„მოყვარეს პირში უძრახე!”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი აკაკი მახარაძე 60 წლისაა. პანდემიის რეგულაციების გამო სიბრძნის ასაკში შესვლა მოკრძალებულად აღნიშნა, სამაგიეროდ რომანების „ტრეფიკინგის მსხვერპლის“, „უთქმელი ანდერძის“, ტრილოგიის „იდუმალი ფრონტის რაინდის“, მოთხრობების კრებულის ავტორმა მკითხველი ახალი წიგნით „მოყვარეს პირში უძრახე!. .“ გაახარა. მისი ნაწარმოებების გმირები ჩვენი თანამედროვე, ცხოვრებისეული ჭირ-ვარამით სავსე ადამიანები არიან.
ავტორი შეეცადა წიგნით ქართულ რეალობაში არსებული სატკივარ-საწუხარი გამოეხატა. „დღეისთვის ცხოვრებისეული რეალობა და ვაჟკაცობის აღქმაც შეცვლილია. კაცი კაცს უნდა ჰგავდეს. . . ადამიანში ყველაზე მთავარია ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა“, – წერს აკაკი მახარაძე პუბლიცისტურ წერილში „ზოგი რამ თანამედროვე ქართველთა ზნეობის მეტამორფოზის შესახებ“. ყურადღებას იპყრობს მისი საინტერესო სენტენციები: „მეგობარს გაიცნობ ჭირში, გმირს – ომში, ცოლს – სიღარიბეში, ქმარს – ცოლის ფეხმძიმობის დროს!“, „ვიდრე იტყვი – მოუსმინე; ვიდრე დაწერ – დაფიქრდი; ვიდრე დახარჯავ – იშოვე; ვიდრე აწყენინებ – შეიგრძენი, ვიდრე შეიძულებ – შეიყვარე; ვიდრე დანებდები – შეეცადე, ვიდრე მოკვდები – იცხოვრე!“
აღნიშნულ წიგნს, ასევე, ამშვენებს პუბლიცისტური წერილი „ბოროტსა სძლია კეთილმან!…“
წიგნში შეტანილი მოთხრობები „შენ თუ არა, ვინ?!“ და „შოშია დაბრუნდა“ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფასა და შრომას აღწერს, მოთხრობა „სინანული“ კი 1992-1993 წლების აფხაზეთის ომს ეძღვნება.
მწერლის უფროსი ძმის შოთა მახარაძის სახით ქართულმა მათემატიკურმა მეცნიერებამ ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა. ძმები ერთმანეთს მხარში ედგნენ და ფიზიკურადაც ერთმანეთს ჰგავდნენ, ისევე, როგორც დანარჩენები – ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერი, ბიზნესმენი ზურაბი და მეოჯახე ვალიკო. წიგნში შეტანილი გახსენება – „ძმას, ჩემს შოთას!. . .“ ძმების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას წარმოაჩენს.
წიგნის რედაქტორები ოთარ ფუტკარაძე და ოთარ ცინარიძე არიან.