გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმი კიდევ ერთხელ გაერთიანდა კინორეჟისორის, მხატვრის, ფოტოგრაფისა და ტელეწამყვანის გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად, რომელიც ორი წელია სიმსივნეს ებრძვის. გიორგი ბევრი რამით გამორჩეული ქალაქელია – მან რამდენიმე წლის წინ ბათუმს შესანიშნავი საერთაშორისო კინოფესტივალი – „ბიაფი“ აჩუქა.
მისი მკურნალობისთვის გარკვეული თანხებია საჭირო, რომლის შესაგროვებლად ქალაქში არაერთი ღონისძიება ტარდება. ერთ-ერთი, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ზღვისპირა პარკის საზაფხულო თეატრში ჩატარდა.
საზოგადოებას მხარდაჭერისკენ საღამოს მონაწილე რეჟისორის მეგობრებმა მოუწოდეს. კონცერტის მიმდინარეობისას საქველმოქმედო ტელემარათონიც გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ აჩიკო გოგიტიძე, სოფო ხალვაში, ათინა და ბექა, პოეტი ვახტანგ ღლონტი, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში…
კონცერტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. გაყიდული ბილეთებისა და ტელემარათონის დროს შემოსული თანხა მისი მკურნალობის შემდეგ ეტაპს მოხმარდება. მკურნალობის მორიგი ეტაპისთვის ჯამში 85 ათასი დოლარია საჭირო და ძირითადი თანხა თითქმის არის, თუმცა დარჩენილი თანხის მობილიზება ისევ მიმდინარეობს.
– კონცერტმა კარგად ჩაიარა, იყო ტელემარათონიც. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა, ვინც საღამოსა თუ ტელემარათონში მონაწილეობდა, მადლობა გოგას მეგობრებს, საზაფხულო თეატრის ადმინისტრაციას. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შეგროვდა, დარჩენილის შესაგროვებლად აქციებს კვლავ გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობის პროცესი კარგად ჩაივლის და გიორგი სულ მალე, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, – აღნიშნა მისმა მეგობარმა, კინოფესტივალის „ბიაფი“ მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.
პ.ს. გიორგი გოგიბერიძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ქეთევან ორაგველიძე, მეუღლე

