მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები არ ჰყოფნის
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„ქართული ოცნების“ განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ცირკი გრძელდება, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი რეალურ პოლიტიკურ პროცესებს ვერ ახორციელებს და ამისთვის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს ქმნის. ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს„ქართულმა ოცნებამ“ პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება. წარმოუდგენელია, რომ„ქართულმა ოცნებამ“მისი ფინალამდე მიყვანა შეძლოს“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ და ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელონ მმართველ გუნდთან, რადგან „ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის“.
მმართველ პარტიას გადაწყვეტილება მოუწონა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც თავისი პოზიციის გასამყარებლად ქართული ანდაზა მოიშველია და სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა:
„იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც არაერთხელ დაარღვია და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაც მოინდომა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით. კონსტიტუციის დარღვევა იმდენად თავხედური იყო, რომ ამის რეაგირების გარეშე დატოვება კონსტიტუციისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იქნებოდა“, – თქვა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა რადიკალიზმში ოპოზიციასაც კი გადაასწრო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მიზეზად კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა დაასახელა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ამ საკითხის დაყენება ცხადყოფს, რომ ისინი უფრთხილდებიან საქართველოს კონსტიტუციას.
„ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ საკითხი ეხება იმას, განზრახ დაირღვა თუ არა ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი – წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და ამაზე უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არათუ ხელს შეუშლის, არამედ, პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპელობა და არა პირიქით – ის, რომ კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება. ამას საერთო არაფერი აქვს ევროპისკენ მისწრაფებასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება „გააზრებული ნაბიჯია ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ“. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი საფრთხესაც კი უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს:
„რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს ვიღაც რატომ აყენებს საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და პირადად მეც დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი?“, – აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არა მარტო საქართველოში, ევროპარლამენტშიც გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა მმართველი გუნდის აღნიშნულ ქმედებას აბსურდული უწოდა:
„ეს არის სრულიად აბსურდული ნაბიჯი. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს ევროპარლამენტარი.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება“. მიხაილ როტიმ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტს და დასძინა, რომ ის არის ნამდვილი ევროპელი ლიდერი.
„ეს პოლიტიკური ვირეშმაკობაა“, – წერს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და იქვე განმარტავს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას არა შინაარსობრივი, არამედ პოლიტიკური განზომილება აქვს. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა კი არა, თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია კონსტიტუცია, როცა პრეზიდენტს ვიზიტები აუკრძალა: „ ვიზიტების აკრძალვა თავის მხრივ იყო კონსტიტუციის დარღვევა, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუწყოს“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს იმპიჩმენტთან დაკავშირებით არცერთ პარტიასთან კონსულტაციები არ ექნება:
„ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჰქონდა მმართველ პარტიას დარჩენილი. როცა სახეზეა საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით მოხელმძღვანელე გუნდს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, არ რჩება. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაუჭირონ ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი. „ქართულ ოცნებას“ ამისთვის ხმების საჭირო რაოდენობა არ აქვს და მიუხედავად ამისა, როგორც აცხადებენ, არცერთ პარტიასთან კონსულტაციებს არ აპირებენ.

