„ლექსების გამოფენა“ – პოეზიისა და პროზის დღესასწაული
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„ბათუმი და ლიტერატურა ძალიან უხდება ერთმანეთს“, – თქვა ლიტერატურული კონკურსის – „ლექსების გამოფენა“ ერთ-ერთმა მონაწილემ და დასძინა, რომ პოეტებისთვის და მწერლებისთვის იგი ნამდვილად დღესასწაულია, როცა მთელი საქართველოდან ბათუმს სტუმრობენ და ეფერებიან ქართული სიტყვის ნამდვილი ოსტატები. „ლექსების გამოფენაზე“, „ანბანის კოშკის“ ბოლო სართულზე სივრცე ხალხით იყო სავსე და გრძნობდი, რომ თითოეული განმსჭვალული იყო მხატვრული ლიტერატურისგან მოგვრილი სიამოვნებით. იქ მყოფებმა რამდენიმე საათით დაივიწყეს ყოფითი საფიქრალი და კონკურსანტების მიერ აღწერილ რეალურ, თუ გამოგონილ სამყაროში იმოგზაურეს, სამყაროში, რომელიც ხან სიხარულითაა სავსე, ხან ტკივილით. . .
„ლექსების გამოფენამ“ მეცამეტეჯერ უმასპინძლა ქართველ მწერლებსა და პოეტებს, ამდენივეჯერ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. წელს ჟიურიმ (მარინა თექთუმანიძე, რობერტ მესხი, ნინო გუგეშაშვილი და როინ აბუსელიძე) პროზის ნომინაციაში „ასი სიტყვა“ პირველი ადგილი თამთა რეხვიაშვილს მიაკუთვნა, მეორე – ნინო მოდრეკილაძეს, ხოლო მესამე – გიორგი ზედვაკელს. პოეტებს შორის პირველი ადგილი გიორგი გაბაიძეს ერგო, მეორე – ნანა გასვიანს, მესამე – ნინო მოდრეკილაძეს. „ნეკერას პრიზის“ მფლობელი ქეთო სიხარულიძე გახდა, ხოლო ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის რჩეული მზია ხუჭუა.
– ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის. სიტყვები არ მყოფნის ჩემი სიხარულის გამოსახატად. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკურსი ჩემთვის არის წლის მოვლენა და დღესასწაული. მენანება ყოველი წელი, როცა პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ამ კონკურსის ჩატარება და შესაბამისად, ვერ შევძელი მასში მონაწილეობა. ძალიან მიყვარს „ლექსების გამოფენა“ და ასეთი შესანიშნავი კონკურსის დაფუძნებისთვის დიდი მადლობა ზაზა ფირცხალაიშვილს, ძალიან კარგ ადამიანს. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ ათეულში ხშირად გავდივარ, პიველ ადგილს არ ველოდი. ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და ეს იყო ჩემი ბოლოდროინდელი გულისნადები. მიხარია, რომ იმდენად გულწრფელად შევძელი ემოციების გადმოტანა ფურცელზე, ასეთი კარგი შედეგი მომიტანა. ჩემი ტექსტი უშვილო წყვილზეა და ბევრი თანამედროვე წყვილის ტკივილს ეხება. ვამბობ იმას, რომ ოჯახში მთავარი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. თუ ეს არის, ვერანაირი პრობლემა ვერ დაჩრდილავს წყვილის ბედნიერებას, – გვითხრა კონკურსში „ასი სიტყვა“ პირველი ადგილის მფლობელმა თამთა რეხვიაშვილმა.
ლიტერატურული კონკურსის მნიშვნელობაზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა საღამოს წამყვანმა, პოეტმა ამირან ჯანჯღავამ. მისი თქმით, „ლექსების გამოფენა“ კულტურული პროდუქტია, რომელიც პირველ რიგში, ადამიანებს აერთიანებს, აცოცხლებს ლიტერატურას, მხარს უჭერს მწერლობას და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ლიტერატურა ყოველთვის იყო ის მთავარი საცავი, სადაც მთელი ჩვენი იდენტობა და თვითმყოფადობაა შენარჩუნებული, რომ ლიტერატურა არის გზა, რომელიც ინდივიდს სჭირდება საკუთარი თავის შესაცნობად:
– ამ ფესტივალთან ჩემი კავშირი დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთ „ლექსების გამოფენაზე“ მონაწილის ამპლუაში ვიყავი, რაც საოცრად ამაღელვებელი, საოცრად განსხვავებული ემოციისა და სურნელის მატარებელი იყო ჩემთვის. ეს არის საკუთარ თავში დარწმუნების, თავის შეცნობისა და ადამიანების უფრო შეყვარების კარგი გზა. აქ მარტო ლიტერატურა არ არის, ეს არის საოცარი ურთიერთობები. პოსტკოვიდურ პერიოდში და ზოგადად, ელექტრონულ და სოციალურ-ტექნოლოგიური განვითარების პერიოდში ურთიერთობები უფრო დისტანცირებული და იზოლირებული გახდა, „ლექსების გამოფენამ“ კი ლიტერატურის მოყვარული ადამიანები, ყველაზე მთავარი თემით, რასაც პოეზია და პროზა ჰქვია, დააბრუნა ერთმანეთთან, – გვითხრა ამირან ჯანჯღავამ.
