სალონური საღამოს სტუმარი – გიორგი გოგიბერიძე
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
სალონური საღამო „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“, რომელსაც აჭარის მწერალთა სახლმა უმასპინძლა, ჩვენი თანაქალაქელი გიორგი გოგიბერიძის შემოქმედებას დაეთმო. პოეტმა ვახტანგ ღლონტმა შეკრებილებს გიორგის შემოქმედების ისეთი მიმართულებები გააცნო, რომლებიც ბევრისთვის სიახლე აღმოჩნდა.
საინტერესო საქმიანობით გიორგი გოგიბერიძე ბევრისგან გამოირჩევა. მან ჩვენს ქალაქს შესანიშნავი კონოფესტივალი – ,,ბიაფი“ აჩუქა. არის გამორჩეული თანაქალაქელი, კარგი მხატვარი, კარგი ლექტორი, საინტერესო ადამიანი. ამჟამად გიორგი გოგიბერიძე მძიმე სენს ებრძვის და ამ ბრძოლას იგებს კიდეც. მას ჩვენი, ყველას თანადგომა სჭირდება. ეს სალონური საღამოც იმ საქველმოქმედო მარათონის ნაწილი იყო, რომელიც გიორგის მხარდასაჭერად ჩვენმა ქალაქმა წამოიწყო. ამავე მიზნით, კლიპიც შეიქმნა.
დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ზაზა ხალვაშის სახელოსნო, ამჟამად იქვე მუშაობს, არის ამ უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე, ნიჭიერი მხატვარი, ფოტოგრაფი, ტელეწამყვანი (გადაცემა „თეთრი კვადრატი“), ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, კინორეჟისორი. ბოლო წლებია, მას, როგორც ცნობილ ადამიანს, უცხოურ ფესტივალებზე საპატიო წევრად და ჟიურის წევრად იწვევენ.
მისმა მეგობარმა ზვიად ელიზიანმა („ბიაფის“ მენეჯერი) ისაუბრა გიორგი გოგიბერიძის ნამუშევრების ახლახან გახსნილ გამოფენაზე. ისაუბრა „ბიაფზე“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთად, პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეს და განვითარდნენ. ფესტივალს თავისი გამორჩეული წვლილი უკვე შეაქვს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ამაში დიდია გიორგის დამსახურება. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ეკრანზე გაუშვეს, გიორგი წარმოგვიდგა როგორც შესანიშნავი მხატვარი, ფილმში მისი ნამუშევრების ნაწილიც ვნახეთ. აქვე გავიგეთ, თუ როგორ შედგა ის, როგორც მხატვარი, რატომ დაინტერესდა პორტრეტების ხატვით. ვიხილეთ მის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი ცხენის ბანაობა“. აჩვენეს ,,ბიაფზე“ ჩამოსული ცნობილი ადამიანების კომენტარები, რომლებიც დიდ შეფასებას აძლევენ ამ კინოფესტივალს.
სალონურ საღამოზე გიორგის მიმართ არაერთი გულთბილი სიტყვა ითქვა.
ვახტანგ ღლონტი, პოეტი:
საღამო მიეძღვნა ჩვენს გოირგი გოგიბერიძეს, საინტერესო შემოქმედს, რომელმაც ასევე, დააარსა „ბიაფი“. ამ კინოფესტივალის მეშვეობით, ბათუმი მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე როგორც დიდი ნათურა, ისე აკიაფდა, რაც მისი განსაკუთრებული დამსახურებაა. ამის განხორციელება არ იყო ადვილი, მაგრამ გიორგიმ და ზვიადმა შეძლეს. ისეთი ადამიანია, ყველაფერ სიკეთეს რომ იმსახურებს, ეს თანადგომა არც ამ სალონური საღამოთი დაწყებულა და არც ამით დამთავრდება, მაქსიმუმს გააკეთებს ყველა, რომ მის ჯანმრთელობას შეეხიდონ.
