ეკა ჩავლეიშვილი ნომინაციაზე – ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი
გუშინ სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ძირითად საკონკურსო სექციაში უკვე საკმაოდ გახმაურებული ქართული მხტვრული ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ აჩვენეს, რომლის რეჟისორი ელენე ნავერიანია, ხოლო ქალის მთავარ როლს (ეთერო) ბათუმელი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს. უნდა ითქვას, რომ ეს კანის შემდეგ მეორე საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელზეც აღნიშნული ფილმის ჩვენება გაიმართა, თუმცა ამჟამად „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ორ ნომინაციაზეა წარდგენილი: ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის – ეკა ჩავლეიშვილი და მთავარ პრიზზე – ფილმი. გაიმარჯვებს თუ არა „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ერთ-ერთ ან ორივე ნომინაციაში, 18 აგვისტოს გახდება ცნობილი, რადგან სწორედ ამ დღეს შედგება პრიზიორთა დაჯილდოება. ფესტივალს ფილმის გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი ესწრება: ელენე ნავერიანი, ეკა ჩავლეიშვილი, ქეთი დანელია და შვეიცარიელი პროდიუსერი ტომასი.
მათ საერთაშორისო ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს, რითაც ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. როგორც ეკა ჩავლეიშვილმა გვითხრა, ამგვარად მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართულ კინოში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ კინო ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფალი უნდა იყოს.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ამ ფილმით მშობლიური ქალაქის მაყურებელთან შეხვედრას, ეკა ჩავლეიშვილმა გვიპასუხა: „მთელი მსოფლიო რომ მოიაროს ჩვენმა ფილმმა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბათუმური პრემიერა იქნება“.
სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ორი ქართული ფილმის (დოკუმენტური) საკონკურსო ჩვენება გაიმართება: ანა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტის ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.

