თენგიზ აფხაზავა: ის, რაც რეზო ხარაზმა განაცხადა, არის სიცრუე
ფიქრია დავლაძე 579 25 25 72 –
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. საკრებულოს წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, დეპუტატმა დარბაზი დატოვა. სხდომის დასაწყისში გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, აქტიურობდნენ ოპოზიციის წევრები. რევაზ ხარაზის აზრს იზიარებდნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე საჯარო მოხელეებს არ უნდა უმატებდნენ ხელფასებს.
-მოსახლეობას აქვს სერიოზული მატერიალური პრობლემები, თქვენ კი ხელფასების ზრდაზე საუბრობთ. ვფიქრობ, რომ არც ვიცე-მერი და არც სხვა თანამდებობის პირები ხელფასების ზრდას არ იმსახურებენ. ძალიან გთხოვთ, ეს საკითხი ამოვიღოთ დღის წესრიგიდან. მაშინ, როცა 88 მილიონი ევრო დახარჯეთ ბათუმის ახალი სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაისთვის, მაშინ როცა ნახევარ მილიონზე მეტი თანხა ამოღებულია და ორი დღის წინ ქალაქი დაგეტბორათ სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო, დღეს ხელფასებს იზრდით. ხაზგასმით ვამბობ, მხარს არ ვუჭერ და არც არასდროს დავუჭერ იმას, რომ თანამდებობის პირები კიდევ უფრო გაზულუქდნენ. სამწუხაროდ, ასეა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც ხდება გარეთ, ეს არის მიზანმიმართული დანაშაული, 100 ლარით უზრდით რიგით თანამშრომელს ხელფასს, 500 ლარით კი იზრდით თქვენ. ეს რა თანასწორობაა, წინა საკრებულოს სხდომაზე გესაუბრეთ, რამდენი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ბათუმში, ქალაქში ინფრასტრუქტურა განადგურებულია. არ ვაპირებ ამ განხილვაში მონაწილეობას და საკრებულოს სხდომას ვტოვებ, – განაცხადა რეზო ხარაზმა. ამ განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ აფხაზავა, რომელმაც ოპოზიციონერის ნათქვამს სიცრუე უწოდა.
-რაც საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა რევაზ ხარაზმა, თითქოს საკრებულოს თანამშრომლებს ემატებათ 500 ლარი, ხოლო რიგით თანამშრომლებს ხელფასი 100 ლარის ოდენობით ეზრდებათ, არასწორი ინფორმაციაა. საკრებულოში მას შემდეგ არ ყოფილა ხელფასის ზრდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა. 2014-17 წლებში საკრებულოში ვიყავი საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და 96 მილიონი იყო ბიუჯეტი, ახლა კი 300 მილიონია ბიუჯეტის ოდენობა. ქალაქის არეალი გაფართოვდა, სამუშაოების რაოდენობა გაიზარდა უსაზღვროდ, ასევე, პროექტების რაოდენობა და მოცულობაც როგორც შესრულების თვალსაზრისით, ისე ფინანსურად გაიზარდა. როდესაც შემოსავლები იზრდება, იქ სათანადოდ, გარკვეული პროცენტით, ხელფასი ყველა თანამშრომელს ეზრდება. ანალოგიურია სახელმწიფო სტრუქტურაშიც. ვიცე-მერს მხოლოდ 7% მოემატა ხელფასი, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კი 25%. აქ იყო დამატებითი შემოსავლები ტენდერების ეკონომიების ხარჯზე, შესრულებული სამუშაოების ხარჯზე, მოსაკრებლების ხარჯზე და შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის ზრდაც, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში,,ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ აფხაზავამ.
ბათუმის საკრებულომ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.