ქვეყნის მთავარი გამოწვევები, რომლებიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაითავისონ
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ქვეყანაში საინტერესო და საყურადღებო მოვლენები ვითარდება, საპარლამენტო ცხოვრება გამოცოცხლდა, საკრებულოებში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, მმართველმა პარტიამ ოპოზიცია, ასე ვთქვათ, გაანეიტრალა, ოპოზიცია დაქსაქსულია და ურთიერთბრალდებებითაა დაკავებულნი, რასაც მოწმობს ამასწინანდელი სოციოლოგიური გამოკითხვები, რაც საყურადღებო უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციური სპექტრისთვის, ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ანალიტიკოსები. ქვეყნის წინაშე მრავალი გამოწვევაა – პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური. პოლიტიკური გამოწვევებიდან აუცილებლია ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.
სოციალური გამოწვევებიდან უმთავრესია უმუშევრობის აღმოფხვრა, ასევე მოსახლეობის უნდობლობა პარტიებისადმი, ხოლო საერთაშორისო გამოწვევებიდან ჩვენი ქვეყნისთვის საყურადღებოა რუსული საფრთხე. სწორედ ეს საკითხები მოხვდა ამასწინანდელი გამოკითხვების თვალსაწიერში. რამდენიმე დღის წინ ND-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, პარტიების რეიტინგი: მმართველ პარტიას 20 პროცენტი უჭერს მხარს, ,,ნაცმოძრაობას” – 9, სხვა პარტიების მაჩვენებელი უმნიშვნელოა, ყველაზე დამაფიქრებელია, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი არცერთ პარტიას ენდობა. . . აღნიშნული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე საინტერესო დასკვნა შეიძლება გაკეთდეს (თუ, რა თქმა უნდა, ეს რეალობის ამსახველი კვლევებია), თუმცა, პირველ რიგში, უპრიანი იქნება, ამაზე დასკვნა ხელისუფლებამ გააკეთოს, რადგან თუ ეს შედეგები რეალობას ასახავს, ხელისუფლებას და ოპოზიციასაც მეტი დაფიქრება მართებთ იმაზე, თუ რა იწვევს საზოგადოებაში ასეთ სუსტ მხარდაჭერას მათდამი. მმართველი პარტია ეჭვის თვალით უყურებს ამ ორგანიზაციას და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ND მიზანმიმართულად, გარკვეული ძალების ინტერესების შესაბამისად ატარებს კვლევებს, რათა შედეგები იყოს ისეთი, როგორიც მათ აინტერესებთ. ოპოზიციის ნაწილი გარკვეულწილად, იზიარებს ზემოაღნიშნული კვლევების მონაცემებს. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ქვეყნაში ალტერნატიული სოციოლოგიური კვლევების ჩატარება და თუ იმგვარივე შედეგს მივიღებთ, ყველა ერთად – საზოგადოება, მოქალაქეებიც და ხელისუფლებაც უნდა დაფიქრდნენ, სად არის პრობლემა. იგი უნდა ვეძიოთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე, მმართველობით, ანდა პოლიტიკურ სფეროებში. სწორედ ამ მიმართულებით იქნება საჭირო მეტი მუშაობა, რომ სურათი შეიცვალოს, თუ დავუკვირდებით, აღნიშნულ კვლევაში ერთგვარად აირეკლა საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები. ფაქტია, რომ არც საპარლამენტო და არც. ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის აქტიურობა მაღალი არ იყო, რაც ბუნებრივია, გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ამ მხრივ, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს, რა ლეგიტიმაციის ხარიხს ფლობს მოცემული მომენტისთვის მოქალაქეების მხრიდან. არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა რომ მოგცა, არ ნიშნავს საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერას, ამას აცხადებენ არა მარტო ოპოზიციის ლიდერები, არამედ ანალიტიკოსებიც. ექსპერტთა თქმით, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს, რა იწვევს მოქალაქეებში ხელისუფლებისადმი უნდობლობას.
