„ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი და ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.
„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების მანძილზე, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორედ ვიზიტი ისრაელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხია განსახილველი, ბევრია დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის. ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში, კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა ისევე, როგორც რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ისრაელი არის მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ პრემიერის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტზე საუბრისას.

