შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ. რეზერვისტები სამხედროებთან და მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სტიქიის ზონაში სამ ადგილზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
– მდინარის კალაპოტში ნაპოვნია ცხედრები, ასევე ადამიანის ცალკეული ფრაგმენტები. იმ ადგილას, სადაც აღმოჩენილია ცხედარი, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება, რათა კიდევ უფრო გავშალოთ და გავაფართოვოთ იქ ძებნა-შველის არეალი. ამ დროისთვის ცხედრების ამოსვენება მიმდინარეობს. მათ პროზექტურაში გადავასვენებთ, სადაც იდენტიფიცირება მოხდება. უკვე 10 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. მივიღეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის ნაწილების, მანქანის ფრაგმენტების აღმოჩენის მიზნით, საძიებო სამუშაოების აქტიური ფაზა გრძელდდება, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი:
– რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურება, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა! განსაკუთრებით მიმძიმს იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები არიან. ეს არის უდიდესი ტკივილი, რომელმაც დაამწუხრა მთელი ერი, თითოეული ჩვენგანი. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებ სტიქიით დაზარალებულებს. – ახცადებს იგი.
ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რომის პაპი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, რუმინეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, სლოვაკეთის, იორდანიის, გვატემალას, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, გაერთიანებული სამეფოს და შვედეთის პარლამენტის წევრები, ევროკავშირის, აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, იაპონიის, შვედეთის, უკრაინის,ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, ყირგიზეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ირლანდიის, წმინდა საყდრის, პაკისტანის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის, ავსტრალიის, ისრაელისა და გერმანიის ელჩები საქართველოში.
„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც:
„სამძიმარს ვუცხადებთ შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
„ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“. – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.