ბატარეა – არცთუ ისე უწყინარი ნივთი…
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
დღეს ყველაზე „უწყინარ“ ნივთზე მინდა გესაუბროთ, რომელსაც ყველა ოჯახში მოიხმარენ – ესაა ბატარეა, საათის, პულტის, სათამაშოს და ასე შემდეგ. როგორც ბუნების დამცველმა კახა გუჩმანიძემ გვითხრა, „ბატარეა არის სპეციფიკური ნარჩენი, რომლის მართვასაც სპეციალური მიდგომა სჭირდება, შეიცავს მავნე ნივთიერებებს და მისი გარემოში მოხვედრა მავნებელია როგორც ეკოსისტემისთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
უფრო კონკრეტულად კი ელემენტები სახიფათო ნარჩენია. ის შეიცავს ისეთ საშიშ ქიმიკატებს, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი, თუთია, ლითიუმი და ვერცხლისწყალი. ნაგავსაყრელებზე ან ბუნებაში არსებული ეს ქიმიკატები შეიძლება თანდათან შეერიოს ნიადაგს, მიწისქვეშა წყლებს და იქცეს საფრთხედ სოფლის მეორნეობის, ცხოველების და, რა თქმა უნდა, ადამიანებისათვის. როდესაც ელემენტებს სხვა ნარჩენებთან ერთად წვავენ, გამოიყოფა ყველა ეს საშიში ქიმიკატი და განიბნევა ატმოსფეროში, შეიძლება აფეთქდეს კიდეც, რაც საფრთხეს შექმნის ნარჩენების დასაწვავი ნაგებობისა და გარშემო მყოფი ადამიანებისათვის. 1 გამოყენებული ელემენტი აბინძურებს 20 კვადრატულ მეტრ ნიადაგს და 400 ლიტრ წყალს. ამასთან იგი შეიცავს ნიადაგის ისეთ არაგანახლებად, ამოწურვად ელემენტებს, რომლებიც შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ სხვა პროდუქტების, მათ შორის, ახალი ელემენტების წარმოებისათვის. მაგალითად, 100 ელემენტისგან შეიძლება დამზადდეს 100 ფანქარი (ხის დამატებით), 1 კგ გამანოყიერებელი ან სპილენძის 3 ყავის სახარში.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-9 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ამ პროდუქტის ბაზარზე განმთავსებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.
როგორ ხდება ელემენტის შეგროვება და შემდგომ მისი გადამუშავება? ამ საკითხზე ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს მივმართეთ. ირინა ბერიძის თქმით, ელემენტების შეგროვებაზე პასუხისმგებელია ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
როგორც „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციაში“ გვითხრეს, ამჟამად აჭარაში ბატარეები და მწყობრიდან გამოსული ელქტრომოწყობილობები გროვდება „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალებში: გორგილაძის 94, ჭავჭავაძის 78/88 და ფრიდონ ხალვაშის 20 ბ (აუთლეტი).
„ამ შემოდგომაზე ჩვენი სხვა პარტნიორების მაღაზიებში (ალტა, ბეკო, ზუმერი, სუპერი, კარფური, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები) განთავსდება ბატარეების და მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობების ყუთები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, განათავსოს აღნიშნული ნარჩენები. ჩვენი ასოციაცია არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომელიც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად, ავტორიზებულია შემდეგი ნარჩენების მართვაზე: მეორადი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრომოწყობილობების ნარჩენები, აკუმულატორები და ბატარეები. ასოციაციის წევრია 9500 იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია, რომელთაც საქართველოში შემოაქვთ, აწარმოებენ და ბაზარზე განათავსებენ აღნიშნულ პროდუქციას. ასოციაციის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ჩაბარების პუნქტები, რათა ეფექტურად მოხდეს ზემოთ ნახსენები ნარჩენების შეგროვება. შეგროვებული ნარჩენები გადაეცემა ასოციაციის კონტრაქტორ კომპანიებს, რომელთაც გააჩნიათ მათი გადამუშავებისა და რეციკლირების ნებართვები და გარემოსდაცვითი სტანდარტებით ახდენენ აღნიშნულ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მიზანია, რომ სპეციფიკური ნარჩენები, რომლებიც სახიფათო კომპონენტებს შეიცავს, არ მოხვდეს გარემოში და არ შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე, ამავე დროს, ღირებული რესურსი, რომელიც მათი გადამუშავების შედეგად მიიღება, კვლავ დაუბრუნდეს მწარმოებლებს ხელახლა გამოყენების მიზნით, რაც ცირკულარულ ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ცნობიერება სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე, მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ამ ნარჩენების არასწორი განთავსება, უკონტროლო გამოყენება და გარმოში მოხვედრა. რაც შეეხება ბატარეებს, ჩვენი ასოციაციის ამოცანაა, 2023 წელს შევაგროვოთ 20 ტონა, რომლის დახარისხება, შესაბამისი შეფუთვა და დასაწყობება მოხდება საქართველოში. ბატარეები გადასამუშავებლად გაიგზავნება ევროპაში, შესაბამისი პროფილის საწარმოებში. სამწუხაროდ, ბატარეების გადამუშავება საქართველოში არ ხდება. ამჟამად დაახლოებით 10 ტონა ბატარეა უკვე შეგროვებული გვაქვს და წლის ბოლომდე ვგეგმავთ ერთი ამდენის შეგროვებას“, – გვითხრა ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ წარმომადგენელმა გიორგი გულიაშვილმა.