ველოდით ამ გამარჯვებას – „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგზის პრიზიორია
იმ ბედნიერ შემთხვევაზე მოგახსენებთ, როცა მოლოდინი მართლდება. დიახ, ველოდით, რომ ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ აუცილებლად მოიპოვებდა ჯილდოებს. პირველად იგი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, მეორედ – სარაევოს. და აი, ორივე ნომინაციაში, რომელზეც წარდგენილი იყო, გაიმარჯვა – საუკეთესო ფილმისა და ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (ეთერო – ეკა ჩავლეიშვილი). ქართული კინოს კიდევ ერთ, ცოტა არ იყოს, მონატრებულ, გამარჯვებაში დიდია ბათუმელი მსახიობის ეკა ჩავლეიშვილის წილი, რაც განსაკუთრებულად გვახარებს მის თანაქალაქელებს. ვინ-ვინ და ჩვენ კარგად ვიცოდით (არაერთხელ დავრწმუნებულვართ) ეკას ნიჭიერების შესახებ. ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში მის მიერ შესრულებული როლები ყოველთვის გამოირჩეოდა მხატვრული სახისთვის აუცილებელი შტრიხების სიუხვით, დამაჯერებლობით, საშემსრულებლო ოსტატობით.
ვულოცავთ ნიჭიერ რეჟისორ ელენე ნავერიანს, ეკა ჩავლეიშვილს, ფილმის მთელ შემოქმედებით კოლექტივს ამ გამარჯვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბათუმელებს, როგორც ამ ფილმის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს, მალე მოგვეცემა „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ბათუმში ხილვის შესაძლებლობა.