პოეტ გენრი დოლიძის აზრით, „ლექსების გამოფენა“ ბრენდად იქცა ჩვენი ქალაქისთვის:
– „ლექსების გამოფენა“ უნიკალური პროექტია თავისი სპეციფიკით, თავისი წესებით და მიხარია, რომ უკვე მეცამეტეჯერ მასპინძლობს მას ბათუმი. წელს, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ორგანიზატორებმა მაინც შეძლეს მისი ჩატარება და ქართული ლიტერატურის მაჯისცემა ბათუმში კვლავ გაისმა. იმედი მაქვს, იგი გაგრძელდება და ყოველწლიურად ჩვენი ქალაქი თავის სიტყვას იტყვის ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ეს პროექტი კიდევ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ სახელების და გვარების კონკურსი კი არა, ტექსტების კონკურსია. ყველა ტექსტი დანომრილია და ჟიურის წინაშე თანაბრად წარსდგება როგორც დამწყები ავტორი, რომელსაც აქამდე შეიძლება ლიტერატურაში არ იცნობდნენ, ასევე პარნასზე დამკვიდრებული, ცნობილი ავტორებიც. შესაბამისად, მათი ტექსტები თანაბარ პირობებშია. ვფიქრობ, მსგავსი ობიექტური, საინტერესო პროექტის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის, – განაცხადა გენრი დოლიძემ.
რამდენად რთული იყო ჟიურიში ყოფნა და გაუჭირდათ თუ არა გამარჯვებულების გამოვლენა, ამასთან დაკავშირებით გაზეთ „აჭარასთან“ პოეტმა და „ლექსების გამოფენის“ ჟიურის წევრმა როინ აბუსელიძემ ისაუბრა:
– დავიწყებ იმით, რომ „ლექსების გამოფენა“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია დღევანდელ ლიტერატურულ საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, რიგი პრობლემების გამო ყოველ წელს ვეღარ ტარდება. მოხარული ვარ, რომ წელს მოვახერხეთ, კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა ეს ძალიან მნიშვნელოოვანი პროექტი ლიტერატურისმოყვარე ადამიანებს. რთული აღმოჩნდა ჟიურის წევრობა და როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში სამ-სამი გამარჯვებულის გამოვლენა. ჟიურის წევრებმა ბევრი ვიმსჯელეთ, ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ობიექტურობა არ დაგვეკარგა.
ღონისძიების დასასრულს „ლექსების გამოფენის“ თითოეულ კონკურსანტს და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ზაზა ფირცხალაიშვილმა:
– მოხარული ვარ, რომ „ლექსების გამოფენა“ რამდენიმეწლიანი ტაიმაუტის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ბათუმს. ეს არის პოეზიისა და პროზის ნამდვილი დღესასწაული. მთელი საქართველოდან მწერლები და პოეტები სტუმრობენ ბათუმს. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი ემიგრანტებიც. აღსანიშნავია, რომ „ლექსების გამოფენის“ მხარდამჭერნი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ემიგრანტებიც არიან. სწორედ მათ დააფინანსეს საპრიზო ფონდი. მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ფესტივალის ჩატარებაში და ასე სასიამოვნოდ წარმართვაში, მადლობა გადავუხადო. ყოველ კონკურსზე იზრდება დაინტერესებული ადამიანების რიცხვი, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. „ლექსების გამოფენა“ არაერთი ადამიანისთვის გამხდარა სტიმული, არაერთი დამწყები მწერლისა თუ პოეტისთვის მიუცია ბიძგი, რომ არ შეჩერდნენ, წერონ და იბრძოლონ განვითარებისთვის, გამარჯვებებისთვის. . . ასე იქნება მომავალშიც, – განაცხადა ზაზა ფირცხალაიშვილმა.