„მწვანე სექტორი“ მეცხოველეთა ყოფა-ცხოვრებასა და შრომას ასახავს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ წლებია მიზანმიმართულად მუშაობს აჭარის მთიანეთის მოსახლეობის ადათ-წესების წარმოსაჩენად, კულტურული, ეთნოგრაფიული, ტრადიციული დარგების დაცვა-შენარჩუნებისთვის. ორგანიზაციის მენეჯერებმა ილია გუჩმანიძემ, ციალა ქათამიძემ, რამაზ გოლომანიძემ რამდენიმე აქტივობა გამართეს ქედის, შუახევის, ხულოს სოფლებში, იმ იაილებზე, სადაც ზაფხულობით სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პირუტყვს აძოვებს და ზაფხულს ატარებს. მათი აქტივობები ერთი და ორი ღონისძიებით არ შემოიფარგლება. შარშან პანდემიის ფონზე მთა ჩირუხში მყოფ მეცხოველეებს აღიარებული პედაგოგი ლადო აფხაზავა გააცნეს.
ჩირუხის გარდა „მწვანე სექტორი“ კიდევ 6 იაილის მეცხოველეთა ყოფა-ცხოვრებას, ეთნოგრაფიას გაეცნო. ამ ორგანიზაციის მენეჯერები ნანახს ფოტოფირზე აღბეჭდავდნენ. ჰოდა, მრავალი ფოტოდან 40-მდე შეარჩიეს და ქედის, შუახევის, ხულოს მოსახლეობისთვის გამოფენებს მართავენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში წარმოდგენილი ასეთი ექსპოზიცია ჩირუხში, ზოტიყელში, თაგინურსა და კიდევ ოთხ მთაში შრომით პროცესებს, ეთნოგრაფიას, მთის პეიზაჟებს ასახავდა. იგი საკრებულოს, მერიის საჯარო მოხელეებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. წამოჭრილ კითხვებზე მათ „მწვანე სექტორის“ მენეჯერები ილია გუჩმანიძე და ციალა ქათამიძე აძლევდნენ პასუხებს. .
-ზამთარი თავისას არ იშლის, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ. სტიქიამ, პანდემიამ არაერთი აქტივობა გადაავადა, „მწვანე სექტორმა“ კი ამ პირობებშიც ერთობ საინტერესო ფოტოგამოფენა წარმოადგინა. ფოტოობიექტივით ის წამებია შეჩერებული, რომელთა მომსწრე თითოეული ჩვენგანი ყოფილა. იმედია, სტიქია და პანდემია დაგვტოვებს და ამ ფოტოებს სოფლებში, მთებში იმ ადამიანებს გავაცნობთ, ვისი შრომაცაა მათზე ასახული.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძემ „აჭარასთან“ საუბარში თქვა: „მწვანე სექტორის“ დამფუძნებლები და მე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ერთი პერიოდის სტუდენტები ვიყავით. იმ წლებიდან მოყოლებული საინტერესო აქტივობებით გამოირჩევიან. ზამთრის ამ სუსხიან დღეს ფრიად შთამბეჭდავი ფოტოგამოფენის მომსწრენი გავხდით. გამიჩნდა სურვილი, რომ „მწვანე სექტორის“ წარმომადგენლები მშობლიურ სოფელ ნიგაზეულის მთა ჯანჯღნარში მივიპატიჟო და რიგი აქტივობები ერთად გავმართოთ.