აჭარაში მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა მე-6 სამარხი აღმოაჩინეს
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აქამდე, აჭარაში, 2017-2019 წლებში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ( 2021 წელს ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობით) მასობრივი ტერორის მსხვერპლთა 5 სამარხია შესწავლილი და 180-მდე ნეშტი – ამოსვენებული. ახლახან ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეექვსე სამარხიც გაითხარა, სადაც 29 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
არქეოლოგების და ისტორიკოსების აზრით, ისინი 1937-1938 წლებში, რეპრესიების დროს დახვრეტილების ნეშტია. 3 თებერვალს, პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა სრულად გახსნეს №6 სამარხი, რის შემდეგაც დაიწყება ნეშტების ამოსვენების პროცესი.
ძირითადი სამუშაოები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექვსმა თანამშრომელმა ჩაატარა.
პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტომაშ ბორკოვსკი 6 სპეციალისტთან ერთად 22 იანვარს ჩმოვიდა ბათუმში. ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია 4 არქეოლოგი და 2 ანთროპოლოგი, უკვე ორი კვირაა გათხრებს აწარმოებს. პირველადი ანთროპოლოგიური კვლევის შემდეგ ცხედრებს მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
გთავაზობთ ინტერვიუს ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის მკვლევართან მახსოვრობისა და დეზინფორმაციის მიმართულებით ანტონ ვაჭარაძესთან.
-როდის დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა?
-ჩემს სპეციალობაში შედის საბჭოეთის წარსულის კვლევაც. ჩვენი ინსტიტუტი დიდი ხანია დაინტერესდა ამ კვლევებით. „სტალინური სიები საქართველოდან“ ჩვენი შექმნილია და როდესაც 2019 წელს ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია აჭარაში ახალი სამარხების პოვნის თაობაზე, მაშინვე ჩავერთეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მოვიძიეთ სია და დავაზუსტეთ, რომ 1050 ადამიანი იყო რეპრესირებული აჭარაში. შემდეგ ეპარქია დაგვიკავშირდა, კომისიაში ჩავერთეთ, რომელიც აქ შედგა და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც დაგვევალა, მათ შორის – საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა, სადაც უცხოელი სპეციალისტებისგან მივიღეთ კონსულტაციები და ადგილობრივი კონფერენციაც გავმართეთ (ყველაფერი ონლაინრეჟიმში ტარდებოდა პანდემიის გამო). შემდეგ ლაზეთის ეპარქიასთან ერთად წერილობით მივმართეთ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს. პოლონელი არქეოლოგები დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ და აჭარაში აღმოჩენილი რიგით მეექვსე სამარხი გახსნეს. უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს სამუშაოები, სადაცაა ნეშტების ამოსვენებაც დასრულდება.
-როგორც ცნობილია, ამერიკელებიც იყვნენ ჩართული გათხრებში?
-ამერიკელებმა ზაფხულში გათხარეს მასობრივი ტერორის მსხვერპლთა მეხუთე სამარხი. მანამდე, ოთხი სამარხი ეპარქიამ გათხარა საკუთარი ძალებით, ახლა მეექვსე – პოლონელებმა. ექსპერტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ გააჩნიათ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარების დიდი გამოცდილება. პოლონეთსა და მეზობელ ქვეყნებში შესწავლილი აქვთ ასობით მსგავსი ადგილი. აღნიშნული ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხში მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.idfi იმედოვნებს, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და პოლონელი სპეციალისტები, არქეოლოგიურად და ანთროპოლოგიურად შეისწავლიან სამარხს და ამოსვენებულ ნეშტებს. გარდა სამუშაოებისა, დაგეგმილია სხვადასხვა დონის ვიზიტი და კულტურული ღონისძიება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
-თუ გაქვთ წარმოდგენა ვის ეკუთვნის ნეშტები?
-მოგეხსენებათ, რომ ახლა ვიპოვეთ 29 ადამიანის ნეშტი, გვაქვს სიაც. ვფიქრობთ, ამ სამარხში ზემოხსენებულ სიაში შეტანილი ხალხი იყო. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადამიანები, რომელთა ცხედრებიც ხელვაჩაურში იპოვეს, სტალინის რეპრესიების დროს 1938 წლის 15 მარტს დახვრიტეს.
