რამაზ ჯინჭარაძე: ტელევიზიების კამერების წინ ნუ გავხდებით სხვანაირები
მანანა ტაკიძე 577 10 15 17 –
– სამწუხაროდ, ქალაქის მერს, ბატონ არჩილ ჩიქოვანს, კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება არ მიეცა. შეიძლება მე ზოგიერთები არ მცემდეთ პატივს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს ამომრჩეველს პატივი არ სცეთ, რომლებმაც თავის დროზე ნდობა გამოგიცხადათ. ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, ვიყოთ კოლეგიალურები, როგორც ქუჩაში ვხვდებით ერთმანეთს, ისე შევხვდეთ აქაც და წავიყვანოთ საკრებულოს სხდომები. ტელევიზიების კამერების წინ ნუ გავხდებით სხვანაირები. ეს არის ჩემი თხოვნა, ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ განახლებული სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მოძრაობა „ხალხის ძალას“ წარმომადგენელმა ნინო ცხვარაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნოდარ დუმბაძეს, გაზეთ „აჭარაში“ მუშაობის პერიოდში, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიების შესახებ გამოქვეყნებული მასალის ქსეროასლი წარუდგინა, რითაც შეეცადა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ ნამდვილად იყო დაინტერესებული ამ თემით ჟურნალისტობის პერიოდში, რასაც, შესვენებამდე, სხდომის მიმდინარეობის პერიოდში კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. საკრებულოს განახლებულ სხდომას ქალაქის მერი აღარ დასწრებია.
დეპუტატებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და დაამტკიცეს. საკრებულომ მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით, საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ბათუმის მერია 100 ოჯახს ჯავახიშვილის ქუჩა №82-ში, ბინებს გადასცემს. ბენეფიციარებს საცხოვრებელი, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ, 20 წლის ვადით გადაცემათ.
სხდომაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და აუქციონის პირობებისა და ჩატარების პროცედურის დადგენის შესახებაც იმსჯელეს რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი 8 მილიონ 020 424 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7 300 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი, ეკლესია-მონასტრებისა და გიმნაზიების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაეცა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებების პროექტებში ცვლილებები შპს „სქაი ბათუმი“-სთვის და შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსის“-თვის, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ ცვლილებები შპს „დდ გრუპ 2022“-სთვის და შპს „ინვესტ ჯგუფის“-თვის განისაზღვრა.
დეპუტატებმა, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N#№117 ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე სასწავლო დაწესებულების მშენებლობისთვის კოეფიციენტის გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ს. ზუბალაშვილის ქ. N#№18 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ბათუმის საპატიო მოქალაქის, „ბათუმელების“ დარბაზის დამფუძნებლის, ანსამბლ „არსიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფა განთავსდება. ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს „ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ჯილდო და „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.
საკრებულომ, დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელა და დაამტკიცა.

