„სოლიდარობის თემი” მუშაობას შეუდგა
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
6 თვის წინ ნესტან ანანიძის, ელდარ ჯავახიძის, ავთანდილ შავაძისა და კიდევ 10-მდე მათი თანატოლის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ დაფუძნდა. დამფუძნებლები თბილისის და ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ან კურსდამთავრებულნი არიან.
ნათელია, რომ აჭარაში ბოლო წლებში სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული გარდაქმნები მიმდინარეობს; ქვეყნის 40-მდე რაიონსა და ქალაქში არიან საცხოვრებლად გადასული ის ადამიანები, რომლებსაც აჭარის მთიანეთში, თუნდაც ზღვისპირეთში სტიქიამ საცხოვრისი მოუშალა, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების წევრები, ვისაც მცირემიწიანობამ ადგილზე დასაქმების პრობლემა გაუჩინა. მათთან კონტაქტებით, ცხოვრების, შრომის პირობებით ცოტა თუ ინტერესდება. აჭარიდან გადასულები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს ახსენდებათ ამა თუ იმ პარტიის კანდიდატებს; გადაუდებელ რესტავრაცია-კონსერვაციას ითხოვს აჭარაში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; ამასთან, თანამედროვე დემოკრატიული პრინციპები მოითხოვს ადგილობრივების სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას, მუსლიმი თემის თვითორგანიზების მხარდაჭერას, სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრებას – ეს და სხვა საკითხები იქნება „სოლიდარობის თემის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და წარმომადგნლობითი ორგანოების მოხელეებთან გაცნობითი შეხვედრები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს. საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა ჰქონდათ შუახევში. „სოლიდარობის თემის“ მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრეს ელდარ ჯავახიძემ, ნესტან ანანიძემ, ავთანდილ შავაძემ. საზოგადოების ჩართულობის, ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს თავიანთ გამოსვლებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი დავითაძემ, მოადგილე გიორგი კეკელიძემ, კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ივანაძემ, საკრებულოს აპარატის განყოფილების გამგე ზორბეგ ქარცივაძემ.
- გაცნობით შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ საჯარო მოხელეების ჩართულობა, მათგან საქმიანი რჩევების მიღება, ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი ორგანიზაციის მიზანს მოემსახურება, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, რეგიონალური და სათემო განვითარების ხელშეწყობაზე, ქალთა და აჭარიდან სხვა რეგიონებში გადასულთა ინტერესების დაცვაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, – გვითხრა ნესტან ანანიძემ.