თემურ კეჟერაძე, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი:
კარგად მახსოვს მისი სტუდენტობა. ჩემი შვილები და გოგიტა ერთად გაზრდილები არიან. უჩვეულოდ საინტერესო ბავშვი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილი, კარგი იყო. სტუდენტობაში „დინჯი“ კაცი გახლდათ, ერთად ვმუშაობდით კულტურის სამინისტროში. ახლაც ერთად ვმუშაობთ – ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორია. გოგიტა აკადემიური საბჭოს წევრია და როცა სხდომაზეა, სულ რაღაცას ხატავს, გგონია გამორთულია და არ ისმენს, მაგრამ რაც უნდა ჰკითხო, პასუხი მზად აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ის არის ჩემს ცხოვრებაში. როგორც თანატოლები, ისე ვართ. საოცარი, განათლებული, ჭკვიანი, კარგი პედაგოგი, ამასთან შესანიშნავი ორგანიზატორია. ამოდენა ფესტივალის ორგანიზატორობა არ არის ადვილი, ამას განსაკუთებული ნიჭი სჭირდება. მან და მისმა მეგობრებმა კიდევ ერთი საინტერესო, კარგი სტუდენტური ფესტივალი დააფუძნეს – „ლიმონი“. არ მიჭირს მასთან ურთიერთობა, მიჭირს მასზე საუბარი. დღეს მთელი ქალაქი უდგას მას გვერდით. მჯერა, ის დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად და გააგრძელებს თავის საქმიანობას.
აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:
გიორგის პორტრეტები კარიკატურასა და აკადემიურ მხატვრობას შორის მოქცეული ფანტასტიკური ჩანახატებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბსოლუტურად პროფესიონალია. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარია ჩემი პორტრეტი, რომელიც ძალიან მინდოდა ჩემთან დამეტოვებინა და მოხვდა ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც დღესაც „მლანძღავს“ . მართლა სერიოზული ნამუშევარია. ძალიან მაღალი დონის ნახატები აქვს შექმნილი. ხშირად გვითქვამს მე და გიორგი მასალკინს, რომ რასაც ეს ორი მეგობარი აკეთებს, ასეთ გრანდიოზულ ფესტივალს, არ არის ადვილი. ეს ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის ისტორიაა. ეს არ არის მარტო ფილმების ჩვენება, ეს არის ადამიანების შეხვედრა. აქ ჩამოსულები იყვნენ ოთარ იოსელიანი, გია ყანჩელი. . . მათთან ერთად ყოფნა ხომ დიდი ბედნიერებაა. . . გიორგი გოგიბერიძე ჩვენი დღევანდელობაა, მჯერა, ის მუდამ ჩვენთან ერთად იქნება. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო მას.
დავით თედორაძე, პოეტი:
მეამაყება ის თანადგომა, რომელიც ქალაქმა გიორგისა და მისი შემოქმედების გადასარჩენად გამოხატა. წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და მაქვს მის მამასთან – გენოსთან, რომელიც შესანიშნავი ხელმძღვანელი, პედაგოგი, თამადაცაა და ყოველთვის ამშვენებდა ჩვენს ქალაქს, შვილიც შესანიშნავი ჰყავს – ჩვენი ქალაქის სიამაყე. მისი ნახატები ამ სახით პირველად ვნახე და გულწრფელად ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდი. საერთოდ, მისი შემოქმედებით ვარ აღფრთოვანებული. არ არის ასეთი ფესტივალის ჩატარება ადვილი, ურთულესია. მას გვერდით ედგა ზვიადი, რა თქმა უნდა, და მეგობრები, მაგრამ ძირითადი სიმძიმე მასზე გადადიოდა, თუმცა ბრწყინვალედ უმკლავდებოდა და უმკლავდება კიდევ. გამოჯანმრთელობა მინდა ვუსურვო მას და ჩვენი ქალაქი მინდა დავლოცო, რომელიც ყოველთვის თანადგომის მაგალითია.
ქეთინო გიორგაძე, პოეტი:
ხშირად ვსტუმრობდი გოგიტას ბებია-ბაბუის სოფელში. ეს შინაგანი ინტელექტი მათგან მოდის. სკოლაში პიონერხელმძღვანელად როცა დავიწყე მუშაობა, პედაგოგადაც ვმუშაობდი, ქართულს ვასწავლიდი, გოგიტა იყო ძალიან დინჯი, მაგრამ. . . ერთ ღამეს დავშალეთ პიონერთა ოთახი და დავაწერეთ „სამრეკლო“. . . ეს ადამიანები ქმნიან ქალაქის ისტორიას, დიდხანს მინდა იყოს და ქალაქს ალამაზებდეს.
