„თუ არ დავიცავთ კულტურის სფეროს, დიდი გამყინვარება დაგვიდგება”
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება“- ვკითხულობთ კინემატოგრაფისტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 200-ზე მეტი ადამიანი აწერს და ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს. რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. პროტესტი
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც კინოცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა. ამ ცვლილებით განცხადებაზე ხელმომწერები შიშობენ, რომ სახელმწიფო ცენზურას დაუწესებს ფილმებს და პირდაპირ ჩაერევა კინოს დაფინანსებაში.
„ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას. გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„თუ არ დავიცავთ კულტურის სფეროს, დიდი გამყინვარება დაგვიდგება. რაც უნდათ მათ, ეს ნიშნავს კინოს სიკვდილს. ჩვენ ვერ დავთმობთ ამ ყველაფერს, ვერ ვაჩუქებთ უნიჭო და გაბოროტებულ ადამიანებს – აცხადებს რეჟისორი ნინო ჟვანია.

