭარაში“
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
რა ხდებოდა საბჭოეთის ბნელ სარდაფებში, დღემდე არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. იქიდან თავდაღწეული ადამიანები არაფერს ყვებოდნენ გადატანილი ტანჯვა-წამების შესახებ, რათა ისევ იქ არ აღმოჩენილიყვნენ თავად, ან ისინი, ვისაც გაუზიარებდნენ ტრაგიკულ ისტორიებს. . . „37 წელი“, რომელიც ეტაპობრივად ახლდებოდა, იმდენ მსხვერპლს ითვლის, არავინ იცის ზუსტი მონაცემები. ჯერ კიდევ არის შეუსწავლელი სახლის სარდაფები, ტერიტორიები, სამარხები, სადაც ნაწამები ადამიანების გვამებია ჩაყრილი. კიდევ უფრო ძლიერდება ტკივილი, როდესაც იგებ, რომ აქვე, შენ გვერდით, წალკოტად აღიარებულ აჭარაში, სადაც ამდენი სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა, პარალელურად მოქმედებდა სიკვდილის კონვეიერი. ჩვენს კუთხეში სამი ადგილი აღმოჩნდა, სადაც აწამებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს, რაც ადრე არ გახმაურებულა.
1997 წლის მაისში, როდესაც „აჭარას“ aლექსანდრე სამსონია რედაქტორობდა, გაზეთში დაიბეჭდა იმ ტრაგიკულ წლებში დახვრეტილთა სიები სათაურით- „სიკვდილის კალო“. უამრავი ადამიანი მოაწყდა რედაქციას, ტირილით გვიხდიდნენ მადლობას. ბევრმა აღმოაჩინა იმ სიაში საკუთარი ოჯახის წევრები, უგზო-უკვლოდ, ციმბირში გადაკარგული რომ ეგონა.
ინფორმაცია გაზეთს მიაწოდა ზურაბ ზაქარიაძემ. როგორც ის ამბობს: „გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოდიოდა თბილისში გაზეთი „სრულიად არასაიდუმლოდ“, რომელიც აქვეყნებდა უშიშროებაში აღმოჩენილი არქივის მასალებს. მაშინ, მახსოვს, ვთხოვეთ ბატონ ალის ამ სიების დაბეჭდვა და უარი არ გვითხრა. მისი მშობლებიც ხომ მოყვნენ რეპრესიებში. . . მაშინ დავეკონტაქტეთ საქართველოს „მემორიალს“ და მას შემდეგ მჭიდრო კავშირში ვართ მათთან. სწორედ მისმა თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ გააჟღერა პირველად იდეა, რეპრესირებულთა სულის საცხონებლად ტაძარი აგვეგო, რომელსაც მაშინვე გამოეხმაურა მამაჩემი. ჩამოაყალიბა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდნენ ლაზარე ზაქარიაძე და თეიმურაზ ყურავა (მამა თეიმურაზი). მამამ გამოყო მიწის ნაკვეთი კუთვნილი ტერიტორიიდან. შეიკრიბა სამი სოფლის ახალგაზრდობა და დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2006 წლის 14 სექტემბერს აკურთხა მეუფე დიმიტრიმ როგორც ყოვლადწმინდა ივერიის ტაძარი. მამა ვერ მოესწრო, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. . . ამ ხნის განმავლობაში ტაძარი მოქმედია. უამრავი ადამიანი მოინათლა, ჯვარი დაიწერა, წირვა-ლოცვა ტარდება და ბევრ დიდ საქმეს ემსახურება. მინდა აღვნიშნო, რომ მამამ ამ ტაძრის მშენებლობა მიუძღვნა თავის მამას, ბიძიას, ბაბუას და ათიათასობით რეპრესირებულს.“
აჭარის „მემორიალის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ზაქარიაძემ უზარმაზარი სამუშაოები ჩაატარა, შედეგად აღმოაჩინა სამარხები, რომლებსაც ახლა იკვლევს ამ კუთხით სპეციალიზებულ არქეოლოგთა ჯგუფი.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ სავარაუდო ადგილები. ერთი იყო სალიბაურში, ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში, მეორე – ხელვაჩაურში, სატანკო ბატალიონში, ახლა ქართული ჯარია იქ. მესამე ადგილია ადლიაში. ამ საქმეში ჩაერთნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი ნადიმ ვარშანიძე , საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე. შეიქმნა 1937-1938 წლებში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების მომძიებელი სამუშაო ჯგუფი, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო მოწმეების აღმოჩენა და მათთვის ჩვენების ჩამორთმევა, რომლის საფუძველზეც გავარკვევდით და დავადასტურებდით მაშინდელ სისხლიან მოვლენებს“ – იხსენებს მაშინდელ სამუშაო პროცესებს ზურაბ ზაქარიაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი მოწმე აღმოჩნდა თენგიზ ქონდარიძე. