მუზეუმი – ახალგაზრდების მეტი ჩართულობისთვის
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
ხელოვნების მუზეუმი დღითი-დღე, ყველა თაობის დამთვალიერებლისთვის, საინტერესო და საყვარელ სივრცედ იქცა. იქ გამართული აქტივობები, გამოფენები, ერთნაირად სასიამოვნოა როგორც დიდების, ასევე პატარებისთვის. ხელოვნების მუზეუმის მმართველის, თენგო დოლიძის თქმით, ყველა ძალისხმევას დებენ იმაში, რომ სამუზეუმო ცხოვრებაში გაზარდონ ახალგაზრდების ჩართულობა, რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს “მუზეუმის მოყვარულთა კლუბის” გააქტიურებას.
ამჯერად, მუზეუმმა ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გამართა, რომელზეც მუზეუმის გიდმა, ირინა სტურუამ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის შემოქმედების მრავალფეროვნებაზე ისაუბრა. ლექციის სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მხატვრის განვლილ გზაზე, რომელიც სავსეა საინტერესო ცნობებითა და ფაქტებით. ლექციის დასასრულს ახალგაზრდებმა თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დასძინეს, რომ მათთვის, ყოველ ჯერზე, ხელოვნების მუზეუმში სტუმრობა რაღაც ახლის მიგნებისა და შემეცნების საწინდარი ხდება. ვიზიტორებმა ასევე დაათვალიერეს მუზეუმის გალერეაში გამოფენილი თვითნასწავლი მხატვრის, ნინა ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენა “ქალთა სახეები”, რომელიც ქალის ბუნებას, ხასიათის სიძლიერესა და ბრძოლისუნარიანობას წარმოაჩენს.