აუზში ,,აღნიშნული კაბელები არ იყო საფრთხის შემცველი“
ნანა აბულაძე 577 20 35 90
სოციალურ ქსელებში, და არამარტო, ხშირად გვინახავს შეშფოთებული ადამიანების სტატუსები თუ განცხადებები, რომლებიც შესაბამის სამსახურებს მიმართავენ და უსაფრთხოების ამა თუ იმ ნორმის დარღვევის გამო, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. სამწუხაროდ, იმის არაერთი ფაქტი არსებობს, როგორ შეიწირა ერთი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის თუ კონკრეტული სამსახურის გულგრილობამ ადამიანის სიცოცხლე. 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აუცილებელია შესაბამისმა სამსახურებმა გადაამოწმონ ყველა ელექტროგაყვანილობა, სადაც შესაძლოა ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი, რათა თავიდან ავიცილოთ ელექტროტრავმა თუ სხვა სახის დაზიანებები, ან უარეს შემთხვევაში, გარდაცვალება.
გაზეთი „აჭარა“ ეხმიანება ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ე.წ ფეისბუქსტატუსს, რომელსაც ფოტოსთან ერთად აქვეყნებს და წერს, რომ ხელოვნების მუზეუმის ეზოში არსებულ შადრევანში ღიად ჩანს ელექტროსადენები. მოქალაქე იქვე სვამს კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ეს და მით უფრო მაშინ, როცა იქ დღის განმავლობაში ბავშვები სეირნობენ, თამაშობენ და წყალში ყოფენ ხელს.
მოქალაქის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს და ამბის შესახებ კითხვა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დავუსვით, სადაც გვიპასუხეს, რომ ფაქტზე უკვე მოახდინეს რეაგირება, თუმცა იქვე დასძინეს, რომ აღნიშნული კაბელები არ იყო საფრთხის შემცველი: „აღნიშნულ შადრევანში არსებული სადენი არის წყლის დონის დამცავი, რაც არ არის დენის გამტარი და შესაბამისად, არ წარმოადგენს საშიშროებას“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში.

