ნინო რაზმაძისთვის აჭარა განსაკუთრებულად ძვირფასია
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ნინო რაზმაძის ფოლკლორული საქმიანობა აჭარაში 2010 წელს იწყება, იგი იყო პროექტის „ერთი სოფლის ფოლკლორი – მერისი, აჭარა“ ავტორი და ორგანიზატორი, რომლის ფარგლებშიც მერისელმა მომღერლებმა სოფლად 50 წლის წინ ჩაწერილი სიმღერები გააცოცხლეს. 2012 წლიდან მერისში აქტიურად დაიწყო ქართული სიმღერით დაინტერესებული უცხოელების სასწავლო ბანაკების ხელშეწყობა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ წლების განმავლობაში ნინო რაზმაძემ სხვადასხვა პროექტი თუ სასწავლო პროგრამა განახორციელა. მათ შორის იყო პროექტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“, რომელიც ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარადგინეს, შემდეგ ბათუმის კულტურის ცენტრში (2019 წ.). ქალბატონი ნინო არის „საპატიო მერისელი“ (2015 წ.), „საპატიო ჭვანელი“ (2019 წ.) და „საპატიო ქედელი“ (2020 წ.). მისი კვლევის ძირითადი სფერო ქართული ტრადიციული საკრავებია. არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბიზნესმენისა და მეცენატის ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და გალობის უნივერსიტეტის პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელი. ნინო რაზმაძეს საქმიანობა გაუჭირდებოდა, რომ არა ხელმძღვანელების, ემერიტუს პროფესორ რუსუდან წურწუმიასა და ფონდის დამფუძნებლის ქალბატონ ნანა გოთუას მხარდაჭერა. ბოლო წლებში ტრადიციული რეწვის სფეროთიც დაინტერესდა.
ნინო რაზმაძე ჩვენი სტუმარია.
-პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდით ჩემი მოკრძალებული საქმიანობით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებასა და საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საოცარ ადამიანებს და აჭარას. 2021 წელს განხორციელებულ ოთხ მნიშვნელოვან პროექტს გამოვყოფდი აჭარის მიმართულებით: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რადიო „აჭარის“ მხარდაჭერით გამოვეცით რადიოს ფოლკლორული მუსიკალური ფონდის მასალები 350 აუდიონიმუშით. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან, თემურ ტუნაძესა და ანო შანშიაშვილთან ერთად განვახორციელე ჩემი პირველი პროექტი ტრადიციული რეწვის მიმართულებით – „ქსოვილების ორნამენტი აჭარიდან“, რომელიც გახდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერა“ გამარჯვებული. პროექტის თანადამფინანსებელი იყო ქედის მუნიციპალიტეტის მერია. დავასრულეთ ისტორიული პროექტი – ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის არქივში დაცული ფოლკლორული საექსპედიციო აუდიომასალის დამუშავება-აღწერა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელზეც ვმუშაობდი ეთნომუსიკოლოგ ლოლა სურმანიძესთან ერთად. ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი ინსტიტუტის ხელმძღვანელ როინ მალაყმაძეს. მოვიგე გაეროს განვითარების ფონდის უმნიშვნელოვანესი გრანტი ქედის მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების ხის სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის საწარმოს შესაქმნელად.
–„ქსოვილების ორნამენტი – აჭარიდან“ ახალი ციფრული გამოცემაა. საიდან გაჩნდა იდეა და რით არის ეს გამოცემა განსაკუთრებული?
