ნუგზარ ოქროპირიძე
მოულოდნელია სიცოცხლითა და ხალისით სავსე კაცის ნუგზარ ოქროპირიძის გარდაცვალება, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მშობლიური კუთხისთვის, ქვეყნისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა ეს დიდი გულის, ფართო ერუდიციის, ნათელის სულის ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, თავისი კვალი დაატყო გაზეთ „აჭარას“, რომელიც უდავოდ, გაამრავალფეროვნა სოფლის მეურნეობის თემაზე დაწერილმა მისმა ღრმად ანალიტიკურმა წერილებმა, ხოლო რედაქციის თანამშრომლებს შორის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მეგობრული დამოკიდებულებით, იშვიათი წესიერებით და ადამიანური სითბოთი.
სწავლული აგრონომი, სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეკონომისტ- ორგანიზატორი, ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნუგზარ ოქროპირიძე 1950 წლის 29 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დაიბადა. საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ მშობლიური სოფლის კოლმეურნეობაში იწყებს მუშაობას, 1969 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთის ქალაქ მიჩურინსკში მიემგზავრება, სადაც ი.ვ. მიჩურინის სახელობის მეხილეობა-მებოსტნეობის ინსტიტუტის აგრონომიული და ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. 1974 წელს, სწავლის დასრულებისთანავე ქალაქ ტამბოვის საგარეუბნო საბჭოთა მეურნეობის მთავარ აგრონომად იწყებს მუშაობას, ხოლო ორი წლის შემდეგ სწავლას აგრძელებს მეცხოველეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1979 წელს დაასრულა. პარალელურად მეცხოველეობის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის ქალაქ ტამბოვის ფილიალის მთავარი ტექნოლოგის თანამდებობას ითავსებდა.
როგორც ხედავთ, საპასუხისმგებლო თანამდებობები ნუგზარ ოქროპირიძეს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე ანდეს. ამის მიზეზი, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გარდა, ყოველთვის იყო მისი საფუძვლიანი განათლება, მუდმივი განვითარება და სიახლეებისადმი სწრაფვა.
1979 წლის ივლისში იგი საქართველოში ბრუნდება და მუშაობას ხელვაჩაურის რაიონის რაისოფლტექნიკის უფროსი აგრონომის რანგში შეუდგება. ორ წელიწადში აჭარსოფლქიმიის ხელვაჩაურის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების უფროს აგრონომად და მექანიზებული რაზმის უფროსის პოზიციებზე გადაინაცვლებს. 1982-2006 წლებში ნუგზარ ოქროპირიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესპუბლიკური საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანების „აჭარსოფლქიმია“ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი აჭარის კომპლექსური აგროქიმიური ლაბორატორიის გამგეა.
2007-2012 წლებში იგი შპს „გაზეთ აჭარისა და ადჟარიის“ კორესპონდენტია, რომელიც თავისი პროფესიული განათლებისა და გამოცდილების წყალობით საგრძნობლად გაამდიდრა სოფლის მეურნეობის სფეროში პრობლემატური, საფუძვლიანი ანალიზის შემცველი წერილებით.
2012 წლიდან გარდაცვალებამდე ნუგზარ ოქროპირიძეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრში სხვადასხვა დროს მთავარი აგრონომის, მემცენარეობის განყოფილების უფროსის, ბათუმს მიერთებული უბნების – საინფორმაციო, საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ექსტენციის მიწოდების აგრონომის, ფერმერთა მომსახურების აგრონომ-კონსულტანტის თანამდებობები ეკავა.
ამ საქმისადმი ერთგულ და დაუღალავ სპეციალისტს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩაქვის ციტრუსოვანთა და გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობების დაგეგმარება-მოწყობაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დარგების პოპულარიზაციასა და განვითარებაში, როგორებიცაა მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია სოფლის მეურნეობის იმ დარგებისა, რომელთა განვითარებისთვის ნუგზარ ოქროპირიძე დაუღალავად შრომობდა აგროსერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად.
გარდაცვლილ ადამიანზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ნუგზარ ოქროპირიძეს შეღავათი არ სჭირდება, მასზე არც სიცოცხლეში ითქმოდა აუგი – თუ ვინმე იმსახურებს კარგი ადამიანის, ნამდვილი ინტელიგენტის, გაწონასწორებული პიროვნების, უზადო პროფესიონალის, იდეალური მეოჯახის სახელს, ასეთი ნამდვილად იყო ნუგზარ ოქროპირიძე. მისი წასვლა დიდი დანაკლისია არა მარტო ოჯახისთვის, კოლეგებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის, კუთხისთვის, სამშობლოსთვის. სანუგეშო ისაა, რომ კარგად აღზრდილი შვილები (ნინო და გიორგი) დატოვა შესაშური განათლებით და იმგვარი პიროვნული თვისებებით, რითაც მამის გზას – ადამიანისა და სამშობლოს სამსახურს ღირსეულად გააგრძელებენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
აგროსერვის ცენტრი,
გაზეთი „აჭარა“

