ქართული ოპერა „დაისის“ პრემიერა არა მარტო გაიმართება მასიმო ბელინის თეატრში, არამედ…
როგორც ახლახან თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა შეგვატყობინა, 21 ივნისს სიცილიის, კერძოდ, კატანიის მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პრემიერა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ იტალიაში დადგა.
თავდაპირველად, პროექტის მიხედვით აღნიშნულ თეატრში „დაისი“ მხოლოდ სამჯერ უნდა გასულიყო, მაგრამ ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ თეატრის მოქმედ რეპერტუარში დარჩენილიყო.
„საოცრად სასიხარულო ამბავია, ვულოცავ გოჩა კაპანაძეს, ასევე, ისტორიული პროექტის ავტორ ბადრი მაისურაძეს, წარმომიდგენია, რა გახარებულები ხართ, ვიზიარებ თქვენს სიხარულს და გამარჯვებას“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჩხარტიშვილი.
ვფიქრობთ, ეს სასიხარულო ფაქტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი აზრი და მნიშვნელობა აქვს ქართული ხელოვნების პროპაგანდას უცხოეთში, რადგან ეს შეუმჩნეველი არასოდეს რჩება, მსოფლიო სათანადოდ აფასებს ქართული კულტურის სიმაღლეებს, ეს კი ზრდის ჩვენს მნიშვნელობას საერთაშორისო არენაზე და თავის როლს ასრულებს ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრირებისთვის.
იტალიაში დადგმული „დაისის“ დეკორაციები და კოსტიუმები გიორგი ალექსი მესხიშვილს ეკუთვნის, განათების დიზაინი – დავით მაჭარაშვილს. საოპერო სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის საქართველოს ეროვნული თეატრი (დირექტორი – ბადრი მაისურაძე, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი) და კატანიის თეატრი
ბელინის საოპერო თეატრის სოლისტები და გუნდი ორ თვეზე მეტია ქართულ სასიმღერო ტექსტებს სწავლობენ და ხვეწენ.
საოპერო აფიშაზე ვკითხულობთ, რომ მალხაზის პარტიას მატეო ფალსიერი შეასრულებს, კიაზოს – დომენიკო ბალზანი, მაროს როლში ევა კორბეტა მოგვევლინება, ნანოს პარტიას ანასტასია ბოლდირევა იმღერებს, ტიტოს როლს – რობერტო კრესკა, ცანგალას კი გიორგი ანდღულაძის შესრულებით გაეცნობიან ოპერის იტალიელი მოყვარულები.
საგულისხმოა, რომ ამ ორ თეატრს შორის გაფორმდა დაძმობილების ხელშეკრულება, რომელიც სხვადასხვა კულტურის მხატვრულ, კულტურულ და მუსიკალურ სფეროებში ურთიერთგამოცდილების გაცვლასა და გაზიარებას ითვალისწინებს.
სიცილიის მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე სპექტაკლის განხორციელება, უდავოდ, დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორ გოჩა კაპანაძისა და მთელი შემოქმედებითი კოლექტივისთვის. უცხო სცენაზე,უცხო შემსრულებლებთან მუშაობა და მათთან ერთად ქართული ოპერის დადგმა გაცილებით მეტს მოითხოვს დამდგმელი რეჟისორისგან.
თეატრის წინ უკვე გამოკრულია აფიშები, წინა პლანზეა გოჩა კაპანაძის პორტრეტი. ასე გამოხატავენ პატივისცემას და მადლიერებას ბელინის თეატრისა და სიცილიის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქართველი რეჟისორისადმი.
დასასრულ, ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფრიად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა „დაისი“ 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების ტრაგედიას მიუძღვნა, ოპერის მთავარ გმირს კი მარო 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლებში გმირულად დაღუპული 19 წლის სტუდენტის, მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად დაარქვა. სწორედ ამიტომ 70 წლის განმავლობაში მიჩქმალული იყო ოპერის შექმნის ეს ისტორია. და დღეს სწორედ მარო მაყაშვილის ოცნების ახდენას – თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველოს შესახებ, ემსახურება ქართული ოპერის იტალიურ სცენაზე აჟღერება.
მარი მიდასელი