-ამ პროექტზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ვიტყვი, რომ რამდენადაც მდიდარი და უნიკალურია ქსოვისა და ქარგვის აჭარული ტრადიცია და ზოგადად, აჭარელ ქალთა ხელსაქმე, იმდენად მეტად სჭირდება შესწავლა-დოკუმენტირება, პოპულარიზება, ტრადიციის შენარჩუნება, მარკეტინგული აქტივობები. ამ საკითხით 2017-18 წლებში დავინტერესდი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და ჩვენი ლატვიელი პარტნიორების ერთობლივ პროექტში მონაწილეობისას, რომელიც ოთხი ქვეყნის (ლატვია, ესტონეთი, მაკედონია, საქართველო) გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა იუნესკოს მიერ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების საქმეში. საოცარი მაგალითები ვნახეთ, არაჩვეულებრივი რეწვის სახლები, ეთნიკურ ელემენტებზე დაფუძნებული უმაღლესი ხარისხის ტურისტული პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სფერო არ არის, ძალიან მომინდა მსგავსი აქტივობის განხორციელება აჭარაში. ძალიან რთული იყო უკვე არსებული პროფესიის და მრავალი პასუხიმგებლობის პარალელურად, ახალ საქმეზე ფიქრი, მაგრამ გადავწყვიტე, საკითხს საფუძვლიანად მივდგომოდი. ცალკეული პროექტის განხორციელება კარგია, მაგრამ გავითვალისწინე ის რეკომენდაციები, რაც მოცემულია კვლევაში „ტრადიციული რეწვა საქართველოში, სექტორის კომპლექსური კვლევა და განვითარების სტრატეგია“ (2012 წ., ავტორები: მაკა დვალიშვილი, თამარ კიკნაძე, ანა შანშიაშვილი, ირინა მანია). დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ, მასალების შეგროვებით. წიგნში თავმოყრილია უმდიდრესი მასალა – სიხმები, არტახები, ფარდაგები, წინდები, ხელთათმანები, ქისები და სხვ., რომლებიც, ძირითადად, აჭარის სახელმწიფო მუზეუმებსა და ნაწილობრივ, ოჯახებშია დაცული. ამ პროექტს განსაკუთრებული პარტნიორები ჰყავს – „აჭარის მუზეუმი“ და ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“. პროექტში ჩართული ყველა პირის თუ მასალის მესაკუთრის მადლიერი ვარ, მაგრამ მათ შორის გამორჩეული იყო ამ მუზეუმების ხელმძღვანელების თეონა ზოიძისა და ქემალ თურმანიძის მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ კონკურსი ინოვაციურ კომპონენტს ითვალისწინებდა, პროექტში შევიტანეთ ორნამენტების გაციფრულება. წიგნი ასევე მდიდარია მკვლევრების ჯემალ ვარშალომიძისა და ნანული ნოღაიდელის მასალებით, სხვადასხვა საექსპედიციო ხელნაწერიდან ამონარიდებით. ეს მასალები გამოადგება მომხმარებელთა ფართო სპექტრს როგორც კვლევის, ისე კომერციული საქმიანობის მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე ქსოვისა და ქარგვის ადგილობრივი ტექნიკის შესწავლა-დოკუმენტირება, ძაფის ღებვის ადგილობრივი ტრადიციის დაბრუნება, ფარდაგების ქსოვის პოპულარიზება და ბოლოს, უნიკალური კოლექტიური შრომის პროცესის – ქალთა ნადის აღდგენაა. საბოლოოდ, ძალიან მინდა სოციალური საწარმო „რეწვის სახლი აჭარაში“ შევქმნა. ვნახოთ, რამდენად შევძლებ ოცნების რეალიზებას.
-როგორ მოხვდით აქსელერაციის პროგრამა „სტარტას“ მიერ შერჩეულ 25 ქალ მეწარმეს შორის?
-დღეს საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ჩემნაირი დამწყები თუ უკვე გამოცდილი მეწარმეებისთვის, რათა აიმაღლონ საკუთარი ცოდნა და კომპეტენცია. „სტარტაც“ ასეთი, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „სმედა“ ახორციელებს Uაშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ჰუმანიტარული განათლებით და ბიზნესში ნული გამოცდილებით, ძალიან მიჭირს ახალი საქმიანობის დაწყება, ამიტომ პანდემიის პერიოდში ჩემთვის უცხო ბევრი ახალი ინფორმაცია მოვიძიე. მუდმივად ვცდილობ, ვსწავლობდე. პროგრამაში მონაწილეები კონკურსის წესით შეარჩიეს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „სმედას“ გუნდმა მომცა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რადგან ამ პროგრამაში საუკეთესო მენტორები არიან ჩართულები და თეორიული ცოდნის მიღების გარდა, ინდივიდუალური მენტორინგის შესაძლებლობაც გვეძლევა.
-სად აპირებთ საწარმოს აშენებას და როგორ მიმდინარეობს პროექტი?