თამარ გუდავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
მას აქვს ადამიანებში უკვე ნაკლებად შემორჩენილი მადლიერების გრძნობა. მას აქვს გამორჩეული აღქმა, ადამიანური, მადლიერებით სავსეა ყველაფრის მიმართ. გიორგი ძალიან დიდხანს უნდა იყოს ჩვენ გვერდით, რადგან ის ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს. მხარდაჭერა, რომელსაც მთელი ქალაქი იჩენს მის მიმართ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჯანმრთელობას ვუსურვებ!
ვლადიმერ ტატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი:
აჭარის ტელევიზიით ვადევნებდი ამ ფესტივალს თვალყურს. შემდეგ აქ გავიცანი უფრო ახლოს და ვხედავ, თუ რა ნიჭის მქონეა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, მასთან ბევრ საინტერესო პროექტზე გვქონდა საუბარი და მჯერა, რომ ამ ყველაფერს ფრთებს შევასხამთ. გარდა ამისა, მან ტელევიზიას შეუქმნა უნიკალური კოლექცია საავტორო ფილმების, რომელიც მისივე გადაცემაში „თეთრი კვადრატი“ გადის.
თემურ კახიძე, ბათუმელი:
მადლობა გოგას, რომ არის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქალაქში, რომ მან თავისი სიტყვა თქვა და კიდევ იტყვის. ჩვენ ხშირად საბოლოო პროდუქტს ვაფასებთ, ვაღიარებთ, მაგრამ გვავიწყდება მოფერება იმ პირველწყაროსი, რომელმაც შექმნა ეს პროდუქტი. გოგამ თავისი სიტყვა საქმით თქვა. ის ძალიან საინტერესო ადამიანია არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრისთვის. ქალაქური ვალი გვაქვს მის წინაშე, რადგან წარმატებულია და სხვებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული ისეთი, რასაც შეუძლია მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. გოგამ აქამდე თავისი სიტყვა თქვა და ახლა ჩვენ გვაქვს სათქმელი ჩვენი სიტყვა.
ქარდა ქარდუხი, მწერალი:
– დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ რეალურად წიგნით გავიცანი. გამორჩეული ადამიანია, ისეთი, რომელიც ბათუმს კოლორიტს, ფერს აძლევს. თუ ამ ქალაქში არაფერს წარმოადგენ, მაშინ არსად არაფერი ხარ. გოგა ის ადამიანია, რომელიც ამ ქალაქიდან საქართველოს წარმოაჩენს. ურთიერთობები, რომელიც ,,ბიაფით“ ჩამოყალიბდა, არ არის მხოლოდ მათი, ის ყოველთვის ამ ქალაქთან, ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ისინი ამ კინოფესტივალით ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. არადა, რამდენი შრომა უნდა ასეთი ფესტივალის ჩატარებას, რამდენ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, რომ ეს გამორჩეული ფესტივალი კარგად ჩატარდეს. ჩვენი ურთიერთობის მესამე ფაზა ნადირობით დაიწყო. ნამდვილი მონადირე არაფერს უშავებს ბუნებას და გოგა ამის საუკეთესო მაგალითია. მჯერა, ის აუცილებლად დაამარცხებს ამ დაუპატიჟებელ „სტუმარს“.
– ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ონლაინ მეძლევა საშუალება, ვიყო თქვენთან ერთად. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას – ნაცნობს, უცნობს, მთელ საქართველოს დახმარებისთვის, თანადგომისთვის, რასაც ვგრძნობ. ამ ორი თვის განმავლობაში სხვანაირად შევხედე სამყაროს. დავალებული ვარ მთელი ქალაქისგან და შევეცდები გადავიხადო, – უთხრა შეკრებილთ გიორგი გოგიბერიძემ, რომელიც სალონურ საღამოს სკაიპით ჩაერთო.
Pპ.ს. გიორგი გოგიბერიძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

