შოვი – მორიგი დაპირისპირებების მიზეზი
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
შოვის ტრაგედია, როგორც არაერთი სხვა საკითხი ჩვენს ქვეყანაში, განსჯისა და დაპირისპირების თემად იქცა. ცხადია, ყველა თანხმდება, რომ უდიდესი ტრაგედია მოხდა, მაგრამ შეკითხვებზე – ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მეტი ადამიანის გადასარჩენად, რა პრევენციული ზომები უნდა მიეღოთ შესაბამის სამსახურებს და მიიღოს ამის შემდეგ მაინც, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები, რადიკალურად განსხვავებულად პასუხობენ ჩვენი პოლარიზებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები. აზრთა სხვადასხვაობისა და საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომის მიზეზიც გახდა მმართველი გუნდის რამდენიმე წევრის განცხადებები, რითაც საეჭვოდ მიიჩნევდნენ სტიქიას გადარჩენილი ადამიანების ნაამბობს, ასევე, იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს დროული რეაგირების შემთხვევაში, კონკრეტულად ვერტმფრენის დროულად ჩართვით, შესაძლებელი იყო, სტიქიას მეტი ადამიანი გადარჩენოდა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა 14 აგვისტოს პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა:
„ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა რატომ იყო საჭირო, როცა ის ნაპირი, სადაც იყვნენ, უფრო უსაფრთხო იყო, არ ვიცი. ჩვენ იმავე ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადასამოწმებელია. იმაზე საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ, ცარიელი ტყუილია“, – თქვა მან.
ამ განცხადებას გამოეხმაურა ადრესატი. დავით ჯელაძის თქმით, კობახიძის ნათქვამი მისი მისამართით დიდი შეურაცხყოფაა.
– თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდი, რომ თუ არ დამირეკავდა, ვიღაც გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო. კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი და თავს გადამხდა, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ, – წერს ჯელაძე.
ჯელაძის განცხადებას მოჰყვა ირაკლი კობახიძის სინანულიც, მან მალევე გააჟღერა, რომ ნანობს თავის ნათქვამს.
-პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე დავით ჯელაძეს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი. მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა.გადარჩა ისიც და მისი დისშვილიც, მისი ოჯახი და ამაში არის დავითის დიდი დამსახურება, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას მხარი აუბეს და საკუთარი განცხადებების ფორმულირება შეცვალეს მმართველ პარტიაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ „თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი’’ , კობახიძეს საქციელი მოუწონა და დასძინა, რომ უერთდება მის ნათქვამს და პატიება ითხოვა ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მათი განცხადებების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– რა თქმა უნდა, არავის გვქონია, არც სტიქიის პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არასდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ეროვნული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა ირაკლი კობახიძემ და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც მან გააკეთა და რასაკვირველია, ვუერთდები. მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მისამართით, რომელიც არათუ გადარჩა, არამედ, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა. არც მე და არც ირაკლის არ გვქონია განზრახვა, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ მისი ღვაწლი დავაკნინეთ, – თქვა სარჯველაძემ.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კომენტარებს განცხადებით გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“, სადაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი და დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა.
„დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავარი ღირებულება გახდა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, შოვის ტრაგედიაზე დადგინდეს სიმართლე, ობიექტურად შეფასდეს სახელმწიფოს რეაგირება, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები. ამ მიზნით, ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გაჟღერებამდე, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით დავიწყეთ წინასაგამოძიებო პროცესი და ათეულობით კითხვით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. დღეს, კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს, ხოლო „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მავნებლურ პოლიტიკას – სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს. თუ „ნაცმოძრაობა“ არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ მოევლინება მაშველ რგოლად „ოცნებას“, რის შედეგადაც „ოცნება“ მოახერხებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, „ნაცმოძრაობა“ „ოცნებასთან“ ერთად თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიაზე სიმართლის დადგენის და გაკვეთილის გამოტანის პროცესის ჩაშლის გამო და ორივე ძალას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ადამიანების ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის,- ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შოვის ტრაგედიის ფაქტზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. მისი განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ ხელისუფლების, ყველამ ერთნაირად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხი:
-არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი და იურისტი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ „შოვი არის დანაშაულის ადგილი“
– შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა, შოვი არის დანაშაულის ადგილი. ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე. დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და პროკურატურას მოუწოდებებს, საქმის გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის, ანუ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შეფასებით, კობახიძემ საზოგადოებას ნათლად გულწრფელად აუხსნა მისი განცდა მას შემდეგ, რაც დავით ჯელაძე გაიცნო და ესაუბრა.
„იცით, რა გარემოში გვიწევს მუშაობა – ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია მუდმივად ცდილობენ ჩვენს დადანაშაულებას, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, „ქართულმა ოცნებამ” და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. როცა ამ ფონზე ხელში რაღაც სურათს გაჩეჩებენ, შესაძლებელია ადამიანმა შეცდომა დაუშვა, რაზეც კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა.
სიტყვა „სინანული” მაღალი ღირსების აღმნიშვნელია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი ამას მისგან გადაიღებს და იმ ბევრ ცოდვას მოინანიებს, რომელიც ქართველი ერის წინაშე მიუძღვით.
ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს და ეს კომუნიკაცია იმდენადაც კი ამოიწურა, რომ დავით ჯელაძემ დამატებითი კომენტარების გაკეთება არც კი ისურვა, რადგან ჩათვალა, რომ მისი გმირული საქციელი აღიარებულია არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.