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ სალიბაურის სამთავრობო აგარაკზე იდგა ჯარი. თავად რეზიდენცია „შეფუთული“ იყო როგორც ელიტარული დასასვენებელი ადგილი, სინამდვილეში კი წარმოადგენდა უდანაშაულო ხალხის სასაკლაოს. თენგიზ ქონდარიძე იქ დაცვაში მუშაობდა 2003 წლიდან 2014 წლამდე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტების უნებური მომსწრე გახდა: „ტერიტორიაზე გადაწყვიტეს დამატებითი სველი ადგილის მოწყობა. როგორც კი ბალავარი გაჭრეს საპირფარეშოს ასაშენებლად, მიწას ამოჰყვა ადამიანის თავის ქალა და ძვლები. ყველა შევშინდით, მე გავაპროტესტე, რომ ამ ადგილას წარმოუდგენელი იყო რაიმეს აშენება. მაშინვე შეწყდა სამუშაოები, თუმცა არავინ არაფერი გაახმაურა. ის რეზიდენცია, რომელიც გარეგნულად წალკოტს ჰგავდა, მალე გაიყიდა. ინვესტორმა რომ გაიგო, რა იყიდა, ძალიან შეწუხდა, თუმცა არც ეს საქმე გახმაურებულა. იმ წლებში თბილისიდან ჩამოვიდა ერთი პიროვნება. ვინაობა არ დაუსახელებია, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. აღმოჩნდა, რომ თავად მონაწილეობდა იქ მიმდინარე დახვრეტებში და ამდენ ხანს სინდისი არ ასვენებდა, მოკლულები ეცხადებოდნენ და პასუხს სთხოვდნენ. სწორედ მან გვიამბო, რომ სასაკლაო კონვეიერული სისტემით მუშაობდა. 50-50 ადამიანი მოჰყავდათ. ერთ ნაწილს რომ ხოცავდნენ, მეორეს აიძულებდნენ მათთვის სამარხების გათხრას და მიწის მიყრას. ადამიანებს პირუტყვზე უარესად ექცეოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ გადმოცემით იცოდა. დაწყევლილ ადგილად თვლიდნენ და ახლოს არ ეკარებოდნენ“.
თენგიზ ქონდარიძე პარანორმალურ მოვლენებზეც საუბრობდა. მისი თქმით, სწორედ იმ ადგილას, სადაც ძვლები ამოთხარეს, მთვრალ კოლეგას სამარხის შეურაცხყოფა გადაუწყვეტია. როგორც მოწმეები ამტკიცებენ, კაცი ისე გაგიჟებულა, ხეზე დაუბამთ. არაადეკვატური გამხდარა და იძულებული გახდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. იმასაც იხსენებს, რომ ვიდეოკამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე ხშირად ისმის კაკუნი და ბრახუნი, ყვირილი, კვნესა, გოდება, თუმცა აპარატურა ვერაფერს აფიქსირებს.
რაც შეეხება ხელვაჩაურში განლაგებულ ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიას, იქაური მოვლენების მოწმე კირნათელი ზურაბ ჯიხაიძე აღმოჩნდა, რომელიც 1978 წელს იქ ცეცხლფარეშად მუშაობდა. იმ პერიოდში გადაუწყვეტიათ ობიექტზე ტანკების სამრეცხაოს მოწყობა. საძირკვლის გაჭრისას მიწას ამოჰყვა ადამიანების ძვლების ფრაგმენტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ნაგლეჯები. . . “საშინელი სიტუაცია იყო. გავაპროტესტე, მაგრამ დამაშინეს, მოიყვანეს მანქანა, ის ძვლები შეყარეს სატვირთოზე და სადღაც გააქანეს. ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი, არადა, გულზე ტვირთად მაწვა ეს საიდუმლო. მადლობას ვუხდი ბატონ ნადიმს, რომ საშუალება მომცა ყველაფერი მეთქვა და იმედი მაქვს, იქ ჩამარხული ადამიანების სულებიც დაიმკვიდრებენ სასუფეველს.“