-დნმ-ის აღება მუშაობის შემდგომი ეტაპია?
-დიახ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ჩაერთვება ამ პროცესში. შეიქმნება ბაზა, რომლის მიხედვითაც ცოცხალი შთამომავლები შეძლებენ იმ პერიოდში დაღუპული ოჯახის წევრების სამარხის გარკვევას. ეს ცოტა შორეული მომავლის საქმეა, კვლევები ალბათ შემდეგ დაიგეგმება.
-ახლა რა პროცესები მიმდინარეობს?
-ახლა ნეშტები ამოსვენდება, გასუფთავდება, ჩატარდება მცირე ანთროპოლოგიური კვლევა სქესის და ასაკის გასარკვევად, რაც დნმ-ის ანალიზის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, რომ მათი ნეშტები სათანადო წესის აგებით იქნეს დასვენებული.
-სულ რამდენი სამარხი გაითხარა და რამდენი ნეშტი აღმოჩნდა?
-აჭარაში სულ ექვსი სამარხი და 200-ზე მეტი ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, როგორც გითხარით, კიდევ არის ამ წლებში რეპრესირებულთა სამარხები. საუბარია 1050 ადამიანზე. ჯერ მხოლოდ აჭარაშია ნაპოვნი სამარხები, არადა, არსებობს დახვრეტილთა სიები სოხუმში, ქუთაისსა და თბილისშიც (ყველაზე მეტი), მაგრამ მათ სამარხებზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
***
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე დახვრიტეს 29 ადამიანი.
ესენი იყვნენ:
- აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე – დაბ. 1868 წ.
- ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე – დაბ. 1906 წ.
- ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე – დაბ. 1887 წ.
- აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე – დაბ. 1904 წ.
- ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე – დაბ. 1869 წ.
- ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე – დაბ. 1884 წ.
- ბატტი მიხაილ მიხაილის ძე – დაბ. 1868 წ.
- ვერეშკო ანტონ ანტონის ძე – დაბ. 1863 წ.
- გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე – დაბ. 1878 წ.
- გაგუა სერაპიონ სიმონის ძე – დაბ. 1885 წ.
- გორდელაძე გიორგი იოსების ძე – დაბ. 1893 წ.
- გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე – დაბ. 1883 წ.
- ერშოვი ევგენი ვასილის ძე – დაბ. 1890 წ.
- ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე – დაბ. 1905 წ.
- კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე – დაბ. 1903 წ.
- ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე – დაბ. 1892 წ.
- მხჩიანი არამ გრიგორის ძე – დაბ. 1898 წ.
- მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული – დაბ. 1908 წ.
- ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე – დაბ. 1881 წ.
- რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე – დაბ. 1897 წ.
- ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე – დაბ. 1890 წ.
- ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე – დაბ. 1892 წ.
- თოდუა ლეონიდე სიმონის ძე – დაბ. 1893 წ.
- ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე – დაბ. 1895 წ.
- ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე – დაბ. 1905 წ.
- ცეცხლაძე რიზა თემურის ძე – დაბ. 1917 წ.
27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე – დაბ. 1905 წ.
- ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე – დაბ. 1910 წ.
- ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე – დაბ. 1908 წ.
Pp.s ჯერ არ დაწყებულა მათი იდენტიფიცირება, ვინაობის დადგენა, მაგრამ მალე ეს საკითხიც მოგვარდება. აუცილებელია უგზო-უკვლოდ, უსახელოდ, ისტორიის შავ-ბნელ მოვლენებში ჩაკარგული პიროვნებების ადამიანურად, წესისა და რიგის მიხედვით დაკრძალვა, მათთვის პატივის მიგება, რადგან ისინი უდანაშაულოდ დაისაჯნენ, ბოროტმოქმედნი კი არ იყვნენ, პირიქით, უმრავლესობა სწორედ მორალური სიმტკიცისთვის, ერუდიციისთვის და ინტელექტისთვის დაისაჯა, რადგან გამოირჩეოდნენ ბრბოს ფონზე და მოუწოდებდნენ საზოგადოებას, დაემხოთ ტირანია, გათავისუფლებულიყვნენ შიშის სინდრომისგან და თავი არ დაეხარათ უზნეობის, უვიცობის, სადიზმისა და განუკითხაობის წინაშე.