მმართველი პარტიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მესამეჯერ მოიგო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ საპარლამენტო რეალობაში, თუმცა ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, ხელისუფლება გამარჯვებულია, ოპოზიცია დაბნეული და არათანმიმდევრულია, თუმცა ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლების იმიჯზე ნეგატიურად მოქმედებს. სამწუხაროა, რომ არ გვყავს კლასიკური ტიპის ოპოზიცია, რომელიც კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვის პროცესში და ა. შ. ხშირად კითხულობენ, რატომაა პოლიტიკური პარტიების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება? სამწუხარო რეალობაა, რომ 30 წლის განმავლობაში არ შეგვრჩა სტაბილური, ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებდა ყველა მოწვევის პარლამენტში გარკვეული კვოტის დამოუკიდებელად შენარჩუნებას. სამწუხარო რეალობა გახლავთ ისიც, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოში ყოველთვის რევოლუციური მუხტით მოდიოდა, ასეთ ფონზე ის ბოლომდე ვერ ამართლებდა მოსახლეობის იმედებს, ეს სავსებით საკმარისი საფუძველია მოქალაქეებისთვის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ენდონ. ზემოაღნიშნული გამოკითხვების უმთავრესი თემა იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობა მწვავედ განიცდის არასახარბიელო ეკონომიკურ ვითარებას და გაუარესებელ სოციალურ ფონს. ოპონენტები ხელისუფლებას გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეკონომიკა საქართველოში ყველა ხელისუფლების ,, აქილევსის ქუსლი ” იყო, ამ სფეროში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, ბოლო 29 წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტს ვანგრევდით, ვიდრე ვაშენებდით. გავანადგურეთ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც
ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, მათ შორის ინდუსტრიული დარგების, ასეთმა დანაშაულებრივმა დაუდევრობამ, ბუნებრივია, საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტინა.
ეკონომიკის განვითარებას,ექსპერტთა აზრით, დიდი კაპიტალი სჭირდება, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია, ეს კაპიტალი გარედან უნდა შემოვიდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ქვეყნა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს, რაც გარკვეულ შემთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტორებთან ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოში არ შემოდის იმდენი ინვესტიცია, რომ დააჩქაროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თუ საქართველოს არ მოეხსნა კონფლიქტური სახელმწიფოს იმიჯი, რომელიც მას რუსეთთან მიმართებით აქვს შექმნილი, ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა ამ კუთხით, კვლავ უშედეგო იქნება, ანუ ხელისუფლებას სჭირდება არა მარტო შიდა გარემოს უზრუნველყოფა შესაფერისი სამართლებრივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, არამედ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს ქვეყნის სანდოობის ხარისხი უცხოური კაპიტალისთვის. ჩვენ გამოწვევების ნუსხაში რუსეთი ვახსენეთ, ეს სახელმწიფო თითქმის მთელი მსოფლიოს პრობლემაა. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაბრუნდა გლობალურ პოლიტიკაში. ეს დასავლეთისთვის უკვე სერიოზული თავსატეხია. ბუნებრივია, დასავლეთს სჭირდება ახალი მიდგომების შემუშავება რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც შეკავების თვალსაზრისით. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება. მაგალითად, დაანონსდა რადიკალური სანქციები, რაც რუსეთისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ასევე, გაჟღერდა ინიციატივა სამთა ალიანსის (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა) შექმნის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუერთდებიან ბალტიისპირეთის ქვეყანები. მიზანი – უსწრაფესად მოახდინონ ადეკვატური პასუხი რუსეთის ქმედებებზე. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოც უნდა შეუერთდეს ზემოაღნიშნულ კავშირს, რათა ზურგი გაიმაგროს რუსეთთან ურთიერთობისთვის. როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში მრავალი გამოწვევაა, რაც, ძირითადად, რუსეთის აგრესიის შედეგია,
თუმცა არც მთლად უიმედო სიტუაციაა, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მეტ-ნაკლებად თავს ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს საქმეს, ბევრი რამ გამოდის, ბევრი შეიძლება არ გამოუვიდეს, თუმცა მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა შენარჩუნებული, რაც არსებული ხელისუფლების მმართველობის დადებით მხარეზე მეტყველებს. ამ მხრივ, ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანაში სამომავლოდ დესტაბილიზაცია აიცილოს, გარკვეულწილად, ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნა (ცესკოს პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, თვითმმართველობისთვის თავისუფალების ხარისხის ამაღლება. . .) უნდა დააკმაყოფილოს, რათა ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.