ჟოზეფ ბორელი საქართველოშია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი.
ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ჟოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ რაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაგეგმილია პრესკონფერენცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრების დროს საუბარი იქნება გაფართოებაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, გეოპოლიტიკაზე, რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
,, უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ”, – აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციაში.
დღეს საღამოს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