-საწარმოს ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ხეობის სოფელ გუნდაურში ვაშენებ. ლოკაცია ორი კრიტერიუმის მიხედვით ავარჩიე: ადგილობრივი პარტნიორი – მურმან თურმანიძე, რომელიც მომავალში საწარმოო პროცესს უხელმძღვანელებს, ვფიქრობ, იდეალური მმართველი იქნება. ის არის წესიერი, შრომისმოყვარე, მოხერხებული და სანდო ადამიანი; მეორე ფაქტორი საწარმოს სამომავლო ტურისტული პოტენციალია. მინდა ჩემი საქმიანობა სასარგებლო გავხადო ადგილობრივი ხის ოსტატებისათვის. განსაკუთრებით ახალგაზრდა ოსტატ რესან ჟოჟაძის იმედი მაქვს, რომელთანაც ვთანამშრომლობ. ეს ყველაფერი ძალიან რთული აღმოჩნდა. ჯერ კიდევ მშენებლობის ნებართვის აღების დაუსრულებელ პროცესში ვარ. შპს-ს სახელია „გოგორა“, რაც აჭარული დიალექტით ბორბალს ნიშნავს. ზოგადად, ჩემთვის ინსპირაცია აჭარული ხალხური სათამაშოებია.
-რა დამოკიდებულება გაქვთ „მეგადორსის“ მფლობელ რაულ გაბაიძესთან?
– ბატონ რაულთან გასულ წელს პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ დამაკავშირა. იგი, როგორც დამწყებ მეწარმეს, მხარს მიჭერს და მეხმარება პროდუქტების პროტოტიპების შექმნაში. ახლახან „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ ორგანიზებული „ექსპორტის მენეჯმენტის“ კურსი გავიარე. ევროპული სტანდარტების და სერტიფიცირების საკითხში მიღებული ცოდნა დამეხმარა, უკეთ გამეგო, რამდენად გამართული და თანამედროვე სტანდარტის წარმოება აქვს „მეგადორსს“. ამ რანგის გამოცდილ ადამიანთან ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა. იმედი მაქვს, გავუმართლებ იმედებს და შევძლებ კულტურულთან ერთად, ჩემი, თუნდაც უმცირესი, წვლილი შევიტანო აჭარის მთიანეთში მცხოვრებთა ეკონომიკურ განვითარებაში.
-ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“ რა ადგილს დაიჭერს ნინო რაზმაძის შემოქმედებაში?
-ეს ფილმი ჩემს მეგობარსა და კოლეგას ირმა შარიქაძეს ეკუთვნის. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო, რომ აჭარელი ქალების ხელსაქმე და მათი შემოქმედება ნაქარგობების მიმართულებით ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო. მუდმივად ვცდილობ, ყველას, ვისაც აჭარის პოპულარიზაციაში და აქაურების ინტერესების დაცვაში თავისი წვლილი შეუძლია შეიტანოს, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დავუჭირო, ან შევთავაზო აჭარაში მოგზაურობა. მიხარია, რომ მათ შორის აღმოჩნდა ირმა შარიქაძეც, რომელიც ჩვენი ექსპედიციის მეგზური იყო და აჭარულ საგანძურს ადგილზე, მთიანეთში გაეცნო. იგი აღფრთოვანდა აჭარელი ქალების ხელსაქმით.
-რამდენად ხართ ჩართული არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსში?
-არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა კონკურსი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია. კონკურსის დაფუძნების დღიდან ჩართული ვარ მის საორგანიზაციო საკითხებში, ხოლო 2021 წელს თავადაც გავხდი პროექტის „ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია“ ნომონანტი სტატიისთვის „საკრავების აღმნიშვნელი ტერმინები ბიბლიის ქართულ თარგმანებში“. ეს ნაშრომი აწ გარდაცვლილი ოქსფორდელი პროფესორის ჯერემი მონტეგიუს კონსულტაციით მოვამზადე.
–20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი აჭარას რა ადგილს უთმობთ?
-ჩემი სამეცნიერო კვლევის არეალი, ძირითადად, ტრადიციული მუსიკალური საკრავებია. აჭარასთან დაკავშირებით უფრო სანოტო კრებულების, აუდიომასალების აღწერა-დამუშავება-სისტემატიზების მიმართულებით ვმუშაობ. შარშან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით დავიწყე აჭარული მუსიკალური საკრავების ალბომზე მუშაობა. განსაკუთრებული იყო ჩემთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული ოთხენოვანი გამოცემა „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (2018, 2019წ.წ.), რომელზეც თურქ კოლეგასთან, პროფესორ აბდულა აკატისთან ერთად ვიმუშავე. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, ქორეოლოგ უჩა დვალიშვილსა და ალეკო გელაშვილთან ერთად მოვაწყვე ქორეოლოგიური ექსპედიცია „ინეგოლსა (თურქეთი) და აჭარაში მცხოვრებთა ტრადიციული ცეკვისა და საცეკვაო დასაკრავების შედარებითი შესწავლა (კომპლექსური ექსპედიცია აჭარაში)“, ასევე გერმანულ-ქართული ექსპედიცია აჭარის მთიანეთში გერმანელ მკვლევარ ფრანკ შერბაუმსა და ქართველ ეთნომუსიკოლოგ ნანა მჟავანაძესთან ერთად. ვმუშაობ „აჭარული ტრადიციული სიმღერის ანთოლოგიაზე“, პირველი ორი ტომის მასალები, ფაქტობრივად, მზად მაქვს.