მსგავსი სამარხების აღმოჩენას მთელი საქართველოს მასშტაბით დედა სიდონია უძღვება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზიის მოსწავლეებმა ფეისბუქზე შექმნეს ვებგვერდი „ბოლშევიკთა რეპრესიების მსხვერპლი“, სადაც აქვეყნებენ მოძიებულ მასალებს, რომელიც გაოცებს სიღრმით და მოცულობით. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია „სიკვდილის სახლებში“ მიმდინარე პროცესების აღწერა. ამ მასალების არსებობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მასობრივი რეპრესიებისას ხელისუფლება ცდილობდა,სიკვდილით უდანაშაულოდ დასჯილის საქმე (ძიების მასალები, სასამართლო პროცესი) ისე ეწარმოებინა, რომ მისთვის კანონიერი სახე მიეცა. ყოველი დასჯილის საქმეში უხვადაა წარმოდგენილი გაყალბებული მასალები (დაკითხვის ოქმები, წამებით გამოძალული ჩვენებები და აღიარებები, წინასწარ შეთითხნილი დასმენები). ხშირად პატიმარს ადგილზე უსწორდებოდნენ, ოფიციალურ დოკუმენტში კი წერდნენ, რომ პატიმარი გარდაიცვალა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ თვითმხილველთა ზეპირი ისტორიებიდან განსაკუთრებით შემაძრწუნებელია სოფელ გაჩიანის მცხოვრები თალიბ ალიევის ნაამბობი, რომელიც 1937-1938 წლებში,ზაფხულში, მაშინ 25-26 წლის ახალგაზრდა, მწყემსად მუშაობდა. წალკიდან ჩამოსულებს ცხვარი ამ ტერიტორიის მახლობლად ჰყავდათ გაჩერებული. ის რამდენჯერმე შეესწრო, რომ ღამით ღრმად ამოთხრილ ორმოებთან მოდიოდა 10-12 სატვირთო მანქანა ე.წ პოლუტონკა, საიდანაც გადმოჰყავდათ ხელებგაკოჭილი ხალხი. სავარაუდოდ, დასახვრეტად გაყვანილ პირებს ინექციას უკეთებდნენ იმისთვის, რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ და არ გაქცეულიყვნენ. ამით აიხსნება ალბათ ის გარემოებაც, რომ მათ არ შეეძლოთ ხმის ამოღება და ყვირილი. სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევით, ხოლო ვინც გადარჩებოდა, მათ ჯგუფიდან ერთ-ერთი (სავარაუდოდ, ჯგუფის ხელმძღვანელი) პირადად სათითაოდ ესროდა იარაღს. შემდეგ მიცვალებულებს ერთად ყრიდნენ წინასწარ ამოთხრილ ორმოებში და ტრაქტორებით ასწორებდნენ მიწას, დახვრეტილთა ტანსაცმელს კი იქვე წვავდნენ. . . საარქივო დოკუმენტებით მიღებული ინფორმაციის გასამყარებლად, არქეოლოგიის ინსტიტუტში მოიძიეს აღნიშნული ადგილის 1952 წლის საიდუმლო აეროფოტოგადაღებების მასალები.
შინსახკომის ციხის ერთ-ერთი ზედამხედველის ცნობით, დასახვრეტად გამზადებულ პირებს ხელებს უკრავდნენ და ისე მიჰყავდათ ქალაქგარეთ. ასევე, საინტერესოა საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ციხის ექიმების მიერ მიცემული ჩვენებები, სადაც აღწერილია 1937-1938 წლებში სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის დეტალები. როგორც ერთ-ერთი ასეთი ჩვენებიდან ირკვევა, დახვრეტები, როგორც წესი, ხდებოდა ღამით, დახვრეტის ადგილებს ანათებდნენ მანქანების საშუალებით. დასახვრეტად გაჰყავდათ დიდი რაოდენობით ხალხი – ხანდახან 300 ან 400 ადამიანი ერთად.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხის ერთ-ერთი ზედამხედველის ჩვენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოსაყვანად თითქმის ყოველდღიურად გაჰყავდათ ასობით ადამიანი და ბევრი მათგანი თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამხვრეტ ჯგუფს სიკვდილმისჯილი უკან წაეყვანა ციხეში იმის გასარკვევად, დამნაშავე იყო ის თუ არა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენთვის არის ცნობილი ის ზუსტი ადგილი, სადაც უნდა იყოს დამარხული გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებული ათასობით ადამიანი. ეს დასტურდება როგორც საარქივო დოკუმენტური მასალით, ასევე თვითმხილველთა ნაამბობით.
იმედია, საბოლოოდ დადგინდება ყველა დაღუპულის სამარხი, მოხდება იდენტიფიცირება და ჩვენი საზოგადოებაც მოიხდის ვალს უდროოდ დაღუპული თანამემამულეების წინაშე.