-მეუღლეს ლაშა ყურაშვილს რა როლი აქვს თქვენი, როგორც ეთნომუსიკოლოგის ცხოვრებაში?
– მეუღლე ჩემი მუდმივი მხარდამჭერია. ძალიან მიწყობს ხელს როგორც მორალურად, ისე პროცესებში ჩართულობითაც. მაგალითად, ხშირად მიუღია მონაწილეობა ექსპედიციებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი დახმარება კონცერტების წინა დღეებში, როცა ყველაზე დაძაბულად ვმუშაობ, ამასთან, ის მეხმარება, არ დავარღვიო ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის.
-დაძაბულ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, 4 შვილსაც ზრდით. მეუღლის გარდა შვილების აღზრდაში ვინ გეხმარებათ?
-ეს ერთ-ერთი რთული და ყველასთვის აქტუალური თემაა. თითქმის ყოველდღიურად ვეძებ ხერხებს, როგორ დავხვეწო ჩემი მენეჯმენტის სისტემა, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწრო. მეოთხე შვილი შარშან შეგვეძინა. დაიბადა თუ არა, იმავე საღამოს კიდევ ერთი პროექტი დავწერე და მოვიგეთ კიდეც. პანდემიის პერიოდში თბილისიდან წავკისში გადავედით, დედაჩემი ჩვენთან ცხოვრობს, დამხმარეც გვყავს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის, რასაც ვერ ვასწრებ. განსაკუთრებით ეს ეხება სადისერტაციო ნაშრომს, რომლის დასასრულებლად ორკვირიანი ინტენსიური მუშაობაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა ყოველდღიურად რაღაც სხვა, „სასწრაფოდ დასასრულებელი“ საქმე ჩნდება.
-საკუთარ წარმატებაზე მეტად ახალგაზრდა მუსიკოსების, ეთნომუსიკოლოგების მიღწევები გახარებთ. გამორჩეულ აქცენტს ვისზე გააკეთებდით?
– კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევდი, ზოგადად, მახარებს სხვისი წარმატება. კონკურენციის ნაწილშიც უფრო გლობალურად ვუყურებ საკითხს. იგივე დამოკიდებულება მაქვს ბიზნესშიც. ჩვენი კონკურენტი არ შეიძლება იყოს კურსელი, კოლეგა, მეზობელი ან მეზობელ რაიონში მცხოვრები ადამიანი. ჩვენ, ყველა ერთად, განვითარებაზე და საერთაშორისო წარმატებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ეს ჩემი მყარი პოზიციაა და ამ დამოკიდებულებით ვაპირებ მომავალშიც საქმიანობას.
-შვილებს ხელოვნების სფეროსკენ თუ აქვთ მიდრეკილება?
– უფროსი ქალიშვილი ელენეა ხელოვნებით გატაცებული. უყვარს ცეკვა, სიმღერა, ხატავს, ძერწავს, მუშაობს თექაზე და ა.შ. ნოე და ნენე უფრო პანდემიის პერიოდის ბავშვები არიან და შინ საღებავებით თხუპნას ამჯობინებენ.
-ტრადიციების ერთგული ხართ. . .
-დიახ, ეს ჩემი ცხოვრების წესია. საქმიანობით, ფაქტობრივად, სულ ტრადიციული თემების ირგვლივ ვტრიალებ და ჩემი სათამაშოების სერიაც ამ მიმართულების იქნება.
-ანზორ ერქომაიშვილთან დიდი სიახლოვე გქონდათ. მისი საქმიანობის გამგრძელებლად ვის მიიჩნევდით?
-ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ურთიერთობა დიდი გამოცდილება იყო, მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს, ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა ადამიანზე. ჩვენ, ყველანი, მის და სხვა, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გაკვალულ გზაზე დავდივართ. რაც შეეხება მისი საქმიანობის გამგრძელებელს, ვიტყოდი, რომ ყველას თავისი წილი გზა აქვს გასავლელი. დღეს ორგანიზაციის სტრუქტურის, მისიისა თუ შესაძლებლობის მიხედვით, ქართული ფოლკლორის კვლევაში, შემსრულებლობაში, შენარჩუნება-პოპულარიზებაში რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობას აკისრია მნიშვნელოვანი როლი. მათ შორის გამორჩეულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. მათ მხარს უჭერენ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, როგორებიცაა შესაბამისი სამინისტროები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და სხვ.
-ძვირფასი ადამიანები, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაკარგეთ?
-ოთხ ადამიანს გამოვყოფდი – ქალბატონები ნინო კალანდაძე-მახარაძე, ლია სალაყაია, ბატონები ანზორ ერქომაიშვილი და ტარიელ ფუტკარაძე. 2021 წელი ადამიანური რესურსის წარმოუდგენელი დანაკარგების დრო იყო.
-მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ბავშვობიდან მოგყვებათ?
-ალბათ ჩონგური – მეგრული, გურული და ბოლოს აჭარული.
–2022 წლის პირველი პროექტი რა იქნება?
-ჩემი პროექტების უმეტესობა გრძელვადიანია და ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ამდენად, რიგითობის მინიჭება გამიჭირდება. წელს ვაპირებ დავასრულო დისერტაცია, მოვამზადო ორი სამეცნიერო სტატია იუნესკოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტების გამოცემებისთვის, ვიწყებ ეროვნული მუზეუმის საკრავების კატალოგზე მუშაობას, დავასრულებ საწარმოს მშენებლობას, განვახარციელებ რამდენიმე ახალ პროექტს რეწვაში. . .
-შემოქმედებით საქმიანობაში კურიოზებიც გექნებოდათ. . .
-შემოქმედებითი საქმიანობის რა გითხრათ, მაგრამ საწარმოს მშენებლობის პროცესი თავიდან ბოლომდე კურიოზია. ვიტყოდი, რომ ერთ დიდ კომიკურ სიტუაციაში ვარ. ყველა ბიუროკრატიულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პრობლემას უკვე როგორც კურიოზს, ისე ვუყურებ. კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი საქმისთვის შემაფერხებელი არ ყოფილიყო. მაგალითად, ჩემი ბოლო კურიოზი ქედის მუნიციპალიტეტში მშენებლობისთვის ძლივს შეტანილი პირველი ეტაპის დოკუმენტაციის ხარვეზი იყო. თურმე განცხადების მისამართში ხულოს მუნიციპალიტეტი იყო მითითებული ქედის ნაცვლად. ასევე ეწერა, რომ საწარმოს ბათუმის მუნიციპალიტეტში ვაშენებდი. . . ასეთ „კურიოზებში“ გავლიე ბოლო ნახევარი წელი და კიდევ უფრო დავაფასე ბიზნეს-საქმიანობით დაკავებული ადამიანები.
-რას ვერ ასწრებთ, რაზეც ხშირად გწყდებათ გული?
-მინდა მეტი საექსპედიციო მუშაობა, მთაში მცხოვრები მეტი ადამიანის გაცნობა. ძალიან მიყვარს აჭარლების სილაღე, სტუმართმოყვარეობა, სითბო, მათი ძველი ნივთების დათვალიერება, აქაური ხის ძველებური სახლები. ეს ყველაფერი ძალიან მაკლია, რაც პანდემიის „დამსახურებაც“ არის. იმედია, წინ მრავალი, გულთბილი, შინაარსიანი, კეთილი ურთიერთობები მელოდება.
-რით მოიგეთ აჭარლების გული?
-ალბათ გულწრფელი სიყვარულითა და სამართლიანობით. მინდა ყველა ოჯახს ვესტუმრო, დავინახო მათი მისწრაფებები, ინტერესები, ჩავრთო ყველა ჩემს პროექტსა თუ აქტივობაში. ვცდილობ, ადგილობრივების ინტერესები გავითვალისწინო და მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ არ გავისარჯო. ვფიქრობ, ამას კარგად ამჩნევენ. ყველაზე ძვირფასი, რაც მასულდგმულებს, ის უკუკავშირია, რომელსაც ვიღებ მათგან სიყვარულისა და დადებითი ემოციების სახით.